სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფმა საქართველოს მორაგბეთა A ნაკრებმა სამ აპრილს მეორე მატჩი გამართა და კვლავ იმარჯვა. ქართველმა მორაგბეებმა ამჯერად სტელენბოშის სარაგბო აკადემიის 21-წლამდელთა ნაკრებთან სარაგბო ფესტივალის ეგიდით მიმდინარე ტურნირზე ითამაშეს და მეტოქე 20:10 დაამარცხეს. ლელოები ირაკლი ყიასაშვილმა და მამუკა ნინიძემ გაიტანეს, რასაც ყიასაშვილმა 2-2 საჯარიმო და გარდასახვაც დაუმატა და ჯამში ნაკრებს 15 ქულა შესძინა.
ამრიგად, ყიასაშვილმა, რომელმაც პირველ ტესტ-მატჩში (სადაც საქართველოს A ნაკრებმა სტელენბოშის 20-წლამდელთა გუნდი 41:20 დაამარცხა), ნაკრებს 11 ქულა მოუტანა, ახლა მონაგარი კიდევ უფრო გაზარდა და ნელ-ნელა, ის, გუნდის ლიდერად ყალიბდება.
მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, ქართველები ყიასაშვილის ზუსტი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, რასაც სტელენბოშელთა ლელო და გარდასახვა მოჰყვა, ყიასაშვილის კიდევ ერთ საჯარიმოს, მეტოქემ ასევე ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხა და 10:6 დაწინაურდა.
ქართველებმა წინ გასვლა კვლავ "ლელოს" უკანახაზელის შედეგიანი თამაშით შეძლეს, ყიასაშვილმა ამჯერად ლელოც მიითვალა და გარდასახვაც, რასაც მამუკა ნინიძემ კიდევ ერთი ლელო მიუმატა, ყიასაშვილის გარდასახვა კი კვლავ ზუსტი გამოდგა და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 20:10 იმარჯვა.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ოფიციალური საიტი იუწყება, მატჩის შედეგით და საქართველოს A ნაკრების სათამაშო დონით კმაყოფილი დარჩენილა რაგბის კავშირის პრეზიდენტი - გია ნიჟარაძე, რომელიც გუნდს აფრიკულ ტურნეზე ახლავს. ნიჟარაძის განცხადებით, სტელენბოშელთა უფრო დიდი ანგარიშით დამარცხება შეიძლებოდა.
აღსანიშნავია, რომ ნიჟარაძე სტელენბოშის სარაგბო აკადემიასთან და ასევე სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან, ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებას აწარმოებს, რის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ნაკრების საქართველოში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს A ნაკრები, რომელსაც ლევან მაისაშვილი წვრთნის, სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე 24 მარტს გაემგზავრა. გუნდმა საწვრთნელი შეკრება უცხოელი მწვრთნელების მეთვალყურეობითაც გაიარა, ქართველ მორაგბეებს ვარჯიშები სამხრეთ აფრიკის დასავლეთ პროვინციის რაგბის ინსტიტუტის ფეხით თამაშის, დაცვის, ფიტნესისა და შერკინების მწვრთნელებმა ცალ-ცალკე ჩაუტარეს, რაც პორტსმენებისათვის დიდი გამოცდილების მომტანი უნდა იყოს.
ამგვარად, საქართველოს A ნაკრებმა პირველი უცხოური ტურნე შედეგიანად დაასრულა, გუნდი თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ექვს აპრილს გამოემგზავრება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია