ამბები

11:54 | 5.04.2010 | ნანახია 3860 - ჯერ

დაბრუნდა და გააორა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 2008 და 2009 წლებში ქვეყნის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, ტრავმის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა და თამაშს მოწყურებულმა “ალბის” 2 ლელო გაუტანა.
მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში მიღებული 40-დღიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, გორგოძემ სასჯელი პირნათლად მოიხადა და მოედანს რამდენიმე წუთით დაუბრუნდა, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში ტრავმა მიიღო, ეროვნულ გუნდს რუმინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ ვერ დაეხმარა, ახლა კი, სრულად განიკურნა და დაბრუნება დუბლით აღნიშნა. მამუკამ ლელოები მე-14 და 56-ე წუთებზე გაიტანა, მისმა “მონპელიემ” კი აუტსაიდერი “ალბი” 62:17 დაარბია. მწვრთნელმა გორგოძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მეორე ხაზში ათამაშა და არც შემცდარა, საქმის მოთავების შემდეგ კი, 67-ე წუთზე შეცვალა. “მონპელიეს” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩხაიძე განაცხადში ვერ მოხვდა.
“მონპელიე” Top14-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და აუტსაიდერთან მიზნად არა მხოლოდ მოგება, არამედ პრემიალური ქულის ჩაწერაც დაისახა. აქტიურმა დასაწყისმა შედეგი მალე მოიტანა და 60 წამიც არ იყო გასული, მასპინძლები ლელოთი რომ დაწინაურდნენ, მე-5 წუთზე კი მეორე ლელოც მიითვალეს და 10:0 დაწინაურდნენ. მე-14 წუთზე გორგოძემ ტრიბუნაზე შეკრებილი 11 456 მაყურებელი კიდევ ერთხელ გაახარა, თანაც ამ ჯერზე გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა, ხუთ წუთში კი მასპინძლებმა მეოთხე ლელოს გატანაც შეძლეს. 24-ე წუთზე “მონპელიემ” ჯარიმიდანაც იხეირა და 27:0 დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე ლელო, გარდასახვა და ჯარიმა თავადაც მიიღო და ტაიმი 17-ქულიანი უპირატესობით მოიგო. ლელოების ფეირვერკი მეორე ტაიმის დასაწყისში განახლდა - 42-ე და 46-ე წუთებზე მასპინძლებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ორჯერ შეაღწიეს. 54-ე წუთზე თავხედმა სტუმრებმა “მონპელიეს” კიდევ ერთი ლელოთი უპასუხეს, გარდასახვაც გამოიყენეს და ამით გორგოძე გააბრაზეს. ქარ-თველმა ლეგიონერმა “ალბი” ორ წუთში დასაჯა, თამაშის დასრულებმდე კი მისმა თანაგუნდელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს. აქედან პირველი გორგოძის მიერ წამოწყებულ შეტევას მოჰყვა და სპეციალისტებმა ქართველი ლეგიონერი მატჩის გმირად შერაცხეს. ამრიგად, გორგოძემ მიმდინარე სეზონში Top14-ში ლელოთა ანგარიში გახსნა და “ჩელენჯ ქაფზე” გატანილ ორ ლელოს, ორი საფრანგეთის პირველობაზეც შემატა. ახლა “მონპელიეს” 47 ქულა აქვს, მე-10 ადგილამდე აღზევა და გასავარდნ მე-13 ადგილს, რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ოთხი ქულით დაშორდა.
თოპ 14-ის XXIV ტურში კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გამოირჩა, ოღონდ შერკინების პირველხაზელმა დავით ქუბრიაშვილმა მოედანზე ყოფნა ყვითელი ბარათით აღნიშნა. ქუბრიაშვილი, რომელიც საკუთარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში იყო (მიმდინარე სეზონში თოპ 14-ში ჩატარებული 21 მატჩიდან 18 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე მთლიანობაში 1269 წუთი გაატარა) და სინბინის გამო გამოტოვებულ 10 წუთს თუ არ ჩავთვლით, სრულად ითამაშა. საქართველოს ეროვნული გუნდის პირველხაზელს 24 წელი ახლახანს, 12 მარტს შეუსრულდა და ალბათ ახალგაზრდობის და გამოუცდელობის ბრალი უნდა იყოს, საფრანგეთის პირველობის მიმდინარე სეზონში ყვითელი ბარათი მესამედ რომ დაიმსახურა.
“ტულონი” “ბაიონს” მასპინძლობდა და მე-4 წუთზე გაშვებული ჯარიმით მდევრის როლში აღმოჩნდა, მაგრამ ორ წუთში ჯონ უილკინსონმა ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა. კიდევ ხუთ წუთში კი ინგლისელმა ჯარიმითვე მასპინძლები დაწინაურა. “ბაიონი” აუტსაიდერთა შორისაა, “ტულონს” კი საჩემპიონო ფლეი ოფი განადებული აქვს და ახლა რეგულარულ პირველობაში პირველ-მეორე ადგილის დაკავებისთვის იბრძვის, რათა ფლეი ოფის საწყის ეტაპზე დასვენების და ძალების მოკრების საშუალება ჰქონდეს. ამრიგად, მას მარტო მოგება კი არა პრემიალური ქულის აღებაც სურდა და პირველ ტაიმში მეტოქეს სამი ლელო გაუტანა, აქედან ერთი რეალიზაცია გამოიყენა, უილკინსონმა ჯარიმაც გაიტანა, მაგრამ ერთი ჯარიმა მისმა გუნდმაც გაუშვა და ტაიმი “ტულონმა” 26:6 მოიგო. დაიწყო მეორე ნახევარი და ქუბრიაშვილმა ოთხ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო, რითაც “ბაიონმა” ისარგებლა და ლელოთი და გარდასახვით სხვაობა შეამცირა. 52-ე წუთზე მასპინძლებს კიდევ ერთი მორაგბე გაუსინბინეს, მაგრამ ამჯერად გაძლეს, შემადგენლობა შეივსეს და 63-ე წუთზე მომხვდურს კიდევ ერთი ლელო უძღვნეს. საბოლოოდ “ტულონმა” 31:13 იმარჯვა და ნანატრი პრემიალური ქულაც მიითვალა. ახლა “ტულონი” 72 ქულით თავისთვის სარეკორდო მე-2 ადგილამდე აღზევდა და თუ რეგულარული პირველობის დასრულებამდე დარჩენილ 2 ტურში ეს პოზიცია შეინარჩუნა, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე დასვენების საშუალება ექნება.
სამწუხაროდ “სტად ფრანსესთან” 10:19 დამარცხდა დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” და რეგულარულ პირველობაში პირველ-მეორე ადგილის დაკავების შანსი გაირთულა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა 74-ე წუთზე შეცვალა. სტუმრები მე-5 წუთზე ლელოთი დაწინაურდნენ და გარდასახვაც გამოიყენეს, მაგრამ “სტად ფრანსემ” წონასწორობის აღდგენა ოთხ წუთში მოახერხა, მე-18 წუთზე კი ლელო და გარდასახვა ერთხელაც გაიტანა და 14:7 დაწინაურდა. “კლერმონმა” ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კიდევ ერთი ლელო გაუშვა და მეორე ნახევარში მდგომარეობა აღარც შეცვლილა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმრები მეტოქეს მაგრად მიაწვნენ, ზირაქაშვილს ლელოს გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ხაზთან შებოჭეს, ქართველმა ბურთი დროულად ვერ გაათავისუფლა და მსაჯმაც ის ჩახურვისთვის დააჯარიმა. “კლერმონმა” პრემიალური ქულაც ვერ აიღო, ჯამში 70 ქულა დარჩა და მეოთხე ადგილამდე დაეშვა.
პრემიალური ქულა კი აიღო, მაგრამ XXIV ტურის ცენტრალურ მატჩში “პერპინიანთან” საკუთარ მოედანზე 11:17 დამარცხდა აქვსენტი გიორგაძის “კასტრი”. ქართველი პირველხაზელის დაშავების შემდეგ, ბოლო ხუთ შეხვედრაში ამ გუნდმა ორი თამაში წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა, შედეგად კი, ერთი ხანობა ლიდერად მყოფი გუნდი 72 ქულით მესამე ადგილამდე დაეშვა. გიორგაძეს მარცხიან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და მისთვის სეზონი სულაც დასრულებულია, მისმა თანაგუნდელებმა კი ტიმი 8:14 დათმეს, მერე ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ 58-ე წუთზე არეკნი მიიღეს და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა.
დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა” “ბურგონს” 25:15 სძლია, თანაც გამარჯვების ოთხს ერთი პრემიალური ქულაც შემატა და საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 59 წუთი გატარა. “ბრივი” ჯარიმით მალევე დაწინაურდა, მერე არეკნი გაუშვა, მე-11 წუთზე კი “ბურგონი” დაჯარიმდა, მსაჯმა მათი მორაგბე გასინბინა და მასპინძლებმაც შესაძლებლობა გამოიყენეს - 6:3. მე-16 წუთზე სტუმრებს კიდევ ერთი მორაგბე გაუსინბინეს, მოედანზე ორკაცნაკლულნი დარჩნენ და “ბრივმაც” ლელო გაიტანა. შესვენებამდე ორი მორაგბე მასპინძლებსაც გაუძევეს და სამი ჯარიმა გაუშვეს, მაგრამ ერთი ლელო თავადაც გაიტანეს და ტაიმი 18:12 მოიგეს. 50-ე წუთზე “ბურგონმა” ჯარიმით სხვაობა კიდევ შეამცირა, მაგრამ 71-ე წუთზე “ბრივმა” ტექნიკური ლელო მიითვალა და გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ Top
14-ში პრემიალური ქულა 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის და მეტოქეზე სამი ლელოთი მეტი გატანისთვის იწერება, “ბრივმა” კი “ბურგონს” სამი ლელო გაუტანა, თავისი ჩათვლის მოედანი კი ხელშეუხებლად შეინახა. ამრიგად, “ბრივს” 57 ქულა მოუგროვდა, “ბიარიცთან” ერთად მე-7-მე-8 ადგილებს იყოფს, საფლეიოფო მეექვსე საფეხურზე მყოფ “მეტრო რასინგს” კი სულ რაღაც სამი ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში “მეტრო რასინგი” და “ბიარიცი” ერთურთს ეთამაშებიან, “ბრივი” კი აუტსაიდერ “ბაიონს” სტუმრობს და წინ წაწევის კარგი შანსი აქვს.
საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე, ერთ დროს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მობურთალი დიმიტრი იაშვილის “ბიარიცმა”, გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანი” 42:13 დაამარცხა. შველიძე თამაშში 47-ე წუთზე ჩაერთო, შეყლაშვილი კი მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. პირველ ტაიმში “მონტობანს” ორი მორაგბე გაუსინბინეს, ერთს კი წითელი ბარათი უჩვენეს. სტუმრები ჯარიმით კი დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე 5 ლელო გაუშვეს, იაშვილმა ყველა რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი 35:3 მოიგეს. თამაშის დასრულებამდე “მონტობანმა” გაიბრძოლა და ორი ლელო გაიტანა, მაგრამ “ბიარიცმა” თავხედობა არ აპატია, თავადაც ლელოთი უპასუხა, იაშვილს გარდასახვა ახლაც არ გაუცუდდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “ბიარიცს” 57 ქულა აქვს და საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის, “მონტობანი” კი 45 ქულით მე-12 საფეხურზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ “ბაიონს” ორი ქულით უსწრებს. სატურნირო ცხრილის გარდა, შველიძისა და შეყლაშვილის გუნდს დაქვეითების საფრთხეს ვალებიც უქმნის და თუ მისი დაფარვა დროულად არ მოხერხდა, ქვედა დივიზიონში გავარდნას ყველა თამაშის მოგებითაც ვერ გადაურჩება.
Top 14-ის XXIV ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, “ტულუზამ” “მეტრო რასინგი” 28:23 დაამარცხა. ახლა ევროტურნირების ფლეი ოფების დრო დგება და ამის გამო, საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის მომდევნო ტურის მატჩები 16-17 აპრილს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09088