ამბები

19:50 | 5.04.2010 | ნანახია 3148 - ჯერ

ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები იტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან თბილისში 5 აპრილს გამთენიისას ჩამოფრინდა. შეგახსენებთ, რომ ჭაბუკმა “ბორჯღალოსნებმა” ფინალურ რაუნდში მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს.
სპორტის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, მორაგბეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური დახვდა და წარმატება მიულოცა.
ლევან მგელაძის გუნდმა იტალიაში რუმინეთი 25:7 დაამარცხა, ნახევარფინალში ირლანდიის ძლიერ ნაკრებთან 11:19 დამარცხდა, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი ბელგიასთან 18:15 იმარჯვა. ევროპის ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრებმა მოიპოვა. ფრანგებმა ფინალში ირლანდიას 27:3 სძლიეს.
დავით ნამგალაური: “ევროპის ჩემპიონატზე ამ ასაკობრივ კატეგორიაში ყოველთვის პოზიციების შენარჩუნებასა და ელიტაში დარჩენას ვცდილობდით. აქამდე საპრიზო ადგილის მოპოვება საოცნებოც კი იყო, ამჯერად კი ფინალში გასვლის კარგი შანსი გვქონდა და საბოლოდ, მესამე ადგილის მფლობელები გავხდით. ნაკრების მწვრთნელებს და გუნდის ყველა წევრს ამ გამარჯვებას ვულოცავ”.
ლევან მგელაძე: “ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ მაღალ დონეზე გამოვედით. ვფიქრობ, ფინალში გასვლაც შეგვეძლო, ნახევარფინალში ირლანდიის ნაკრებს თამაშს ვუგებდით, მაგრამ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მატჩში გუნდის წამყვანი რგოლის მოთამაშეებმა, 9 და 10-მა ნომრებმა ტრავმები მიიღეს, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია”.
გიორგი მისრიაშვილი: “მართლაც განსაკუთრებულ წარმატებას მივაღწიეთ. ევროპის ჩემპიონატზე მთელმა გუნდმა დიდი შემართებით და ერთსულოვნად ითამაშა. მოპოვებული მე-3 ადგილით რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულები ვართ”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079427