ამბები

17:56 | 6.04.2010 | ნანახია 3959 - ჯერ

IRB-მ დღეები დაგვინიშნა

რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB), რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაგეგმილ “ერთა თასს” კურირებს, ტურნირის სათამაშო დღეები ჩამოწერა.
უკვე ცნობილია, რომ IRB-ს “ერთა თასის” 2010 წლის გათამაშებას საქართველოს ეროვნული ნაკრები დაუბრუნდება, რომელმაც გასულ წელს რუმინეთში იმის გამო არ ითამაშა, რომ ოკეანე გადასერა და “ჩერჩილის თასის” გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა.
“ბორჯღალოსნები” ივნისის თვეში სამ შეხვედრას გამართავენ და მეტოქეებს 11, 15 და 20 რიცხვებში გაეჯიბრებიან, მაგრამ თუ ვინ იქნებიან ტიმ ლეინის შეგირდთა მოწინააღმდეგეები მოგვიანებით დადგინდება.
სამაგიეროდ, უკვე ცნობილია იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც ბუქარესტში გასამართ ცხრა შეხვედრას მოემსახურებიან. ესენი არიან მარიუს იონკერი სამხრეთ აფრიკიდან, ბრაიან არჩერო კანადიდან, არუნა რანავერა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ნეილ პატერსონი შოტლანდიიდან.
IRB-ს “ერთა თასი” პირველად 2006 წელს პორტუგალიაში ჩატარდა და მასში მხოლოდ სამმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა - არგენტინის A ნაკრებმა, პორტუგალიისა და რუსეთის ეროვნულმა ნაკრებებმა, გამარჯვება კი არგენტინელებს დარჩათ. მომდევნო წლიდან ტურნირმა ბუქარესტში დაიდო ბინა და მონაწილეთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. 2007 წელს ჩაერთო გათამაშებაში საქართველოს ნაკრებიც და მიუხედავად იმისა, რომ შესუსტებული შემადგენლობით გამოდიოდა, ნამიბიის ეროვნულ და იტალიის A ნაკრებებს სძლია, მომავლის სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა და აფრიკელთა და არგენტინელთა შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. 2008 წელს “ბორჯღალოსნებმა” იტალიის A ნაკრები კიდევ ერთხელ იმსხვერპლეს, ზედ ურუგვაის ეროვნული გუნდი მიაყოლეს, მაგრამ სამხრეთ აფრიკასთან კვლავ დამარცხდნენ და ამჯერად მეორე ადგილს უწიეს.  

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081817