საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა და მოთამაშეებმა იტალიის ქალაქ ტრევიზოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდის გამოსვლა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის საპრესკონფერენციო დარბაზში შეაფასეს.
სანამ უშუალოდ მწვრთნელის და მორაგბეთა ნააზრევს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ 18-წლამდე ასაკი ერთადერთია, სადაც სარაგბო საზომით მეორე დონედ მიჩნეულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, დიდი “ექვსი ერის” ნაკრებებთან ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს ტურნირი ევროპის რაგბის საბჭოს სამ დონედ აქვს დაყოფილი, პატარა “ბორჯღალოსნები” უმაღლეს დონეზე იბრძვიან და მათ მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი პირველი ჯილდოა, რომელიც ქართველმა მორაგბეებმა ამ ასაკში დაისაკუთრეს.
პრინციპში, FIRA-მ მხოლოდ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის მოახერხა მისი ეგიდით ჩატარებული ტურნირების ყველაზე კარგად ორგანიზება. თავი ქართველებმაც არ შეირცხვინეს, მეოთხედფინალში რუმინეთს სძლიეს, ნახევარფინალში ირლანდიას პირველ ნახევარში აჯობეს, მაგრამ საბოლოოდ 11:19 დამარცხდნენ, მესამე ადგილისთვის გამართულ თამაშში კი ბელგიასთან, რომელიც ფაქტობრივად საფრანგეთის A ნაკრები იყო, ქართველებმა 0:15-ის შემდეგ თამაშის შემობრუნება შეძლეს და შეხვედრა 18:15 მოიგეს. მნიშვნელოვანი ფაქტები - საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრებმა, განვლილ სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დაიმსახურეს ყვითელი ბარათი. მენეჯერთა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ელგუჯა სურგულაძე რუმინელებთან მატჩში პროვოკაციის მსხვერპლი გახდა და ტურნირის ორგანიზატორებმა ქართველებს სუფთა თამაში მოუწონეს. ამასთან, იგივე მენეჯერების შეხვედრაზე საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა მატჩი საუკეთესოდ დაასახელეს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, საქართველოს A ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, 18-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობა და მოთამაშეები ახლაღა ნახა და მათ წარმატებას ისტორიული უწოდა.
“18-წლამდელთა ნაკრების მიერ მესამე ადგილის დაკავება ისტორიული მოვლენაა, იქ ხომ “ექვსი ერის” სამი წარმომადგენელი - საფრანგეთი, ირლანდია და იტალია გამოდიოდა. მადლობა მწვრთნელებს და ბიჭებს, რომლებმაც მაღალი დონის თამაშები აჩვენეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ მითხრა, რომ ამ შემადგენლობიდან 7-8 მორაგბეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის პოტენციალი აქვს. აუცილებელია, გუნდს პერიოდულად მოვუწყოთ შეკრებები, რათა წარმატებები უფრო თვალსაჩინო გახდეს. ბევრის მანიშნებელია ის ფაქტი, რომ ბელგიის ნაკრებთან პრაქტიკულად წაგებული შეხვედრის შემობრუნება მოხერხდა. უნდა მოვიძიოთ ფინანსები, რათა 18-წლამდელთა ნაკრებს საქართველოში მაინც პერიოდული შეკრებები მოვუწყოთ, გუნდი გაიზარდოს და უფრო დიდი წარმატებებიც აუცილებლად იქნება. ამ მორაგბების ზრდაზე სერიოზულად ვიმუშავებთ. დავჯდებით მწვრთნელებთან ერთად და გადაწყვეტილებასაც მას შემდეგ მივიღებთ” - თქვა ნიჟარაძემ.
პრეზიდენტის შემდეგ სიტყვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ აიღო და ევროპის ჩემპიონატის განვლილი პერიპეტიები გაიხსენა.
“სანამ ევროპის ჩემპიონატი დაწყებოდა, მესამე ადგილის დაკავებაზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო, მაგრამ მიზანი მიღწეულია და ფაქტია, ფინალში გასვლის შანსი გვქონდა. მაგრამ გამოუცდელობამ და ტრავმებმა მეტის გაკეთების შესაძლებლობა არ მოგვცა. იტალიაში გამგზავრებამდე საფრანგეთში “ტულონთან” ამხანაგური თამაში გავმართეთ და სელექციონერებს ჩვენი მოთამაშეები ძალიან მოეწონათ. ახლა ხელმძღვანელობასთან ერთად გადავწყვეტთ, დავრჩები 18-წლამდელთა ნაკრებში თუ ამ ბიჭებს გავყვები და 19-წლამდელთა გუნდს ჩავიბარებ. ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ასეთი ნიჭიერი ნაკადი არასდროს გვყოლია” - განაცხადა მგელაძემ.
პრესკონფერენციას სამი მორაგბეც ესწრებოდა, სამივე თბილისის “აკადემიის” აღზრდილი და ყველა მათგანმა ევროპის ჩემპიონატზე ლელოს გატანა შეძლო.
ლაშა ლომიძე: “ამ ტურნირზე უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. სამივე შეხვედრა ისე ჩავატარეთ, რომ ერთ მუშტად ვიყავით შეკრული და ამან შედეგიც მოიტანა”.
ლევან გოგოლაშვილი: “სამწუხაროდ, ნახევარფინალში ირლანდიასთან წაგებულ შეხვედრაში წამატების ბოლომდე ვერ ვირწმუნეთ და საბოლოოდ მარცხი განვიცადეთ. სამაგიეროდ, ბელგიასთან სრული კონცენტრირება მოვახერხეთ და თითქმის წაგებული შეხვედრა შემოვაბრუნეთ”.
მერაბ შარიქაძე: “პრინციპში სამივე თამაში მძიმე გამოდგა, განსაკუთრებით კი რუმინეთთან პირველ მატჩში გაგვიჭირდა. ირლანდიასთან ვინერვიულეთ, გამოცდილება დაგვაკლდა და მოსაგები შეხვედრა დავთმეთ, ბელგიასთან კი მეორე ტაიმში ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვება მოვახერხეთ. მეტის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ “ექვსი ერის” მონაწილე ქვეყნების ნაკრებები ხელით თამაშში და ტექნიკაში გვჯობნიან. ისინი ბევრად სწორ რაგბს თამაშობენ, რასაც მწვრთნელები კი გვარიგებდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ, ახლა კი ზუსტად ვიცით რაზე უნდა ვიმუშაოთ”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია