ამბები

19:31 | 8.04.2010 | ნანახია 3786 - ჯერ

სამხრეთ აფრიკა ქართული რაგბის სამსახურში

საქართველოს მორაგბეთა A ნაკრებმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ორკვირიან შეკრებაზე იმყოფებოდა და სტელენბოშის აკადემიის 20 და 21-წლამდელთა გუნდები დაამარცხა, ქართულ რაგბის უდიდესი სამსახური გაუწია. ყოველ შემთხვევაში, ამაში დარწმუნებული არიან საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, A ნაკრების თავკაცები და მოთამაშეები.
ლევან მაისაშვილისა და ნიკოლოზ ჭავჭავაძის შეგირდებმა, 2007 წლის მსოფლიო თასის მფლობელ ქვეყანაში, ყველასათვის ცნობილი სარაგბო მექის, სტელენბოშის გუნდები ჯერ 41:20, მერე კი 20:10 დაამარცხეს. შედეგად, აფრიკულმა მხარემ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელ გია ნიჟარაძესთან მოლაპარაკება გამართა და სამომავლო თანამშრომლობა გააფორმა, რომელიც უვადო იქნება და ქართული რაგბის განვითარებას მნიშვნელოვნად წადგება.
სამხრეთაფრიკულ ვოიაჟზე ნიჟარაძემ, მაისაშვილმა, ნაკრების კაპიტანმა ზვიად მაისურაძემ და ვიცე-კაპიტანმა ლექსო გუგავამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
გია ნიჟარაძე: “საქართველოს A ნაკრებს დებიუტი გასული წლის მიწურულს ჰქონდა, მაგრამ მისთვის სამხრეთ აფრიკის ტურნეს მოწყობა ძალიან რთული აღმოჩნდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ეს მაინც მოხერხდა. ქართველთაგან წარმატებულ თამაშს არავინ ელოდა, მაგრამ ბიჭებმა საკუთარი გარჯით აფრიკელებს ის ნაბიჯი გადაადგმევინეს, რასაც ჩვენთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ჰქვია. შევთანხმდით, რომ საქართველოს A ნაკრები წელიწადში ორჯერ, მარტ-აპრილში და ნოემბერ-დეკემბერში სტელენბოშის უნივერსიტეტის ბაზაზე ორკვირიან შეკრებებს გაივლის. ამასთან, იქ გაემგზავრებიან ქართველი მწვრთნელები და სპეციალისტები, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორები მოამზადებენ. ამასთან, აფრიკელი ინსტრუქტორები თვე-თვენახევრით თბილისს ეწვევიან და ქართულ კლუბებთან იმუშავებენ. ქართველ ახალგაზრდა მორაგბეებს, გარკვეული პერიოდით სტელენბოშის უნივერსიტეტში მივავლენთ სასწავლელად. დამიჯერეთ, ყველაფერი ეს დაახლოებით ორ წელიწადში უზარმაზარ შედეგს მოიტანს და 2015 წელს, ოცნება, რომ მსოფლიო თასზე 12 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდეთ, რეალობად იქცევა.
რაც შეეხება ახლანდელ შეკრებას, ადგილობრივი მწვრთნელების ინსტრუქტაჟით ბიჭებს ურთულესი ვარჯიშები ჰქონდათ. პირველ შეხვედრაში მეტოქემ არ დაგვაფასა და ისინი მწარედ დაისაჯნენ, მეორე მატჩი კი თითქმის იმავე გუნდთან გვქონდა, ოღონდ რამდენიმე მორაგბით გაძლიერებულთან. სამხრეთ აფრიკის სპორტის მინისტრის თხოვნით, დაახლოებით ოთხი საათი ავტობუსით ვიმგზავრეთ მის მშობლიურ ქალაქში და შეხვედრაც იქ შედგა. ახლა აფრიკელებმა სრული შესაძლებლობა გამოავლინეს, მაგრამ გამარჯვება მაინც საქართველოს ნაკრებს დარჩა. მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველოს A ნაკრები სამხრეთ აფრიკაში კიდევ ერთხელ გაემგზავრება. ამიერიდან, ეროვნულ გუნდში მორაგბე ისე ვერ მოხვდება, თუ A ნაკრებში ნათამაშები არ ექნება”.
ლევან მაისაშვილი: “ჩვენი ტურნე ქართული რაგბისთვის შედეგიანი გამოდგა.  ადგილზე, წინასწარ დაგეგმილ მზადების გეგმაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. მორაგბეებმა ადგილობრივი სპეციალისტების მეთვალყურების ქვეშ ცალ-ცალკე ივარჯიშეს და მთელმა გუნდმა 10 დღეში სრულფასოვნად, ანუ ერთობლივად, სულ ორჯერ ივარჯიშა. ორივე ჩატარებული შეხვედრა ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. პირველ შემთხვევაში ვერ შეგვაფასეს, მეორე ჯერზე კი ძლიერი დაცვა ითამაშეს და ლელოების გატანა ძალიან გაგვიჭირდა. მდევრის როლშიც ვიყავით, მაგრამ თამაშის შემობრუნება მოვახერხეთ. იმედია, შემდეგ შეკრებებზე უფრო ძლიერ მეტოქეებს დაგვახვედრებენ, რადგანაც სუსტთან გამარჯვებას ძლიერ გუნდთან მარცხი ჯობია. საგულისხმოა, რომ აქამდე საქართველოს ნაკრების თამაშისას სულ აღნიშნავდნენ, რომ აქცენტი შერკინების ხაზზე, ანუ ძალისმიერ თამაშზე კეთდებოდა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ერთი რგოლი მეორეს გარეშე არაფერია. აფრიკაში ორივე ხაზი თანაბრად იყო დატვირთული და გამარჯვებაში ყველამ თანაბარი წვლილი შეიტანა”.
ზვიად მაისურაძე: “ძალიან მიხარია, A ნაკრებს დარსების დღიდან წაგება რომ არ აქვს. სარაგბო თვალსაზრისით ძალიან ძლიერ ქვეყანაში ვიყავით და კარგი იქნება მის ხილვას სხვა ქართველი მორაგბეებიც თუ მოახერხებენ. ეს განვითარებისთვის აუცილებელია”.
ლექსო გუგავა: “აფრიკაში აღმოვაჩინე, რომ რაგბი იქ მეცნიერულ დონეზეა აყვანილი. აბსოლიტურად ყველა სავარჯიშო და ტრენაჟორი, რაგბზეა მორგებული. გაცვლითი პროგრამა ქართული რაგბის განვითარებას წადგება და დარწმუნებული ვარ, მალე საქართველოს ნაკრებს გრანდებთან ერთად მოიხსენიებენ”.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084431