საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდები, დღეს შუა დღიდან გრძელ მარათონს შეუდგებიან და ჩემპიონის გამოსავლენად, 6 ნოემბრამდე იბრძოლებენ. ხუთი თბილისური გუნდი და რეგიონების სამი წარმომადგენელი, თუკი რაიმე გამონაკლისი არ მოხდა, ერთ კონკრეტულ დღეს ითამაშებენ და 14-ტურიან რეგულარულში იბრძოლებენ, რის შემდეგაც, ავსტრალიური ფლეი ოფის დრო დადგება.
რეგლამენტი უცვლელია, XIV ტურის შემდეგ, ჩემპიონობის შანსს ოთხი საუკეთესო გუნდი ირგუნებს და ავსტრალიურ ფლეი ოფში ერთვება. პირველ ეტაპზე, პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ეთამაშებიან და გამარჯვებული ფინალის საგზურის იღებს, დამარცხებულს კი, იქ მოხვედრის შანსი ისევ რჩება. ის, მცირე ფინალში, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მესამე-მეოთხეადგილოსან გუნდებს შორის გამარჯვებულს შეერკინება და მცირე ფინალში მოგებული თასისთვის იბრძოლებს, დამარცხებული კი ბრინჯაოს მედლებით კმაყოფილდება. აქვე ვთქვათ პირველ ლიგაში დაქვეითების სისტემაზეც. რეგულარულ ჩემპიონატში მერვე ადგილზე გასული გუნდი, მომავალ ჩემპიონატს ქვედა ლიგაში იწყებს და “უმაღლესში” მის ადგილს, პირველ ლიგაში პირველ ადგილზე გასული გუნდი იკავებს, ხოლო უმაღლეს ლიგაში მეშვიდე ადგილზე გასული გუნდი, პირველი ლიგის მეორეადგილოსანს, ორმატჩიან დუელში, უძლიერესთა შორის დარჩენისთვის შეებრძოლება.
საქართველოს XXII ჩემპიონატი თბილისში, ორი პარალელური თამაშით, 15:30 საათზე გაიხსნება. "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე თბილისის "ვისოლი-ყოჩები" ქუთაისის "აია"-ს დაუხვდება, ვარკეთილის მეურნეობაში კი, "ლოკომოტივი" "აკადემიას" შეერკინება. ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "ლელო", უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "არმაზს" 17:30 საათიდან, "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე პირობითად ესტუმრება, ორი რეგიონის გუნდი, "ბათუმი XV" და რუსთავის "ხარები" კი, ჩემპიონატში 16:00 საათიდან ბათუმში ჩაერთვებიან.
"ვისოლი-ყოჩებისა" და "აია"-ს დაპირისპირება გასული ჩემპიონატის გახსნითი მატჩის განმეორებაა. მაშინ, ქუთათურებმა თბილისელებს "სინათლეზე" დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და საყურებლად უღიმღამო შეხვედრა, მასპინძლებმა, სარაგბო საზომით მინიმალური სხვაობით, 18:15 მოიგეს. დაძაბული გამოდგა "აია"-სა და "ვისოლი-ყოჩების" მეორე თამაშიც. სათამაშო დროის ამოწურვამდე ოთხი წუთი რჩებოდა, ანგარიში 20:20 იყო, რეფერიმ სიტუაციის კონტროლი ვეღარ მოახერხა და თამაში შეწყვიტა. გადათამაშებაში პრობლემები აღარ შექმნილა და ახლა, უკვე ქუთათურებმა მოახერხეს თბილისელთა სამი ქულით დამარცხება - 16:13. გასული წლის რეგულარული პირველობა "აია"-მ 13 ქულით მეექვსე პოზიციაზე დაასრულა, "ვისოლი-ყოჩები" კი, 14 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და საჩემპიონო ფლეი ოფში ითამაშა, მაგრამ "ბათუმთან" 7:12 დამარცხდა და მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. მიმდინარე სეზონის წინ, "ყოჩები" ლევან მგელაძემ ჩაიბარა, რომელმაც გასულ წელს დებიუტანტი "ბათუმი XV" ფინალში გაიყვანა და ახლა, "ვისოლი-ყოჩები" ჩემპიონობის ერთ-ერთ მაძიებლად მოიაზრება.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ლელო", პირველობას უმაღლეს დონეზე დაბრუნებულ "არმაზთან" თამაშით იწყებს. "ლელომ" "ბზის თასი" ისე დაისაკუთრა, რომ ერთ მატჩშიც არ დამარცხებულა, "არმაზმა" კი, უძლიერესთა შორის დაბრუნება ასევე დაუმარცხებლად შეძლო და ახლა უნდა გამოჩნდეს, თუ ვისთვის შეწყდება მოგებათა სერია.
2008 წლის გამარჯვებულმა და ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის "ლოკომოტივმა", გასული სეზონი დებიუტანტ რუსთავის "ხარებთან" მარცხით დაიწყო, რეგულარული პირველობა მეორე საფეხურზე მაინც დაასრულა, მაგრამ ჯერ ფლეი ოფის პირველ ეტაპზე "ლელოს" ვერ აჯობა, მერე კი, მცირე ფინალში ბათუმელებთან დამარცხდა. ახლა, თემურ ბენდიაშვილის შეგირდები ძველი შეცდომების გამეორებას აღარ აპირებენ და გასულ წელს დაკარგული ტიტულის დაბრუნება უნდათ. მათი პირველი მეტოქე "აკადემიაა", რომელმაც წინა გათამაშება კარგად კი დაიწყო, მაგრამ მერე სვლას უკლო და მხოლოდ მეექვსე საფეხურს დასჯერდა. უშუალო შეხვედრებში, გასულ წელს "ლოკომოტივმა" მეტოქეს ჯერ 23:13 აჯობა, საპასუხო მატჩი კი ფრედ, 21:21 დასრულდა.
გასულ წელს, "ბათუმი XV" და რუსთავის "ხარები" უმაღლეს ლიგაში ერთობლივად აღზევდნენ, მაგრამ საპირისპირო შედეგებს უწიეს. ლევან მგელაძემ დებიუტანტი გუნდი ბოლოს ისე აბურთავა, რომ ფინალში გაიყვანა და "ლელოსთან" იქ მძიმე ბრძიოლაში დამარცხდა, "ხარებმა" კი ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს და უძლიერესებს შორის ადგილი ფლეი ოფში წარმატებული თამაშითღა დაიბევეს. გასულ სეზონში, ბათუმელებმა "ხარებს" რქები რუსთავში წაამტვრიეს და 24:6 დაჯაბნეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრა უფრო რთული აღმოჩნდა და ფრედ, 13:13 დასრულდა.
მაშ ასე, საქართველოს ჩემპიონატი სვლას დღეიდან იწყებს, მაგრამ მისი სტარტი, გასული წლის მსგავსად ჩუმი იქნება, თუ ოდნავ ხმაურიანი გამოდგება, ცნობილი მალე გახდება. 2009 წლის ჩემპიონატი ისე დაიწყო, რომ სტადიონებზე საქართველოს ჰიმნი არ აჟღერებულა და საქართველოს ეროვნული დროშაც არავის აღუმართავს. იმედია, მსგავსი ლაფსუსი რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას წელს მაინც არ გაეპარება.
საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატი
10 აპრილი. პირველი ტური
თბილისი. "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 15:30 საათი
"ვისოლი-ყოჩები" (თბილისი) - "აია" (ქუთაისი)
თბილისი. "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 17:30 საათი
"არმაზი" (თბილისი) - "ლელო" (თბილისი)
თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა. 15:30 საათი
"ლოკომოტივი" (თბილისი) - "აკადემია" (თბილისი)
ბათუმი. "ანგისა". 16:00 საათი
"ბათუმი XV" (ბათუმი) - "ხარები" (რუსთავი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია