ამბები

11:38 | 12.04.2010 | ნანახია 2557 - ჯერ

ქუთათურთა ჯიგრიანი დასაწყისი

ჯიგრიანად დაიწყო საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატი ქუთაისის “აია”-მ. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული პირველობის მეხუთეადგილოსანი, წლეულს, ჩემპიონობისთვის თუ არა, მედლებისთვის მაინც უცილობლად იბრძოლებს. მართალია დამარცხდა, მაგრამ ძალიან მცირე სხვაობით, თბილისის “აკადემია” და წესით, ლიდერების შევიწროვება ამ გუნდმაც უნდა მოახერხოს. ჩემპიონთან თამამად ითამაშა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა თბილისის “არმაზმა”. მეორეადგილოსან “ბათუმი XV”-თან მაინცდამაინც არ დაიჩაგრა რუსთავის “ხარები”, ეს კი იმის წინაპირობა უნდა იყოს, რომ წლევანდელი გათამაშება წინაზე უკომპრომისო და თვალსასეირო საყურებელი იქნება.
გუნდების დონის მატება, რაღა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ ორგანიზაციული თვალსაზრისით, საქართველოს რაგბის კავშირს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. “შევარდენზე” და “სინათლეზე” მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისში კავშირს მხოლოდ ორი არცთუ კარგი მოედანი შერჩა - “მიხეილ მესხის” და ვარკეთილის მეურნეობის ოღროჩოღრო მინდვრები. ეს ნაკლი, წესით, მალევე უნდა გამოსწორდეს (ბოლოს და ბოლოს დასრულდება ზემონახსენები მოედნების რეკონსტრუქცია და ყველაფერი რიგზე იქნება), მაგრამ რა გახდა გახსნის ცერემონიალის ოფიციალურ დონეზე ჩატარება? საქართველოს ეროვნული ჰიმნის გაჟღერება და დროშის აღმართვა, ორგანიზატორებს გასულ წელსაც დაავიწყდათ და “ტრადიცია” არც წლეულს დაირღვა. გასული ჩემპიონატის მსვლელობისას, დროშა სტადიონზე მოგვიანებით გამოჩნდა და ალბათ, ახლაც ასე იქნება, მაგრამ ხომ შეიძლება, ის, წესისამებრ, გათამაშების პირველი მატჩის წინ, ჰიმნის თანხლებით აღიმართოს?! ალბათ, ეს დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს და იმედია, გუნდების, მოთამაშეებისა და ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად, ეს კომპონენტიც გამოსწორდება, რის შედეგადაც ეროვნულ პირველობას ლაზათი ამ კუთხითაც შეემატება.
სხვა მხრივ კი, თამაშს მოწყურებულმა მორაგბეებმა უკომპრომისო, დაძაბული და ლაზათიანი ბრძოლა გვიჩვენეს. სპორტსმენებს ეტყობოდათ, რომ ოვალური ბურთი და ნაღდი ჯახი მონატრებიათ. ეს უფრო “მიხეილ მესხზე” გამართულ პირველ თამაშზე ითქმის, სადაც მეტნაკლენად თანაბარძალოვანი გუნდები იბრძოდნენ, თორემ “ლელო” “არმაზს” კლასით მნიშვნელოვნად აღემატებოდა და ჩემპიონმა, არცთუ კარგი თამაშის ფონზე, მაინც საკმარისი სხვაობით იმარჯვა.
თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ვარკეთილის მეურნეობაში გამართული ბრძოლაც გვარიანად დაძაბული ყოფილა, სადაც “ლოკომოტივმა” “აკდემიას” სძლია და პრინციპში, ამაზე ანგარიშიც თავისთავად მეტყველებს, ისევე, როგორც ბათუმური მატჩის შედეგი, რომელშიც გუნდებმა აქცენტი შედეგიან თამაშზე გააკეთეს და “ბათუმი XV”-მა “ხარები” 9 ქულის სხვაობით დაამარცხა.
ზემოთ, გასული და წლევანდელი ჩემპიონატების გახსნის ცერემონიალის ანალოგზე ვსაუბრობდით. ანალოგი ისიც იყო, რომ პირველ ტურში ერთმანეთს “ვისოლი-ყოჩები” და ქუთაისის “აია” დაუპირისპირდა. შარშანდელის მსგავსად, შეხვედრა ახლაც დაძაბული გამოდგა, მაგრამ თუკი 2009 წელს გამარჯვება თბილისელებს დარჩათ (18:15), ახლა ქუთათურებმა ძველი შეცდომები აღარ გაიმეორეს. აქვე ვთქვათ, რომ ამ გუნდების შარშანდელი შეხვედრები ყოველთვის დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. მე-2 წრის თამაში 76-ე წუთზე შეწყდა, მაშინ, როდესაც ანგარიში 20:20 იყო, გადათამაშებაში კი “აია”-მ პირველ წრეში განცდილი მარცხისათვის სულფასოვანი რევანში აიღო და 16:13 იმარჯვა. ჰოდა, ახლა რა ღმერთი გაუწყრებოდათ ერთს მეორესთვის რაიმე რომ დაეთმო და საქართველოს პირველობისთვის ტრიბუნაზე მრავლად შეკრებილმა გულშემატკივარმა ნამდვილი ბრძოლა იხილა.
გულშემატკივრები ვახსენეთ და სანამ თამაშზე გადავიდოდეთ, ისიც ვთქვათ, რომ “ქართული რაგბის ქომაგთა კლუბის” დანაპირები, რომლის მიხედვითაც ქომაგობა შიდა ჩემპიონატის მატჩებზეც უნდა გაგრძელებულიყო და თამაშისთვის დამატებითი ლაზათი უნდა მიეცა, პირველ ტურში არ შესრულდა. პირადად თქვენს მონა-მორჩილს, ამ კლუბის დამაარსებელთაგან “მიხელ მესხზე” არავინ შეუნიშნავს და იმედია, ამ კლუბის დაარსება მხოლოდ რუსეთ-საქართველოს სანაკრებო დაპირისპირებისათვის არ იყო გამიზნული და სიტყვას საქმეს მოჰყვება.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, უნდა ითქვას, რომ ის “ვისოლი-ყოჩების” გუნდმა თავად წააგო, თუმცა, არც “აია”-ს მორაგბეებს უნდა დავუკარგოთ გარჯა, რომლებმაც დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშეს და კარგი კონტრშეტევები განახორციელეს. ეს, განსაკუთრებით, მე-2 ნახევარზე ითქმის, თორემ პირველ ტაიმში სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას თბილისური გუნდი ფლობდა. სწორედ ამაში არიან დამნაშავენი ლევან მგელაძის შეგირდები - გუნდი, რომელიც ასეთ დიდ უპირატესობას იღებს, ვალდებულია, რომ ის ქულებში გარდასახოს, მაგრამ “ყოჩებმა” ეს ვერ მოახერხა, მეტოქის ნახევარზე და ჩათვლის მოედანში გატარებული უზარმაზარი დრო უქულოდ გალია და მე-2 ნახევარში ნერვებმა უმტყუნა. უამრავი ტექნიკური შეცდომის გამოსწორება თავდადების ხარჯზე ვეღარ მოხერხდა. “აია”-მ მშვიდად და ტექნიკურად ინარჩუნა ბურთი, ვიზავისგან განსხვავებით, მიზანმა მათ დამრტყმელს არ უმტყუნა და შედეგიც სახეზეა - 22:15 ქუთაისელთა სასარგებლოდ და პირველი 2 ქულა მათ ყულაბაში.
მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მე-7 წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და თემურ სოხაძემ მიმდინარე გათამაშების პირველი ქულები საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. პასუხად ქუთაისელებმა ბურთის ხელით გათამაშება სცადეს, მაგრამ დაკარგეს და “ვისოლი-ყოჩებს” კონტრშეტევის საშუალება მიეცა, ფეხით გადაკიდებული თავად აიღეს, მეტობა შექმნეს, თუმცა, თბილისელებმა გაგრძელება სწრაფად ვერ მოძებნეს, სტუმრებმა უკან დახევა მოასწრეს, შალვა მახარაშვილმა კი, იმ სიტუაციაში უცუდესი გადაწყვეტილება მიიღო და ბურთი მეტოქეს გადააწოდა. ამას ჯერ ქუთაისელთა, ხოლო შემდეგ თბილისელთა მხრიდან არეკნის გატანის მცდელობა მოჰყვა, მიზანმა ორივე გუნდის დამრტყმელს უმტყუნა და აქ, მასპინძლების უპირატესობის დროც დადგა. სოხაძემ გასატანი ჯარიმა ააცილა, ერთ წუთში შეცდომის გამოსწორების საშუალება მიეცა, მაგრამ კარის გასწვრივ, ცენტრიდან დარტყმულმა ბურთმა ძელებს შორის არ გაიარა. სოხაძე 30-ე წუთზე ვალდებული იყო, გუნდისთვის 3 ქულა მოეტანა, მაგრამ ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა. თბილისელები მიხვდნენ, დამრტყმელს ფეხი არ სწყალობსო და სალელოვე შეტევა გაითამაშეს. არეულ სიტუაციაში ბურთს მახარაშვილი დაეუფლა, მან მარცხნივ კარლენ ასეიშვილს დროული გადაცემა გაუკეთა, ამან უფრო მარცხნივ სოხაძე მოძებნა. მოკლედ, მარცხენა ფლანგზე თბილისელების სრული უპირატესობა შეიქმნა, თანაც თამაში “აია”-ს 22-ში მიმდინარეობდა და სოხაძემაც ქუშაშვილს პასი არ დაუგვიანა. მას რომ ბურთი შეემაგრებინა “აია” ლელოს ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ “ვისოლი-ყოჩების” უკანახაზელს ის წინ დაუვარდა და ანგარიში 3:0 დარჩა, ოღონდ დროებით. სანამ თბილისელები გონს მოეგნენ, ქუთაისელები მათ ნახევარზე გადავიდნენ, ჯარიმის უფლება მოიპოვეს და გაგა სინაურიძემ, დაახლოებით 25 მეტრიდან, ტაიმის მიწურულს წონასწორობა აღადგინა - 3:3.
მე-2 ნახევარი მასპინძლებმა მძლავრად დაიწყეს, სოხაძემ ცენტრიდან მარცხნივ გადაინაცვლა და დაახლოებით 3 მეტრით წინ წაიწია, ფეხით გადაკიდების შემდეგ, თითქოს “ვისოლი-ყოჩების” მიძალების შეჩერება მოხერხდა, მაგრამ რამდენიმე დარტყმის შემდეგ ჯაბა ბრეგვაძემ ქუთაისელთა ჩათვლის მოედანში შეაღწია და პირველი ლელო მიითვალა. სოხაძეს გარდასახვა გაუფუჭდა და ანგარიში 8:3 დარჩა. როგორც ჩანს, თბილისელებმა ირწმუნეს, რომ მეტოქე გატეხეს და სწორედ აქ დაისაჯნენ. ოთხ წუთში ქუთათურთა ფეხით გადაკიდებული ბურთი დადაშიანმა ვერ შეიმაგრა, მერე დაჯარიმდა და სინაურიძემ 17-18 მეტრიდან ჯარიმით სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. მომდევნო შეტევისას, სტუმრებმა თავისუფალი სწრაფად გაითამაშეს, მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრეს და ლევან შარვაშიძემ საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც სინაურიძის რეალიზაცია მოყვა - 8:13.
აი სწორედ აქ იჩინა თავი ქუთაისელთა სწორმა თამაშმა. მათ მეტოქეს საკუთარ ნახევარზე გადასვლის შესაძლებლობა მინიმუმამდე შეუმცირეს, საკუთარი შანსები კი, შესანიშნავად გამოიყენეს და უპირატესობა გაზარდეს. სინაურიძემ კარის გასწვრივიდან, ჯერ მოლის ჩაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა გამოიყენა, დახლოებით ხუთ წუთში კი, კარის გასწვრივიდან, ოღონდ ცოტა შორი დისტანციიდან, კიდევ ერთხელ იხეირა და “აია”-ს უპირატესობა, მით უმეტეს ასეთ მატჩში, საგრძნობი გახდა - 19:8. ბოლო გაშვებული ჯარიმიდან, მასპინძლებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდათ გონს მოსასვლელად, მანამდე კი, უამრავი ტექნიკური წუნი ჰქონდათ. 65-ე წუთისთვის მათ მოახერხეს ცენტრის გადალახვა, ჯარიმის კარში დარტყმას აბა რაღა აზრი ჰქონდა და ხუთმეტრა აუტებით სცადეს ფონს გასვლა, მაგრამ ზედიზედ ორჯერ წააგეს საკუთარი დერეფანი, დრო კი გადიოდა. ქუთათურთა ფეხით გადაკიდებული ბურთი დადაშიანმა საკუთარ ნახევარზე აიღო და თითქოს სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ ის კარგად დაიძრა, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, ცენტრის სიახლოვეს ბოლო პასი სანდრო ნიჟარაძემ მიიღო, სისწრაფეში, ცრუმოძრაობებით მთელ დაცვას დაუძვრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, სოხაძემ კი სწრაფად იმ იმედით გარდასახა, რომ მისი გუნდი დარჩენილ დროში ოთხქულიან ჩამორჩენას კიდევ ერთი ლელოთი აღმოფხვრიდა. ამ მომენტისთვის, მატჩის დამთავრებამდე დაახლოებით 5-6 წუთი იყო დარჩენილი, “ვისოლი-ყოჩებმა” სტუმართა ნახევარზე გადასვლა ვეღარ მოახერხა, პირიქით, თავად დაჯარიმდა და სინაურიძეს გადამწყვეტ მომენტში მიზანმა არ უმტყუნა - 22:15. თბილისელებს ფრისთვის ლელო და ზუსტი რეალიზაცია ჰყოფნიდათ, მაგრამ “აია”-მ გაძლო და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა, რითაც საკუთარი ამბიცია დაადასტურა.

მძიმედ გაგრძელებული სერია
ქვეყნის ჩემპიონმა თბილისის “ლელომ”, რომელმაც გასული წლის გათამაშება უდანაკარგოდ განვლო, წლევანდელი ჩემპიონატიც გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ მისი თამაში საჩემპიონო სულაც არ იყო და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა “არმაზმა” მას დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ძნელი სათქმელია, ლევან მაისაშვილის შეგირდები ჯერ ფორმაშია არ არიან თუ სხვა რამ უნდა იყოს მიზეზი, მაგრამ ფაქტია, “ლელოს” იოლი გასეირნება არ ჰქონია. თუმცა ერთიცაა - ჩემპიონი თავდაჯერებული იყო და “ლელომაც” მხოლოდ ლელოებზე ითამაშა, უძლიერესთა შორის დაბრუნებულ გუნდს კი, ლელო არ გაატანინა და მხოლოდ ჯარიმებს დააჯერა.
თამაში დაბალ ტემპში დაიწყო და წინამორბედზე ცუდი საყურებელი გამოდგა. მასპინძლებმა ანგარიში კიკნაძის ჯარიმით გახსნეს, მე-15 წუთზე კი, უჩვეულო რამის მომსწრენი გავხდით – კიკნაძემ, დაახლოებით, 45 მეტრიდან მორიგი ჯარიმა დაჰკრა, ბურთი კარის მიმართულებით კი წავიდა, მაგრამ ქვედა ძელს ქვევით გაძვრებოდა, რომ არა სტუმართა მორაგბის ხელი, რომელმაც ბურთის შემაგრება სცადა, თუმცა ეს ვერ მოახერხა, ის ძელებს შორის გადაგზავნა და “არმაზის” დამრტყმელმაც, რიკოშეტის წყალობით, მორიგი 3 ქულა მიითვალა. ჩემპიონმა “დაბრუნებულს” თავხედობა არ აპატია და ორ წუთში უპასუხა, როდესაც მძლავრი შეტევა ფლანგიდან ლექსო გუგავამ ლელოთი დააგვირგვინა, მაგრამ ირაკლი ყიასაშვილს რეალიზაცია გაუცუდდა და “ლელო” კვლავ მდევრის როლში დარჩა. ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. ყიასაშვილმა გაცუდებული გარდასახვა იმით გამოასწორა, რომ გადაკიდებული ბურთი მოიხელთა, დაახლოებით 40 მეტრით წინ წაიწია, ფეხით შეცურებული კი, აზალაძემ აიღო და მე-2 ლელო გაიტანა. ამჯერად, ყიასაშვილის გარდასახვაც ზუსტი იყო და მისი გუნდი 12:6 დაწინაურდა.
ორ წუთში კიკნაძემ ერთი ჯარიმაც გამოიყენა და თამაშს ინტრიგა დროებით შეუნარჩუნა, მაგრამ ეს დროებით სულ რაღაც ათ წუთს გაგრძელდა. კლასში იმდენად დიდი იყო სხვაობა, ხოლო “ლელოს” უკანა ხაზი იმდენად შთამბეჭდავი, რომ მათი ბურთაობის წინააღმდეგ “არმაზმა” წამალი ვერ გამონახა და სარდანაშვილმა მარცხენა ფლანგზე კიდევ ერთი ლელო მიითვალა. ყიასაშვილს გარდასახვა ამჯერადაც გუფუჭდა, მაგრამ რამდენიმე წუთში, როდესაც პირველი ტაიმის დრო უკვე ამოწურული იყო და ბურთის აუტში გატანას აზრი არ ჰქონდა, ჯარიმა კარში დაჰკრა და შესვენების წინ საკუთარი გუნდი 20:9 დააწინაურა.
დაიწყო მე-2 ტაიმი და კიკნაძემ 45 მეტრიდან ჯარიმა ერთხელაც დაჰკრა, მაგრამ ამჯერად ხელი არავინ წააშველა და ბურთი მიზანს ასცდა. თამაში 66-ე წუთისთვის გამოცოცხლდა, როდესაც ვიქტორ კოლელიშვილმა ხაზი გაჭრა და სიჩქარე აკრიფა, მაგრამ ბოლო მცველთან კონტაქტს მოერიდა, ფლანგისკენ წაიწია, მას მეტოქეები დაეწივნენ და შეტევა ჩაიშალა.
“ლელო” მაინც არ მოეშვა, დასარტყმელი ჯარიმები აუტებში გზავნა, ფლანგების ცვლით “არმაზის” დაცვა არია და გიგა კორკელიამ ლელო მიითვალა, რასაც ყიასაშვილმა ზუსტი რეალიზაცია შემატა. მიწურულს კიკნაძემ ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ბოლო სიტყვა “ლელომ” დაიტოვა, მარცხენა ფლანგზე კარგი შეტევა ზედ ხაზთან კი ჩაეშალათ, მაგრამ ბურთი საპირისპირო ფლანგზე ჩაათამაშეს და ლომინაძემ იხეირა, ყიასაშვილმა კი, ზუსტი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
პირველი ტურის კიდევ ორ შეხვედრაში, “ლოკომოტივმა” “აკადემიას” დაძაბულ ბრძოლაში 12:10 აჯობა. “რკინიგზელებმა” 4 ჯარიმა გაიტანეს, აკადემიელებმა კი, ჯერ ჯარიმა, შემდეგ კი ლელო და გარდასახვა მოინაგრეს.
ბათუმში მასპინძლებმა რუს¬თავის “ხარებს” უმასპინძლეს, პირველი ტაიმი 19:12 მოიგეს, საბოლოოდ კი, 26:17 იმარჯვეს.
II ტურის თამაშები ერთი კვირის თავზე, 17 აპრილს გაიმართება. “აია” ქუთაისში თბილისის “არმაზს” მიიღებს, თბილისის “ლელო” “ბათუმი XV”-ს დაუხვდება, რუსთავში “ხარები” თბილისის “ლოკომოტივს” მიიღებს, “აკადემია” და “ვისოლი-ყოჩები” კი, ერთურთს დედაქალაქურ დერბში დაუპირისპირდებიან.

თბილისი. “მიხეილ მესხი” 500 მაყურებელი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - აია (ქუთაისი) 15:22 (3:3)
ვისოლი-ყოჩები:
ასეიშვილი (ბარბაქაძე 69), ბრეგვაძე, ხოსიტაშვილი (გოგიშვილი 50), ბელაშვილი, არჩუაშვილი (მეტრეველი 69), ცხვედიანი, კალმახელიძე, დგებუაძე (მამულაშვილი 60); მახარაშვილი, სოხაძე, ნიჟარაძე, ადანაია, ქუშაშვილი (მაისურაძე 50), გეგენავა, დადაშიანი (კვარაცხელია 78).
მწვრთნელი: ლევან მგელაძე
2 ლელო: ბრეგვაძე, ნიჟარაძე
გარდასახვა: სოხაძე
ჯარიმა: სოხაძე
აია: ლომიძე (ჟვანია 62), ნარიაშვილი, ხეჩიკოვი (გურეშიძე 32), იობიძე, შალამბერიძე, რევიშვილი, ჩიღვინიძე, ძაგნიძე (ცირეკიძე 59); როხვაძე, შარვაშიძე, გოშაძე, სინაურიძე, აშვეთია (გოგლიჩიძე 8), ჩხიკვაძე, ხამაშურიძე.
მწვრთნელი: კობა გიორგაძე
ლელო: შარვაშიძე
გარდასახვა: სინაურიძე
5 ჯარიმა: სინაურიძე
რეფერი: გ. ამირხანაშვილი


თბილისი. “მიხეილ მესხი”. 300 მაყურებელი
არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 12:34 (9:20)
არმაზი:
ბუკია, სოსელია, ქართველიშვილი, ჯიშკარიანი, ჭელიძე (მინაშვილი 77), ჟღენტი (კანდელაკი 61), მინაშვილი, თიგიშვილი; მჟავანაძე, კიკნაძე, ბერძელი, გაბროშვილი, კაიფაჯიანი, ტუჩაშვილი, კოტორაშვილი.
4 ჯარიმა: კიკნაძე
ლელო: სანიკიძე (მირცხულავა 41), ჭყონია (კვერნაძე 78), ცხოვრებაშვილი (გაბელია 58), ხორბალაძე, დაუშვილი (მძინარიშვილი 47), სარდანაშვილი (ჭყოიძე 61), ვ. კოლელიშვილი (ბ. კოლელიშვილი 77), აზლაძე; კაჭარავა, ლომინაძე, თოდუა, მანჯავიძე, კორკელია, გუგავა (ჯოგლიძე 58), ყიასაშვილი.
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
5 ლელო: გუგავა, აზალაძე, სარდანაშვილი, კორკელია, ლომინაძე
3 გარდასახვა: ყიასაშვილი
ჯარიმა: ყიასაშვილი

თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა
ლოკომოტივი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 12:10 (6:3)

ბათუმი. ანგისა
ბათუმი XV (ბათუმი) - ხარები (რუსთავი) 26:17 (19:12)



ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093352