ამბები

11:39 | 12.04.2010 | ნანახია 2409 - ჯერ

ზირაქაშვილი და "კლერმონი" ჯეიმსმა დაღუპა

რომ არა 8 აცილებული დარტყმა, რომელთა უმრავლესობაც ბრუკ ჯეიმსის ანგარიშზეა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი და მისი “კლერმონი” ახლა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასის” ნახევარფინალში იქნებოდნენ.
მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი რამ - ესოდენ მაღალი დონის გუნდის დამრტყმელებმა, ჯეიმსმა და მისმა დამზღვევმა მორგან პარამ, გუნდს აცილებული დარტყმებით 23 ქულა დააკლეს, “კლერმონი” კი დუბლინში გამართულ მატჩში, თასის მოქმედ ჩემპიონ ირლანდიურ “ლინსტერთან” ერთი ქულის სხვაობით - 28:29 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. სტადიონზე შეკრებილ 20 ათას მაყურებელში 3 ათასი ფრანგიც ერია და მათ ხმა არ დაზოგეს, რათა თავიანთი გუნდი გაემხნევებინათ და პრინციპში, თუ არ ჩავთვლით ჯეიმსის აცილებულ დარტყმებს, ამ ხალხის გარჯა დაფასდებოდა, თუმცა...
არადა, ჯეიმსს ყველა აცილებული დარტყმა ეპატიებოდა, ბოლო წუთზე არეკნი ზუსტად რომ შეესრულებინა, მაგრამ მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა და ზირაქაშვილი და მისი თანაგუნდელები ევროპის უმთავრესი ტიტულის მოპოვების იმედის გარეშე დატოვა. ქართველმა ლეგიონერმა სრულად ითამაშა და ყველასთან ერთად გვარიანად გაისარჯა, თუმც კი, “კლერმონის” ყველა კომპონენტში უპირატესობა მისმა დამრტყმელებმა ანგარიშში ვერ ასახეს და “ლინსტერს” მოპოვებული თასის დასაცავად ბრძოლის გაგრძელების საშუალება დაუტოვეს.
თასისთვის იბრძოლებს ბასკური “ბიარიცი”, რომლის ღირსებასაც საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში ნათამაშები, თუმც კი ქართული ფესვების მქონე დიმიტრი იაშვილი იცავს. მისმა გუნდმა, 25000 გულშემატკივარის თვალწინ, უელსის “ოსპრეის” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 29:28 იმარჯვა. ამაში თავისი დიდი წვლილი იაშვილმაც შეიტანა, რომელმაც სრულად ითამაშა, ორივე რეალიზაცია გამოიყენა და ზედ 2 ჯარიმაც წაამატა, აი დამიენ ტრაილემ კი პატარა საოცრება მოახდინა და 3 არეკნის გატანით, შეხვედრაში ერთგვარი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
“ჰეინეკენის თასის” დანარჩენ ორ 1/4-ფინალში, ირლანდიურმა “მანსტერმა” ინგლისის “ნორთჰემპტონი” 33:19 დაიბრიყვა, ფრანგულ დაპირისპირებაში კი, “ტულუზამ” “სტად ფრანსეს” შანსი არ დაუტოვა, 42:16 გაანადგურა და ნახევარფინალს მიღმა დატოვა.
ევროტურნირებს ერთი ქართული კლუბი მაინც შემორჩა, ოღონდ ეს დონით მე-2 ევროპის საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფზე” მოხდა. ეროვნული გუნდის პირველხაზელ დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, უელსის “სკარლეტს” უმასპინძლა და კუდით ქვა ასროლინა - 38:12. ქართველი ლეგიონერი საკუთარი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა, მაგრამ ეს იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ “ჩელენჯ ქაფს” კლუბები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ და ლიდერებს დასვენების საშუალებას აძლევენ.
ნახევარფინალში გავიდნენ ირლანდიური “კონახტი”, რომელმაც ფრანგულ “ბურგონს” 23:20 სძლია, `ლონდონ ვაპსი”, ვინაც “გლოსტერს” 42:26 აჯობა და უელსის “კარდიფი” - ამ უკანასკნელმა “ნიუკასლი” სტუმრად 55:20 დაამარცხა.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078466