ამბები

11:24 | 16.04.2010 | ნანახია 2498 - ჯერ

შველიძეს და “მონპელიეს” ფრანგებიც ადასტურებენ

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top-14-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა და სულ მალე დადგება დრო, როდესაც ექვსი საუკეთესო კლუბი საჩემპიონო ფლეი ოფში ჩაერთვება.
რეგულარული პირველობის დასასრული იმის მაუწყებელიცაა, რომ მალე, საფრანგეთში მორაგბეთა ტრანსფერების სეზონი გაიხსნება, იქ კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ბირთვი თამაშობს და ამ მოვლენისადმი ქართველი გულშემატკივრის დაინტერესება ბუნებრივია. ფრანგმა ჟურნალისტებმა მოვლენებს დაასწრეს და Top-14-ის ის ტრანსფერები გაამხილეს, რომელთა განხორციელების ალბათობაც 90 პროცენტია.
ფრანგთა ვარაუდებში, მხოლოდ ერთი ქართველის გვარი ფიგურირებს - ეს “ბორჯღალოსანთა” 31 წლის პირველხაზელი გოდერძი შველიძეა, რომელსაც 17 აპრილს 32 წელი შეუსრულდება და რაღა თქმა უნდა, გამოცდილ მობურთალს კარიერის ძლიერ გუნდში გაგრძელება უნდა. ფრანგები ქართველი პირველხაზელის “მონპელიეში” გადასვლას წინასწარმეტყველებენ, სადაც უკვე ირიცხებიან “ბორჯღალოსნები” მეორე-მესამეხაზელი მამუკა გორგოძე და მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე. შველიძის “მონტობანიდან” წასვლას ის ფაქტიც აჩქარებს, რომ ამ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც, რეგულარულ პირველობაში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, შესაძლოა Pro D2-ში დაქვეითება მაინც მოუხდეს.
მართალია, ფრანგებს გოდერძის მომავალ კლუბად “მონპელიე” ესახებათ, მაგრამ არაა გამორიცხული, მან კარიერა “აჟენში” განაგრძოს, სადაც ქართველი პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი ირიცხება. “აჟენს” Pro D2-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე პირველი ადგილი უკავია, უახლოეს მდევარს მთელი 10 ქულით უსწრებს და თუ ეს პოზიცია შეინარჩუნა, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, მაშინ მომავალ სეზონში, უძლიერეს 14 გუნდს შორის აუცილებლად იქნება. რაც შეეხება შველიძის პირად მონაგარს, ის “მონტობანში” 2008 წელს “კლერმონიდან” გადავიდა და გუნდის პირველი ხაზის ლიდერად იქცა. პირველ სეზონში მან საფრანგეთის Top-14-ში კლუბის მაისური 19 (13 ძირითად შემადგენლობაში), ევროპის მორაგბეთა ყველაზე პრესტიჟულ ტურნრ “ჰეინეკენის თასზე” კი 4 (2 ძირითადში) შეხვედრაში მოირგო. მიმდინარე გათამაშებაში მან საფრანგეთის პირველობაში ჩატარებული 24 მატჩიდან 22-ში მიიღო მონაწილეობა (8 ძირითადში), რანგით მეორე ევროპის საკლუბი ტურნირებში კი 4 თამაში ჩაატარა (3 ძირითადში). ეროვნულ გუნდში, შველიძეს 55 შეხვედრა დაუგროვდა და გუნდს 35 ქულა შესძინა (7 ლელო).
ფრანგი ჟურნალისტები ამ ჯერზე არაფერს ამბობენ, მაგრამ დიდი შანსია, საქართველოს 2008 და 2009 წლების საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძემ, მომავალი სეზონი, დავით ქუბრიაშვილთან ერთად, “ტულონში” დაიწყოს, რომელიც წლეულს ჩემპიონობისთვის იბრძვის. ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც “გულივერა” არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, არამედ Top-14-შიც ერთ-ერთი გამორჩეული მობურთალია. მოკლედ, საფრანგეთში სატრანსფერო ციებ-ცხელება ძალებს იკრებს და იმედია, მაღალ დონეზე არაერთი ქართველი დარჩება, რასაც სადღეისოდ, “ბორჯღალოსანთა” წარმატებული თამაშისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080068