საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა ვარკეთილის მეურნეობის მოედანზე გაიმართება და მასში, გასული გათამაშების ფინალი განმეორდება, ანუ, თბილისის "ლელო" "ბათუმი XV"-ს დაუხვდება.
მართალია, ბათუმელები უმაღლეს ლიგას გასულ წელს დაუბრუნდნენ, მაგრამ გუნდმა კარგი რაგბი ითამაშა. რეგულარულ პირველობაში 6 თამაში მოიგო, ამდენივე წააგო, ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა და საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვდა, სადაც მოულოდნელი შდდეგი აჩვენა - პირველ ეტაპზე "ვისოლი-ყოჩებს", მცირე ფინალში კი "ლოკომოტივს" დაძაბულ ბრძოლებში აჯობა და "ბზის თასისთვის" "ლელოს" წინაშე წარსდგა. ზღვისპირელებმა თავი არც გადამწყვეტ თამაშში შეირცხვინეს, გასულ წელს მართლაც ბრწყინვალედ მოთამაშე "ლელოს" გვარიანი ბრძოლა გაუმართეს და ოდენ 6:15 დამარცხდნენ. არადა, რეგულარული პირველობის პირველსავე ტურში, თბილისელებმა დებიუტანტებს შანსი არ დაუტოვეს და 40 ქულის სხვაობით დაჯაბნეს - 59:19. ფინალისგან განსხვავებით, შედეგიანი გამოდგა ბათუმში გამართული თამაშიც, ამჯერად მასპინძლებმა 28 ქულა მოინაგრეს, მაგრამ თავად 39 მიიღეს და კვლავ დამარცხდნენ.
შეძლებს თუ არა "ბათუმი XV" თავისთვის უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას და "ლელოს" დამარცხებას, დღეს საღამოს გამოჩნდება, წლევანდელი გათამაშება კი, ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. მართალია, ზღვისპირელთა წარმატების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა ლევან მგელაძემ, ახალი სეზონიდან "ვისოლი-ყოჩები" ჩაიბარა, მაგრამ როგორც ჩანს, ბათუმელებს წელსაც დიდი მიზნები აქვთ და პირველ ტურში, მათ საკუთარ მოედანზე რუსთავის "ხარები" 26:17 დაამარცხეს. გამარჯვება იზეიმა "ლელომაც", რომელმაც პირველ ტურში ყველაზე დიდი სხვაობით მოიგო – მან, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "არმაზი" 34:12 დასცა. უნდა ითქვას, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ისეთი ლაღი თამაში ვერ აჩვენეს, როგორითაც გასულ ჩემპიონატში გაგვანებივრეს, მაგრამ სასიამოვნოა, რომ გუნდმა აქცენტი ხელით თამაშზე გააკეთა და მეტოქეს 5 ლელო გაუტანა.
მართალია, "ქართული რაგბის ქომაგთა კლუბის" წევრები პირველი ტურის შეხვედრებზე სტადიონეზე არ გამოჩენილან, მაგრამ გასული პირველობის მიწურულს, ბათუმურმა კლუბმა, უფრო კი, რეგიონის ხელმძღვანელობამ, საინტერესო სიურპრიზი შემოგვთავაზა. ფლეი ოფისა და ფინალურ მატჩებში, მათ ავტობუსებით ორგანიზებულად ჩამოჰყავდათ ბათუმელი გულშემატკივრები და სტადიონზეც შესანიშნავი ატმოსფერო იყო. გარკვეულწილად, "ბათუმი XV"-ის წარმატება სწორედ ქომაგთა შეძახილებმა და მხარში დგომამ განაპირობა და იმედია, ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება, მერე კი, ეგებ ზვისპირელებს მხარი სხვა რეგიონის გულშემატკივრებმაც აუბან. მატჩი 17:00 საათზე იწყება, მანამდე კი, ერთურთს ამ გუნდების “ესპუარები”, ანუ დუბლშემადგენლობები დაუპირისპირდებიან.
თბილისში მეორე თამაშიც შედგება, ისიც 15:00 საათზე დაიწყება და "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე გაიმართება. "აკადემია" და "ვისოლი-ყოჩები" მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში დამარცხდნენ და პირველი ქულების აღებას ახლა ეცდებიან. "აკადემიამ" "ლოკომოტივს" დიდი ბრძოლა გაუმართა, საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად შეინახა, მეტოქეს თითო-თითო - ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაუტანა, მაგრამ თავად 4 ჯარიმა გაუშვა და 10:12 დამარცხდა. "ვისოლი-ყოჩები", ქუთაისის "აია"-სთან პირველ ტაიმში უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ქულების აღება ვერ მოახერხა და შესვენებაზე გასვლისას, ანგარიში 3:3 იყო. მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებმა ლელო გაიტანეს, სტუმრებმა ჭკვიანური თამაში განაგრძეს და დაძაბულ ბრძოლაში "აია"-მ 22:15 იმარჯვა, "ვისოლი-ყოჩები" კი უქულოდ დარჩა.
გასულ ჩემპიონატში, "ვისოლი-ყოჩები" ფლეი ოფში კი მოხვდა, მაგრამ პირველსავე ეტაპზე დამარცხდა და მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა, ლევან მგელაძის მისვლით კი, ამ გუნდს საჩემპიონო ამბიცია გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ "აკადემიას" მხოლოდ მეექვსე ადგილი ერგო, შარშან მან მეტოქეს ორივე თამაში მოუგო. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა "აკადემიამ" 17:12 მოიგო, მეორე მატჩი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა და ამჯერად, "ვისოლი-ყოჩები" მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით დამარცხდა - 18:19. სავარაუდოდ, ეს ჯახიც დაძაბული უნდა გამოდგეს და მოახერხებს თუ არა "აკადემია", "ყოჩებთან" გამარჯვებათა სერიის გახანგრძლივებას, საღამოთი გამოჩნდება.
დანარჩენი ორი თამაში რეგიონებში გაიმართება. ქუთაისის "აია", უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "არმაზს" ვანში უმასპინძლებს და პირველ ტურში მნიშვნელოვანი თამაშის მოგებით გამოწვეული სიხარულის გაგრძელებას ეცდება. რუსთავში "ხარები" "ლოკომოტივს" დაუხვდება. გასული ჩემპიონატის პირველ ტურში, მაშინდელმა უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა, ჩემპიონის დამარცხებით სენსაცია გამოაცხო - რუსთაველებმა 18:13 მოიგეს, მეორე წრეში კი, იგივეს განმეორებამდე სულ ცოტა დააკლდათ, მაგრამ "ლოკომოტივმა" რევანშის აღება მოახერხა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 9:8.
II ტური
17 აპრილი, შაბათი
ვანი. 16:00 საათი
"აია" (ქუთაისი) - "არმაზი" (თბილისი)
თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა. 17:00 საათი
"ლელო" (თბილისი) - "ბათუმი XV" (ბათუმი)
რუსთავი. 16:00 საათი
"ხარები" (რუსთავი) - "ლოკომოტივი" (თბილისი)
თბილისი. "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 15:00 საათი
"აკადემია" (თბილისი) - "ვისოლი-ყოჩები" (თბილისი)
მომდევნო ტური
24 აპრილი: არმაზი - ბათუმი XV, ლოკომოტივი - ლელო, ხარები - ვისოლი-ყოჩები, აკადემია - აია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია