ზე-18

19:40 | 13.03.2016 | ნანახია 1506 - ჯერ

იაპონელებს ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ

სუპერ რაგბის დებიუტანტმა იაპონურმა „სანვულვზმა“ ტურნირის მეორე მატჩი სინგაპურში სამხრეთაფრიკულ „ჩითასთან“ გამართა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 31:32.

არადა იაპონელები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ და ერთ ეპიზოდში 18 ქულითაც კი სჯობნიდნენ მეტოქეს, მაგრამ აფრიკელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაშის გადარჩენა მოახერხეს.

ანგარიში მასპინძლებმა მე-4 წუთზე გახსნეს, როდესაც იაპონელთა გარემარბმა იამადამ ბრწყინვალედ ითამაშა, საოცარი სისხარტე გამოავლინა და ლელო დადო, გარდასხვა პისიმ გაიტანა- 7:0. სტუმრებმა იაპონელებს ორი სწორად შესრულებული ჯარიმით უპასუხეს- 7:6, შემდეგ კი, იამადას პატარა სასწაულის მომსწრენი გავხდით - მან კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხა და 33 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა, რაც ბრწყინვალე შედეგია სუპერ რაგბის დებიუტანტისთვის. ტაიმის ბოლოს კაპიტანმა შოთა ჰორიემაც დადო ლელო, სამოელმა ტუსი პისიმ ოთხივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმის შედეგად 28:13 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თავი კვლავ იაპონელებმა ისახელეს, ჯარიმა გაიტანეს და 18- ქულიანი(!) უპირატესობა მოიპოვეს, გამარჯვებულიც თითქოს ცნობილი იყო, თუმცა „ჩითასმა“ მატჩის შემოტრიალება მოახერხა. 46-ე წუთზე ჯერ კასიემ, 54-ე წუთზე კი მერეისმა შეძლეს ლელოს დადება, ორივე გარდასახვა მერეისმა ზუსტად შეასრულა და სტუმრები ბრძოლაში დაბრუნდნენ.

საკვანძო მომენტი 71-ე წუთი იყო, მსაჯმა იაპონელთა ავსტრალიელი ლეგიონერი ედ ქვიქი სინბინში გაუშვა, 14 კაცით დარჩენილმა „სანვულვზმა“ მეტოქის კარგად აგორებული მოლი ვეღარ შეაჩერა და ლელო მიიღო, მართალია გარდასახვა ზუსტი არ გამოდგა, თუმცა ეს საკმარისი იყო მასპინძელთა დასამარცხებლად - 31:32. აღსანიშნავია, რომ ბოლო ლელომდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ არცთუ რთული პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანეს, თორემ მინიმუმ ფრე ხელში ექნებოდათ.

იაპონელები სუპერ რაგბის საერთო ცხრილში ორი მატჩიდან ორი მარცხით მე-16 ადგილზე არიან, ხოლო „ჩითასს“ სამი მატჩი აქვს გამართული და ეს მათი პირველი გამარჯვება იყო - აფრიკელები მეთორმეტენი არიან.

გუშინ ზე რაგბის კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართა. დიდ ინტერესს იწვევდა „სტორმერისა“ და „შარქსის“ დაპირისპირება. როგორც მოსალოდნელი იყო სამხრეთაფრიკული ჯახი დაძაბული გამოდგა. მატჩის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვა, 13:13-ზე „შარქსმა“ ლელოს დადება მოახერხა და 18:13 იმარჯვა. „ზვიგენები“ სამ მატჩში სამი მოგებით „ბრამბისთან“ ერთად სუპერ რაგბის სათავეში დგანან.

თავის მხრივ მეორე გაამრჯვება იზეიმა „ჰაილენდერსმა“, ახალზელანდიელებმა აფრიკული „ლაონსი“ 34:15 დაამარცხეს. ასევე მეორე გამარჯვება იზეიმა ახალზელანდიურმა „ჩიფსმაც“, მათ სტუმრად „საუთერნ კინგსის“ დამარცხება ადვილად მოახერხეს - 58:24. ქულა-ქულაში წარიმართა ავსტრალიური გუნდების - „რებელსისა“ და „რედსის“ მატჩი, სადაც მასპინძელმა „რებელსმა“ 25:23 იმარჯვა.

სანვულვზი - ჩითასი 31:32

სანვულვზი: 4 ლელო - იამადა(3), ჰორიე; 4 გარადასხვა - პისი; 1 ჯარიმა: პისი; სინბინი: ქვიქი

ჩითასი: მერეისი (2), კასიე, პრინსლოო; 3 გარდასახვა: მერეისი; 2 ჯარიმა: მერეისი

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089995