3 ქართველი ლეგიონერის კლუბების ექვს საუკეთესოში მოხვედრა; მამუკა გორგოძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიეს” უძლიერესთა შორის დარჩენა; ქართველ ლეგიონერთა კლუბების 2 დერბი - ასეთია საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის, Top 14-ის XXV ტურის შედეგები.
დავით ქუბრიაშვილის “ტულონი”, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” და აქვსენტი გიორგაძის “კასტრი” ის გუნდები არიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებენ. ამათგან ყველაზე კარგ მდგომარეობაში “ტულონი” იმყოფება, რომელმაც ჩემპიონი “პერპინიანი” დასცა და რეგულარული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პირველ ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ Top 14 წლეულს განსხვავებული სისტემით ტარდება, ანუ საჩემპიონო ფლეი ოფში ერთბაშად 6 გუნდი ხვდება. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე თავისუფლები არიან და დასვენების საშუალება ეძლევათ. ამ დროს მესამეადგილოსანი მეექვსეს, მეოთხეადგილოსანი კი მეხუთეადგილოსანს ეთამაშება და გამარჯვებული 2 გუნდი ნახევარფინალში გადის, სადაც მათ პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელოდებიან და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ამ ოთხეულს შორის გრძელდება.
XXV ტურში რამდენიმე ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი მათგანი ქართული დერბი იყო, რომელშიც ზირაქაშვილის “კლერმონმა” გიორგაძის “კასტრს” უმასპინძლა და მომხდური 25:19 დაამარცხა. იყო დრო, როდესაც “კასტრი” პირველ საფეხურს იკავებდა და რეგულარული პირველობის პირველ ორ პოზიციაზე დასრულების მთავარი ფავორიტიც იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქართველ პირველხაზელს ტვინის შერყევასთან ერთად ფეხი ორ ადგილზე მოტეხეს და მოედანზე გასვლას ვეღარ ახერხებს, მის თანაგუნდელებს საქმე უკან-უკან წაუვიდათ. თავად განსაზღვრეთ, აქვსენტი გიორგაძის საქმიდან გამოსვლის შემდეგ, “კასტრმა” სამი შეხვედრა წააგო, ერთხელ ფრედ ითამაშა, გამარჯვება მხოლოდ ორჯერ იზეიმა და შედეგად, ახლა მე-4 ადგილამდე დაქვეითდა.
“კასტრმა” ბოლო მარცხი ზირაქაშვილის “კლერმონთან” განიცადა, რომელიც გასულ წელს ფინალში იყო და ჩემპიონობის მოპოვების სურვილი არც ახლა დაუკარგავს. “კლერმონი” პრინციპულ მეტოქეს მედგრად დაუხვდა და 25:19 იმარჯვა, არადა პირველმა ტაიმმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა. ისინი ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, 37-ე წუთზე ლელო მიიღეს, მაგრამ არაზუსტი რეალიზაციის შემდეგ, “კლერმონი” კვლავ მდევრის როლში დარჩა, 33-ე წუთზე კი “კასტრმა” საპასუხო ლელო გაიტანა, გრდასახვაც გამოიყენა და ტაიმი 13:5 მოიგო.
მე-2 ნახევარი 5 წუთის დაწყებული იყო და სტუმრებმა ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, მაგრამ ორ წუთში მასპინძლებმა იმძლავრეს და მომხვდურს მე-2 ლელო უძღვნეს, ამჯერად, რეალიზაციაც გამოიყენეს და ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანეს - 12:16. 63-ე წუთზე, მასპინძლებმა მონაგარს ჯარიმა შემატეს და სხვაობა მინიმალური გახდა, ორ წუთში კი, “კლერმონმა” მე-3 ლელო მიითვალა, გარდასახვაც ზუსტი გამოდგა და ანგარიში 22:16 გახდა. განახლდა ცენტრიდან თამაში და “კასტრმა”არეკნით სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო, “კლერმონმა” კი 70-ე წუთზე გატანილი ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 25:19.
აქვსენტი გიორგაძეზე ზევითვე ვთქვით, მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია, ზირაქაშვილი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა ის 75-ე წუთზე შეცვალა. გამარჯვების შედეგად “კლერმონმა” 74 ქულა მოაგროვა, მე-3 ადგილზე გადაინაცვლა და ბოლო ტურის წინ, რომელშიც მისი მეტოქე “ბიარიცი” იქნება, პირველ ადგილს 2, ხოლო მე-2 ადგილს ერთი ქულით ჩამორჩება. “კასტრმა” შვიდ ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისათვის პრემიალური ქულა მიიღო, ჯამში 73 დააგროვა და მე-4 პოზიციაზეა, დასკვნით ტურში კი უახლოეს მდევარ “ტულუზას” ეთამაშება, რომელსაც 70 ქულა აქვს.
ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ ჯახში დავით ქუბრიაშვილის “ტულონი” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და აქამდე რეგულარული პირველობის ლიდერ “პერპინიანს” დაუხვდა, მომხდური 33:23 დასცა, უქულოდ დატოვა და ლიდერობა ჩამოართვა. “ბორჯღალოსანთა” ახალგაზრდა პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდისათვის წარმატებულ მატჩში სრულად გაისარჯა. თამაშმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. საწყის წუთებში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კი მასპინძლებმა ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და 10:3 დაწინაურდნენ. ამაზე სტუმრებმა ჯერ ჯარიმით, 25-ე წუთზე კი საპასუხო ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს და წინ “პერპინიანი” გაიჭრა - 13:10. 31-ე წუთზე ჯონ უილკინსონმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ორ წუთში კი “ტულონმა” ლელოც გაიტანა და შესვენებაზე გასვლისას მეტოქეს ხუთი ქულით ამარცხებდა - 18:13.
მე-2 ტაიმში თავი გამოიჩინა მატჩის გმირმა უილკინსონმა - მან ჯერ არეკნი, შემდეგ კი ჯარიმა გაიტანა. სტუმრებმა ჯარიმით სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ინგლისელმა ჯარიმით და არეკნით “ტულონი” მნიშვნელოვნად დააწინაურა. 72-ე წუთზე სტუმრებმა ლელოთი და გარდასახვით სხვაობა შვიდ ქულამდე დაიყვანეს და იმედი გაუჩნდათ, მაგრამ ბრწყინვალე ფეხის პატრონმა უილკინსონმა 76-ე წუთზხე ერთი არეკნიც ზუსტად შეასრულა და მეტოქე პრემიალური ქულის გარეშე დატოვა.
აღსანიშნავია, რომ “პერპინიანს” პრემიალური ქულის აღება რომ მოეხერხებინა, ის “ტულონს” ქულებით გაუთანაბრდებოდა და რადგან ურთიერთშეხვედრებში სჯობნის, პირველ ადგილზე მაინც დარჩებოდა, ახლა კი პირველ საფეხურს 76 ქულით “ტულონი” იკავებს და მდევარს ერთი პუნქტით სჯობნის. დასკვნით ტურში “პერპინიანი” აუტსაიდერს, უძლიერესთა რიგებიდან უკვე დაქვეითებულ “ალბის” სტუმრობს და წესით მოგება და თანაც პრემიალური ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეს, “ტულონი” კი სტუმრად “ბრივს” ეთამაშება, რომლისთვისაც პრინციპში ეს სეზონი დასრულებულია, რადგანაც არც ექვსეულში მოხვედრის შანსი აქვს და არც დაქვეითება ემუქრება.
არადა, დავით ხინჩაგიშვილის “ბრივს” სტუმრად “ბაიონთან” 25:33 რომ არ წაეგო, ბოლო ტურის წინ საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვედრის შანსი კიდევ ექნებოდა. მასპინძლებმა ტაიმი 16:3 მოიგეს, მეორე ნახევრის დასაწყისში კი ლელო გაიტანეს და 20 ქულით დაწინაურდნენ - 23:3. მხოლოდ ამის შემდეგ გაიბრძოლა “ბრივმა” და ლელოს და გარდასახვას ჯარიმა მიაყოლა, მერე ჯარიმა გაუშვა, რაზეც კვლავ ლელოთი უპასუხა და ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა - 18:26. შეტევაში გართულ სტუმრებს “ბაიონის” კონტრშეტევა გამოეპარათ და ლელო გაუშვეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა, საპასუხო ლელომ და რეალიზაციამ კი “ბრივს” ვეღარ უშველა. საქართველოს ნაკრების პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი კი 57 ქულით მე-8 ადგილზეა და რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, დიდი ცვლილება არც ემუქრება.
კიდევ ერთი ქართული დერბი უძლიერესთა შორის დასარჩენად მებრძოლ “მონპელიესა” და “მონტობანს” შორის შედგა. გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის გუნდი მასპინძელი იყო და პრინციპში, მათთვის ამ შეხვედრას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, რადგანაც ფინანსური პრობლემების გამი “მონტობანი” დაქვეითებას ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადაურჩება, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ამ თამაშს მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სხვა გუნდის ფინანსურ პრობლემებზე დაყრდნობას არ აპირებდა და სპორტული ინტერესით ითამაშა მამუკა გორგოძისა და გიორგი ჩხაიძის “მონპელიემაც” შედეგად კი მოედანზე დიდი ბრძოლა გაიმართა.
დაძაბულობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ რეფერიმ შეხვედრაში 5 მორაგბე გაასინბინა - 2 “მონტობანის” და სამიც “მონპელიესი”. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი გასინბინებული საქართველოს 2008 და 2009 წლების საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე აღმოჩნდა, რომელსაც 57-ე წუთზე მეტოქის რუმინელ პირველხაზელ სილვიუ ფლორეასთან ჩხუბი მოუხდა და მსაჯმაც ორივე მათგანს ყვითელი უჩვენა და მოედნიდან 10-10 წუთით გააძევა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ გორგოძე ძირითად შემადგენლობაში იყო და თუ არ ჩავთვლით სინბინის გამო გამოტოვებულ 10 წუთს, მეორე ხაზში სრულად ითამაშა. თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო “მონპელიესა” და საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე, ხოლო “მონტობანის” რიგებში მხოლოდ გოდერძი შველიძე გამოჩნდა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა ის 62-ე წუთზე შეცვალა.
“მონპელიემ” პირველი ტაიმი 3:0 მოიგო, მაგრამ მის მიწურულს მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. 49-ე წუთისთვის უკვე მასპინძლები დაწინაურდნენ - 6:3, მაგრამ ორ წუთში კიდევ ერთი ჯარიმა გავიდა და წონასწორობა აღდგა. ასეთი მდგომარეობა 64-ე წუთამდე გაგრძელდა, მერე კი სტუმრებმა ჯერ არეკნი, მერე ჯარიმა, ბოლოს კი ლელო და გარდასახვა გაიტანეს და მნიშვნელობა გამარჯვება იზეიმეს. ახლა “მონპელიეს” 51 ქულა აქვს, მე-10 ადგილზეა და გავარდნა აღარ ემუქრება, ბოლო ტურში კი “ბურგონს” მასპინძლობს. “მონტობანი” 45 ქულით მე-13 საფეხურამდე დაეშვა, დასკვნით ტურში მასზე 2 ქულით მეტის მქონე “ბაიონს” დაუხვდება და თუ იმარჯვა, სპორტული პრინციპით Top 14-ში დარჩენის უფლება ექნება, მაგრამ კლუბის ხელმღვანელობამ თუ დავალიანების დაფარვა ვერ მოახერხა, მაშინ სპორტსმენთა თავდადება ამაო გამოდგება.
ბოლო წუთზე გაშვებული ლელოსა და გარდასახვის გამო დამარცხდა საფრანგეთის მოქალაქე და ქართული წარმოშობის დიმიტრი იაშვილის “ბიარიცი”. იაშვილმა შეხვედრაში 2 ჯარიმა გაიტანა, მისი გუნდი კი 22:29 დამარცხდა. “ბიარიცი” 58 ნქულით მე-7 ადგილზეა, მაგრამ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსი აღარ აქვს. XXV ტურის დანარჩენ ორ შეხვედრაში, აუტსაიდერმა “ალბიმ” “სტად ფრანსე” 38:24, ხოლო “ბურგონმა” “ტულუზა” 15:13 დაამარცხეს. რეგულარული პირველობის დასკვნითი ტურის თამაშები 24 აპრილს შედგება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია