მძიმედ, დიდი ოფლისღვრის ფასად, მაგრამ როგორც იქნა გამარჯვება მოიპოვა თბილისის “ვისოლი-ყოჩებმა”. საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდისათვის, პირველ ტურში ქუთათურთაგან ნაწვნევი მარცხი მძიმე ალიყური იყო და მათი თამაშის შემხედვარე, საშიშროება იყო, რომ ლევან მგელაძის შეგირდებს მეორე ალიყური “აკადემიასგან” მოხვდებოდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა და “ვისოლი-ყოჩებმა” პირველი ორი ქულა მიითვალა.
ამ გუნდების შარშანდელი დაპირისპირება ცხადყოფს, რომ მათ ერთურთში მუდამ დიდი ბრძოლა აქვთ. გასულ წელს “აკადემიამ” მეტოქე ორივე ჯახში დაჯაბნა (17:12 და 19:18) და ახლაც ტრადიციის შენარჩუნების იმედად იყო. სიტუაციას ისიც ამძაფრებდა, რომ პირველი თამაში ორივე მათგანს წაგებული ჰქონდა - “ვისოლი-ყოჩებს” ქუთაისის “აია”-სთან 15:22, ხოლო “აკადემიას” “ლოკომოტივთან” 10:12 და გამარჯვება ორივეს ძლიერ სწყუროდა. აკი იბრძოლეს კიდეც ბიჭებმა, მაგრამ უფრო მეტად “ყოჩებს” გაუმართლა და ორი ქულაც მათ აქტივში ჩაიწერა, მაგრამ ანგარიში 25:8 სულაც არ ასახავს იმ სურათს, რაც მოედანზე ხდებოდა.
ამ თამაშის მაყურებელი ნათლად დარწმუნდებოდა იმაში, თუ რა ძალიან შორს დგანან ქართული კლუბები თუნდაც საშუალო დონის ევროპული კლუბებისგან. გუნდებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს, მორაგბეებმა არაერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ოდნავ მაღალი კლასის მქონე კოლექტივი ორივე მათგანს სამარცხვინო ანგარიშით დასცემდა, მაგრამ ერთმანეთის პირისპირ “აკადემია” და “ვისოლი-ყოჩები” იდგნენ. უამრავი სამუშაო აქვთ გუნდების მთავარ მწვრთნელებს პაატა ნარიმანაშვილსა და ლევან მგელაძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩემპიონო ამბიციები და თუნდაც რაიმე სინჯის მედლის მოპოვება მათთვის ოცნებად დარჩება, რა თქმა უნდა თუ სხვა ქართული კლუბებიც მათი, ან ოდნავ დაბალი დონისა არ არიან (სამწუხაროდ, ეროვნული გუნდისგან განსხვავებით, ქართული კლუბების მაღალი დონე ჯერ კიდევ ოცნების საგანია).
ორივე გუნდი აქცენტს ფეხით თამაშზე აკეთებდა, ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანას ცდილობდა და იქ მოწინააღმდეგის შეცდომის იმედად იყო. იცოცხლე, შეცდომები მრავლად იყო, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მათი გამოყენება ვერ ხერხდებოდა და ანგარიშიც დიდხანს უცვლელი დარჩა. შეცდომები ვახსენეთ და უნდა ითქვას, რომ “ყოჩების” ბოლო მცველმა შავლეგ მახარაშვილმა ყველა გადაკიდებული ბურთი მოიხელთა, ამ კუთხით შეცდომა არ დაუშვა და დიდწილად მისი გუნდის წარმატება ამანაც განაპირობა.
“აკადემია”, რომელიც ნომინალურ მასპინძლად მოგვევლინა, ვალდებული იყო საწყის წუთებში ანგარიში გაეხსნა, მაგრამ ელიზბარაშვილმა კარის გასწვრივ დაახლოებით 25 მეტრიდან გასატანი ჯარიმა კარს ააცილა. სოხაძემ მეტოქეზე ნაკლები რითი ვარო და მე-15 წუთზე ასევე აცილებული ჯარიმით უპასუხა. მალე “ვისოლი-ყოჩების” მორაგბეები გააქტიურდნენ, აგრესიული დაცვა ითამაშეს, მეტოქეს დაახლოებით 30 მეტრით უკან დაახევინეს, მერე კი ფეხით ბურთის მოგერიებისას დაუფარეს და ის “აკადემიის” ჩათვლის მოედანში შეგორდა, მაგრამ ბოლო მცველმა იმარჯვა, მომხვდურს დაასწრო და სიტუაცია განმუხტა, მაგრამ სტუმართა მიძალება მასპინძლებმა მხოლოდ ჯარიმის ხაერჯზე მოახერხეს. სოხაძემ ამჯერადაც არაზუსტად დაჰკრა, უფრო მეტიც, ბურთი ვერც მაღლა აწია და ვერც კარის მიმართულებით გაგზავნა, რის შემდეგაც მგელაძემ ჯარიმების დარტყმა მახარაშვილს დაავალა.
ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა. “აკადემიამ” აუტის შემდეგ კარგი მოლი შეკრა, ცინ და ცენტრისკენ წაიწია, “ვისოლი-ყოჩებმა” მათი შეჩერება ჯარიმის ხარჯზე მოახერხა და ელიზბარაშვილმა კარის გასწვრივ დაახლოებით 12 მეტრიდან გაიტანა. სტუმრებმა ოთხ წუთში უპასუხეს, როგორც ჩანს, სოხაძემ ჯარიმების დარტყმის უფლების ჩამორთმევა იწყინა და თანაგუნდელების მიერ კარგად მომზადებულ არეკნით, დაახლოებით 26 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა. შესვენებამდე დარჩენილმა დრომ სტუმართა შეტევებში ჩაიარა, მათ საკუთარი აუტი მოიგეს, ნიკოლეიშვილმა კარგი გარღვევა განახორციელა და მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი შეცვლაზე შესულ არჩუაშვილს შეაყოლა, მახარაშვილმა კი გარდასახვა არ გააფუჭა - 3:10. მსაჯის მიერ პირველ ტაიმზე წამატებულ დროს, “ვისოლი-ყოჩებმა” კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყო, მაგრამ ფეხით ბურთის შეცურებისას შეცდნენ, ის მეტოქეს ხელებში მიუვიდა და კონტრშეტევის საშუალება მისცა, მაგრამ სანამ სიჩქარეს აკრეფდა მომცრო ტანის მახარაშვილმა მომხვდური აუტის ხაზს იქით გადაათრია. მეორე ტაიმის დასაწ¬ყისში “აკადემიამ” ლამის ცენტრიდან სცადა ჯარიმის გატანა, დარტყმა არაზუსტი გამოდგა, მერე კი მასპინძლებს ლელოს გატანის შანსი მიეცათ, მაგრამ ნიჟარაძემ და სოხაძემ დიდი ძალისხმევის ხარჯზე სიტუაციის განმუხტვა მოახერხეს. ამასობაში 55-ე წუთიც დადგა და “ვისოლი-ყოჩებმა” მეორე ლელო გაიტანა. სოხაძემ ცენტრის ხაზის მახლობლად მიიღო ბურთი, ფეხით გადაკიდებას ინიციატივის საკუთარ თავზე აღება არჩია, სისწრაფეში, ცრუმოძრაობებით ხაზი გაჭრა, ბოლო მცველთან კონტაქტში შესვლას ბურთის ფეხით გადაკიდება არჩია, მას თავადვე შეყვა და “აკადემიის” ჩათვლის მოედანში დაამიწა, მახარაშვილმა კი რეალიზაცია ამჯერადაც გამოიყენა.
განახლდა თამაში ახლა უკვე ელიზბარაშვილმა გაიმეორე ის, რაც მანამდე სოხაძემ ჩაიდინა. მანაც ცენტრის სიახლოვეს, საკუთარ ნახევარზე მოიხელთა ბურთი, ჯერ განდაგან იარა, მერე სიჩქარეში “ვისოლი-ყოჩების” არეული ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედნამდე ირბინა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი გამოუვიდა - 8:17. ამის შემდეგ “ვისოლი-ყოჩებმა” ბურთის გაკონტროლებაზე დაიწყო ზრუნვა და ეს კარგადაც გამოსდიოდა, ოღონდ ცენტრის ხაზის გადალახვას ვერ ახერხებდა. მერე მათ საკუთარი 22-დან ხელით წაიღეს ბურთი და მეტოქის 22-მდე ჩააღწიეს, წესითა და რიგით ეს შეტევა ლელოთი უნდა დაგვირგვინებულიყო, მაგრამ არაზუსტმა გადაწყვეტილებამ მომენტი გააფუჭა, ცოტა ხანში კი მახარაშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან ჯარიმა დაჰკრა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. სულ ბოლოს მახარაშვილმა ბურთი ფეხით შორს მოიგერია, “ვისოლი-ყოჩებმა” “აკადემიას” მისი ამოტანის საშუალება არ მისცა, არეულ თამაშში ორივე გუნდის მორაგბეებმა ის რამდენჯერმე დაკარგეს, სიტუაციაში ყველაზე კარგად ცხვედიანი გაერკვა და თავისი გუნდის მესამე ლელო გაიტანა, მახარაშვილმა კი უკვე დასრულებული თამაშის შემდეგ იმდენ ხანს უტრიალა გარდასახვისთვის გამზადებულ ბურთს, რომ მსაჯს თავი მოაბეზრა და მატჩიც 25:8 დასრულდა.
XXII ჩემპიონატის მეორე ტურში, თბილისში გასული პირველობის ფინალი მეორდებოდა - თბილისის “ლელო” “ბათუმი XV”-ს მასპინძლობდა, მაგრამ მან გულშემატკივართა მოლოდინი ვერ გაამართლა. “ლელომ”, რომელმაც გასულ წელს ოქროს მედლები ყველა შეხვედრის მოგებით დაისაკუთრა, წარმატებული სერია განაგრძო და პირველობის ეგიდით ზედიზედ მე-18 დაპირისპირებაში იმარჯვა (16 შარშან, 2 წელს), სულ კი, თასის მატჩების ჩათვლით უკვე ზედიზედ 24 გამარჯვება დაუგროვდა. ზღვისპირელები აშკარად ვერ იყვნენ იშტაზე და ლევან მაისაშვილის შეგირდებმაც მეტოქეს 44:5 გადაურბინეს. იოლად, 32:6 იმარჯვა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის “ლოკომოტივმა”, რომელსაც გასული სეზონი ჩაუვარდა და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. გასულ წელს, ლოკომოტიველთა ცუდ სეზონს დასაბამი რუსთავის “ხარებმა” დაუდო, რომელიც ჩემპიონის სახელს არ შეეპუა და მაშინ დებიუტანტმა გუნდმა სენსაცია გამოაცხო. თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა შარშანდელი შეცდომა გაითვალისწინეს და ამჯერად “ხარებს” რქები წაამ¬ტვრიეს - თბილისელებმა რუსთავში 32:6 მოიგეს. II ტურში ყველაზე შედეგიანი და დაძაბული მატჩი ქუთაისის “აია”-სა და თბილისის “არმაზს” შორის გაიმართა. ქუთათურებმა პირველ ტურში თბილისში “ვისოლი-ყოჩები” დაამარცხეს და გულიანად იყვნენ, “არმაზმა” კი ერთი ხანობა ჩემპიონ “ლელოს” გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია და ტემპი ახლაც შეინარჩუნა. საბოლოოდ, გამარჯვება მაინც ქუთაისელებს დარჩათ, რომელთაც მეტოქეს 40:31 სძლიეს და ორი თამაშიდან ასპროცენტიანი შედეგით მესამე საფეხურზე დამკვიდრდნენ.
მომდევნო ტურში ყველაზე საინტერესო თბილისური დერბი იქნება, რომელშიც “ლოკომოტივი” “ლელოს” დაუხვდება. ერთ-ერთი მათგანი, ან ორივე (ფრის შემთხვევაში), ამ ჯახში ქულებს უცილობლად დაკარგავს და თუკი ქუთათურებმა თბილისში “აკადემიას” დამარცხება შეძლეს, მაშინ მათი სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება.
17 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი. 400 მაყურებელი
"აკადემია" (თბილისი) - "ვისოლი-ყოჩები" (თბილისი) 8:25 (3:10)
"აკადემია": შაშიაშვილი (ლომსაძე 37), მეკოკიშვილი (ჩაჩუა 63), ღამბაშიძე, ნებულიშვილი, გელაძე, ნიბლაძე, მაღლაკელიძე (მოლოდინაშვილი 63), გაჩეჩილაძე, ქოპილაშვილი, ელიზბარაშვილი, კიზირია, მარგიანი, წასიძე, ჭუაძე (ბატოიანი 51), დავითაშვილი.
მწვრთნელი: პ. ნარიმანაშვილი
1 ლელო: ელიზბარაშვილი
1 ჯარიმა: ელიზბარაშვილი
"ვისოლი-ყოჩები": ასეიშვილი, ბრეგვაძე, ხოსიტაშვილი (გოგიშვილი 63), მელაშვილი, მეტრეველი (არჩუაშვილი 32), ცხვედიანი, კალმახელიძე (გრძელიშვილი 57), ნიკოლეიშვილი (მამუკაშვილი 45), ი. გეგენავა, სოხაძე, ნიჟარაძე, ადანაია, მაისურაძე, სანდულაშვილი (ქუშაშვილი 55), მახარაშვილი.
მწვრთნელი: ლ. მგელაძე
3 ლელო: არჩუაშვილი, სოხაძე, ცხვედიანი
2 გარდასახვა: მახარაშვილი
1 ჯარიმა: მახარაშვილი
1 არეკნი: სოხაძევანი
“აია” (ქუთაისი) - “არმაზი” (თბილისი) 40:31
რუსთავი
“ხარები” (რუსთავი) - “ლოკომოტივი” (თბილისი) 6:32
თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა
“ლელო” (თბილისი) - “ბათუმი XV” (ბათუმი) 44:5
1 | ლელო | 2 | 2 | 0 | 0 | 78-17 | 4 |
2 | ლოკომოტივი | 2 | 2 | 0 | 0 | 44-16 | 4 |
3 | აია | 2 | 2 | 0 | 0 | 62-46 | 4 |
4 | ვისოლი-ყოჩები | 2 | 1 | 0 | 1 | 40-30 | 2 |
5 | ბათუმი XV | 2 | 1 | 0 | 1 | 31-61 | 2 |
6 | აკადემია | 2 | 0 | 0 | 2 | 18-37 | 0 |
7 | არმაზი | 2 | 0 | 0 | 2 | 43-74 | 0 |
8 | ხარები | 2 | 0 | 0 | 2 | 23-58 | 0 |
მომდევნო ტური
24 აპრილი:
არმაზი - ბათუმი XV, ლოკომოტივი - ლელო, ხარები - ვისოლი-ყოჩები, აკადემია - აია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია