საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრები, მაისის ბოლოს დანიის ქალაქ ოდენსეში გაემგზავრება, სადაც, 22-23 მაისს, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში დანარჩენ 11 უსუსტეს გუნდთან ერთად ითამაშებს.
ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი სულ მესამედ იმართება და ამიტომ, მისი რეგლამენტი ბოლომდე დადგენილი არაა. იმისათვის, რომ მომავალ წელს ქართველმა ქალბატონებმა უფრო მაღალ დონეზე ითამაშონ, მათ ტურნირის მოგება მართებთ. თუმცა, არაა გამორიცხული, ქალთა რაგბის რეიტინგების ცვლილებათა გამო, ეს პატივი ფინალისტს და შესაძლოა, მესამეადგილოსანსაც ერგოს.
7-ქალას უცვლელი მთავარი მწვრთნელი ზურაბ დუგლაძეა, რომელიც შეგირდების უკეთ მოსამზადებლად ყაზახეთში ტურნეს გეგმავდა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ეს შეკრება ჩაიშალა და ახლა მხოლოდ ბათუმური მზადების იმედადაა.
"სამწუხაროდ, ყაზახეთში დაგეგმილი შეკრება ჩაგვაშელა, არადა ის ევროპის ჩემპიონატისთვის უკეთ მოსამზადებლად ძლიერ წაგვადგებოდა. ახლა მხოლოდ ერთი შეკრების იმედად ვართ. ძირითადი ბირთვი უკვე შერჩეული გვყავს, მაგრამ ბათუმში, სადაც დასკვნითი შეკრება გვექნება, კანდიდატებს ამ ქალაქიდან და ქუთაისიდან დავაკვირდებით და შესაძლოა, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ნაკრები საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც ტულუზას მახლობლად ერთ-ერთ ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. ეს პირველი სერიოზული ტურნირი იქნება, რომელშიც ჩვენი გუნდი ითამაშებს" - განუცხადა "მსოფლიო სპორტს" დუგლაძემ.
7-ქალას ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გუნდები ორ ჯგუფად არიან განთესილები, საქართველოს ნაკრები კი ფავორიტად მიიჩნევა. ის A ჯგუფში "სკანდინავიელი ბარბაროსების", პოლონეთის, სერბეთის, სლოვენისაა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. 22 მაისს ქართველ გოგონებს "სკანდინავიელ ბარბაროსებთან" ელით გახსნითი მატჩი, მერე კი, ამავე დღეს სერბეთისა და უკრაინის ნაკრებებს ხვდებიან. მეორე დღეს დუგლაძის შეგირდები ჯგუფის დასკვნით მატჩს სლოვენიასთან გამართავენ და დაკავებული ადგილის მიხედვით, ან ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, ან მეხუთე, ანაც მეცხრე პოზიციისთვის, ანუ, მინიმუმ ორ თამაშს ჯერაც უცნობ მეტოქეებთან აუცილებლად გამართავენ. B ჯგუფში დანიის, ბოსნიის, უნგრეთის, ლიტვის, ლუქსემბურგისა და ნორვეგიის ნაკრებები თამაშობენ და მეტოქეებიც ამათგან გაირკვევა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია