თბილისის "ვისოლი-ყოჩებისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი სანდრო ნიჟარაძე, მარტის მიწურულსა და აპრილის პირველ დღეებში, საქართველოს A ნაკრებთან ერთად, სამხრეთაფრიკულ შეკრებაზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, იქ იმდენი რამ ისწავლა, რამდენსაც საქართველოში მთელი სარაგბო კარიერის განმავლობაში ვერ აითვისებდა.
ასეთი შთაბეჭდილებით დაბრუნდა 23 წლის გარემარბი სამხრეთ აფრიკიდან, სადაც "სტელენბოშის" აკადემიის 20-წლამდელთა გუნდთან პირველ მოგებულ შეხვედრაში, ერთ-ერთი ლელოს ავტორი გახდა. თბილისში დაბრუნებულს აშკარად ეტყობა, რომ ფიზიკურადაც მოღონიერებულა და საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში, ქუთაისის "აია"-ს ლამაზი ლელოც გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი ამ მატჩში მაინც დამარცხდა, მეორე ტურში კი, თბილისის "აკადემიას" დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.
"მსოფლიო სპორტი" სანდრო ნიჟარაძეს დაუკავშირდა და თავდაპირველად, სამხრეთაფრიკულ შეკრებაზე დაეკითხა.
- საუბარი სამხრეთ აფრიკის შეკრებით დავიწყოთ. რა ნახეთ იქ და რა შეგძინათ ამ ორმა კვირამ?
- სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ, ასეთი პირობები არსად მინახავს. საუკეთესო პირობები გვქონდა - ვცხოვრობდით ცალ-ცალკე ნომრებში, იდეალური კვება და აღდგენითი საშუალებები გვქონდა, მოედნებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ამ ორ კვირაში იმდენი რამ ვნახე და ვისწავლე, რასაც საქართველოში თამაშისას ვერასოდეს ვისწავლიდი.
- თქვენ იქ ადგილობრივი სპეციალისტებიც გავარჯიშებდნენ.
- დიახ, ისინი ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ. ყოველ დღე ერთი კონკრეტული საქმის სპეციალისტთან გვქონდა ვარჯიში - ერთ დღეს ფიზმომზადების მწვრთნელმა გვავარჯიშა, ერთ დღეს ფეხით თამაშში გავიწაფეთ, ცალკე ვივარჯიშეთ დაცვაში სწორად თამაშში და ასე შემდეგ. რვა წელია რაგბს ვთამაშობ და რაც ამ პერიოდში ვარჯიშები გვქონდა, ეგეთი არასდროს გვქონია.
- ფიზიკურად საკმაოდ მომატებული გაქვთ.
- ერთხელ ჩაგვიტარა ინსტრუქტაჟი ფიზმომდების მწვრთნელმა და მისი დანაბარებით ვვარჯიშობდით. აქაც სათანადოდ მოვემზადე, მაგრამ იქ სულ სხვა გათვლები აქვთ და ერთი კვირა, ლამის, დავწყდით, ისეთ დღეში ვიყავით. მოუმზადებელი სპორტსმენი ასეთ დატვირთვებს ვერ გაუძლებს, მაგრამ იქ ბავშვობიდან ამ მიმართულებით ამზადებენ სპორტსმენებს და შეჩვეულები არიან, ჩვენ კი შეუჩვევლები ვიყავით. მაგრამ გავუძელით და ბევრად უკეთეს კონდიციებში ვართ.
- აფრიკაში ორივე შეხვედრა მოიგეთ. სუსტი მოწინააღმდეგეები გყავდათ, თუ თქვენ ითამაშეთ განსაკუთრებულად ძლიერად?
- ვერ ვიტყვი სუსტი მოწინააღმდეგე იყო-თქო. 20-21 წლის ძლიერი, ტექნიკური ბიჭები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მაინც A ნაკრები ვართ და ქართული მონდომებით და ჯანით ვიმძლავრეთ.
- ამ შეხვედრებში, აქცენტი შედეგზე კეთდებოდა?
- მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენ საწვრთნელ შეკრებაზე ვიყავით და მწვრთნელებს ჩვენი შესაძლებლობების ხილვა უფრო აინტერესებდათ, მაგრამ გამარჯვება ყველას ძალიან გვსურდა და შედეგმაც არ დააყოვნა.
- ახლა, კლუბზეც ვთქვათ, "ვისოლი-ყოჩებმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო.
- თქვენ, ალბათ, ქუთაისის "აია"-სთან მარცხი გაქვთ მხედველობაში. ძალიან არეულები ვიყავით. ხუთი მორაგბე A ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იყო, მწვრთნელი 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ახლდა, პრაქტიკულად ერთად არც გვივარჯიშია, ისე გავედით მოედანზე და მარცხიც ამან განაპირობა.
- მაგრამ არც მეორე შეხვედრაში წაგივიდათ თამაში.
- დიახ, "აკადემისთანაც" ვერ ვითამაშეთ დალაგებულად. მწვრთნელის დავალება იყო, რომ ფეხით ხშირად გადაგვეკიდა ბურთი მეტოქის ზურგში, რათა ისინი დაგვეღალა და აგვერია. არეული თამაში გამოვიდა, მაგრამ მწვრთნელის დავალება ასეთი იყო და რაც მთავარია, გამარჯვება მოვიპოვეთ.
- რა შეიცვალა "ვისოლი-ყოჩებში" ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ?
- რაც მთავარია, დისციპლინა დამყარდა. ლევან მგელაძე სწორედ განსაკუთრებული დისციპლინითაა ცნობილი და ტრადიციას არც ჩვენთან უღალატა. სხვა მხრივ კი, ყველაფერი ძველებურადაა.
- რას ისახვს მიზნად "ვისოლი-ყოჩები" მიმდინარე გათამაშებაში?
- ისეთივე პრეტენზია გვაქვს, როგორიც ყველა სხვა დანარჩენ გუნდს, ანუ ჩემპიონობა გვსურს. მთავარ კონკურენტად მოქმედ ჩემპიონ თბილისის "ლელოს" მივიჩნევ, რომელიც შეკრული, მართლაც კარგი გუნდია. ეს ბიჭები უკვე დიდი ხანია ერთად თამაშობენ. კონკურენციას, ალბათ, სხვებიც გაგვიწევენ და ვნახოთ, რა გამოვა.
- რაგბის კავშირი ხელოვნურ მოედნებს ამზადებს, სადაც ჩემპიონატის თამაშები უნდა გაიმართოს. როგორ ფიქრობ, შეძლებთ "ხალიჩაზე" სასურველი თამაშის ჩვენებას?
- ზოგადად, ხელოვნურ მოედანზე რაგბის თამაში ძალიან რთულია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სად გვიწევს შეხვედრების ჩატარება... ჩვენ პრაქტიკულად გამხმარ მიწაზე ვთამაშობთ. მთავარია, რომ სათამაშო პირობები დალაგებული იყოს, ანუ ერთ დღეს თუ ხელოვნურ მოედანზე გვათამაშეს და მეორე დღეს მიწაზე, მაშინ ტრავმიანობის შანსი გაიზრდება. შეუჩვევლად ხელოვნურ მოედანზე თამაში, ძალიან რთული იქნება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია