ამბები

17:44 | 22.04.2010 | ნანახია 2301 - ჯერ

“შავი ზღვის თასს” ბათუმი უმასპინძლებს

წლეულს, 28 ივნისიდან 4 ივლისამდე, ბათუმში, “შავი ზღვის თასის“ მორიგი გათამაშება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, პოლონეთის, უკრაინისა და მოლდოვას ჩვიდმეტწლამდე მორაგბეთა გუნდები მიიღებენ.
აღნიშული შეჯიბრის სულისჩამდგმელი საქართველოს რაგბის კავშირი გახლავთ. პირველი გათამაშება ორი წლის წინ, ფოთში მოეწყო, სადაც საქართველომ რუმინეთისა და უკრაინის გუნდებს უმასპინძლა და პირველობა არავის დაუთმო.
საგულისხმოა, რომ 2008 წლის გათამაშებაში რუსეთიც იყო მოწვეული, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩვენი დიდი მეზობლის გუნდმა ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. მიზეზად ახალგაზრდა რუსი მორაგბეების მშობლების შეშფოთება დასახელდა, რაც რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობებით იყო გამოწვეული.
შექმნილი დანაკლისის შესავსებად, ფოთის „კოლხი რაინდების“ ბაზაზე დასავლეთ საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა, რომელმაც უკრაინას მოუგო და მესამე სატურნირო ადგილი დაიკავა.
საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, “შავი ზღვის თასის“ დებულების თანახმად, 2010 წელს, შეჯიბრის მასპინძელი რუმინეთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა საორგანიზაციო პრობლემებს თავი ვერ გაართვა და ტურნირის მიღებაზე უარი განაცხადა.
წლეულს, “შავი ზღვის თასის“ გათამაშების მასპინძლობა, FIRA AER-ის გადაწყვეტილებით, კვლავ საქართველოს ანდეს, რასაც ევროპული რაგბის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის ჟან-კლოდ ბაკეს მიერ მოწერილი წერილიც ადასტურებს: „მე, FIRA AER-ის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ბაკე, ვადასტურებ, რომ საქართველოს რაგბის კავშირს დავალებული აქვს 17-წლამდელთა ტურნირის ორგანიზება უკრაინის, პოლონეთის, მოლდოვასა და საქართველოს გუნდებს შორის 2010 წლის 28 ივნისიდან 4 ივლისამდე“.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეჯიბრის გამართვა ბათუმში იგეგმება, რაზეც რეგონის ხელმძღვანელობამ თანხმობა უკვე განაცხადა. აჭარის დედაქალაქში ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის აქტიური მუშაობა მიდის.
ცნობილია ისიც, რომ შეჯიბრის ფარგლებში, FIRA AER-ი მოთამაშეების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის საერთაშორისო სემინარს ჩაატარებს, რაც “შავი ზღვის თასის“ მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078117