ამბები

19:41 | 23.04.2010 | ნანახია 2455 - ჯერ

ბუქარესტის ექვსეული დაზუსტდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც 11-20 ივნისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ტრადიციულ ექვსგუნდა ტურნირ “IRB-ს ერთა თასში" მიიღებს მონაწილეობას, მეტოქეობას მასპინძელთა გარდა ნამიბიის ეროვნული ნაკრები, შოტლანდიის A, იტალიის A და არგენტინის A (იაგუარები) ნაკრებები გაუწევენ მეტოქეობას.
ტრადიციისამებრ, ეს ექვსი გუნდი ორ სამგუნდა ჯგუფში გადანაწილდება. ერთ ჯგუფში მოხვედრილი ნაკრებები ერთურთს კი არა, მეორე ჯგუფის სამ ნაკრებს გაეჯიბრება, რის შემდეგაც შედგება საერთო ცხრილი და უკეთესი მაჩვენებლის მქონე გამარჯვებულად გამოცხადდება. თამაშები 11, 15 და 20 ივნისს შედგება, ჯგუფები კი მომავალ კვირაში ჩამოყალიბდება.
"IRB-ს ერთა თასი” პირველად 2006 წელს პორტუგალიაში ჩატარდა და მასში მხოლოდ სამმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა - არგენტინის A ნაკრებმა, პორტუგალიისა და რუსეთის ეროვნულმა ნაკრებებმა, გამარჯვება კი არგენტინელებს დარჩათ. მომდევნო წლიდან ტურნირმა ბუქარესტში დაიდო ბინა და მონაწილეთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. 2007 წელს ჩაერთო გათამაშებაში საქართველოს ნაკრებიც და მიუხედავად იმისა, რომ შესუსტებული შემადგენლობით გამოდიოდა, ნამიბიის ეროვნულ და იტალიის A ნაკრებებს სძლია, მომავლის სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა და აფრიკელთა და არგენტინელთა შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. 2008 წელს “ბორჯღალოსნებმა” იტალიის A ნაკრები კიდევ ერთხელ იმსხვერპლეს, ზედ ურუგვაის ეროვნული გუნდი მიაყოლეს, მაგრამ სამხრეთ აფრიკასთან კვლავ დამარცხდნენ და ამჯერად, აფრიკელთა შემდეგ მეორე ადგილს უწიეს.
2010 წლის გათამაშებაში მონაწილე გუნდებიდან, "ბორჯღალოსნებს" სხვადასხვა დროს ყველასთან აქვთ ნათამაშები. რუმინეთისა და ქართველთა დამოკიდებულება ევროპის "ერთა თასიდან" ყველასათვის კარგადაა ცნობილი და აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუმინელებთან საქართველოს ნაკრებს ამ ჯერზე თამაში არ მოუწევს. ნამიბიის ეროვნულ გუნდს "ბორჯღალოსნები" პირველად 2007 წელს, სწორედ "IRB-ს ერთა თასზე” ეთამაშნენ და აფრიკელები 26:18 დაამარცხეს, მერე კი, ამავე წლის მსოფლიო თასზე 30:0 გაანადგურეს. არგენტინის A ნაკრები თბილისს გასული წლის ნოემბერში, ქართული რაგბის 50 წლისთავის აღსანიშნავად ეწვია და "ბორჯღალოსნებთან" 22: 24 დამარცხდა. იტალიის A ნაკრებს საქართველო ორჯერ ეთამაშა "IRB-ს ერთა თასზე” და ორივეჯერ იმარჯვა - 2007 წელს 22:20, 2008 წელს კი 25:3, ხოლო გასული წლის ნოემბერში ამ გუნდს აპენინებზე ეწვია და ამხანაგურ მატჩში 7:8 დამარცხდა. შოტლანდიის A ნაკრებთან ქართველებს ყველაზე ცუდი მოგონება გვაქვს, რადგანაც 2008 წლის ნოემბერში მათთან დიდი ანგარიშით - 3:69 დავმარცხდით.

ზურა ქსოვრელი


 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082473