ამბები

10:42 | 24.04.2010 | ნანახია 1965 - ჯერ

ჩემპიონატს ტრადიციული საფრთხე დაემუქრა

აბა, როდის ყოფილა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი წინასწარ გაწერილი განრიგით ჩატარებულიყო და როგორც ჩანს, გამონაკლისი არც ეს პირველობა იქნება.
მიზეზი არახალია - საქართველოს რაგბის კავშირი კი აშენებს ახალ მოედნებს და იმედოვნებდა, რომ ხელოვნურ საფარზე თამაში ნებისმიერ ამინდში შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ მშენებლობის დასრულებას საშველი არ დაადგა და XXII ჩემპიონატის მატჩებიც, ჯერჯერობით, "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე და ვარკეთილის მეურნეობაში იმართება. წვიმიან ამინდში, მორაგბეებს ვაკეში არ უშვენებ, ვარკეთილის მეურნეობის მოედანი კი ისე იტბორება, თამაში შეუძლებელია და კალენდარში ცვლილებები, ანუ მატჩების გადადება, გარდაუვალი ხდება.
არადა, მესამე ტურს, მთელი ქართული სარაგბო სამყარო მოუთმენლად ელის, რადგანაც "მიხეილ მესხზე" ქართული საზომებით უძლიერეს კლუბთა ჯახი, თბილისური დერბი, "ლოკომოტივისა" და "ლელოს" დაპირისპირება უნდა შედგეს, ეს კი, ახლა მხოლოდ ამინდის "კეთილ ნებაზეა" დამოკიდებული. თუ მორაგბეებს გაუმართლათ და თბილისში წვიმა არ მივიდა, მაშინ, სტადიონის ხელმძღვანელობა მათ "მწვანეს აუნთებს", თუ არა და, ეს დაპირისპირება, ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით გადაიდება. ანალოგიური სიტუაციაა დანარჩენი შეხვედრების გამართვასთან დაკავშირებით, ოღონდ აქ, სტადიონის ხელმძღვანელობის ნებასურვილზე აღარაფერია დამოკიდებული და თამაში იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოედნები არ დაიტბორება...
მოკლედ, საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ დღეს ნაშუადღევს გახმაურდება, მანამდე კი, საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა, "სპორტულ ამბებს" მხოლოდ ის უთხრა, რომ "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე, "ლოკომოტივისა" და "ლელოს" დუბლშემადგენლობათა მატჩი, რომელიც 15:00 საათზეა დანიშნული, 99 პროცენტის ალბათობით, გადაიდება, ძირითად გუნდთა ბედი კი, მხოლოდ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვევა. მისივე თქმით, ვარკეთილის მეურნეობაში დანიშნული შეხვედრები, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ ძლიერი წვიმა მოედანს ისე დატბორავს, რომ იქ გარჯა, სპორტსმენებისათვის შეუძლებელი იქნება, სხვა მხრივ კი, ქუთაისელთა და ბათუმელთა სტუმრობას საფრთხე არ ემუქრება და ეს გუნდები, თბილისში დათქმულ დროს იქნებიან.
რადგან ჩვენ მეტეოროლოგები არ ვართ და ამინდის პროგნოზის შესახებ წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მომავალი დაპირისპირებების შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით, დანარჩენს კი, განგება თავად გადაწყვეტს. ზემოთაც ვთქვით, რომ უმნიშვნელოვანესი, "ლოკომოტივისა" და "ლელოს" შეხვედრაა, რომელიც ბოლო წლებში უმთავრესი დაპირისპირების სტატუსით სამართლიანად სარგებლობს და ჩვენც, საუბარი ამ თამაშით დავიწყოთ.
მიმდინარე სეზონი ორივე გუნდმა მძიმედ, მაგრამ გამარჯვებებით დაიწყო - "ლოკომოტივმა" "აკადემიას" 12:10 მოუგო, "ლელომ" კი "არმაზს" 34:12 აჯობა. მეორე ტურში გუნდებმა უკეთ ითამაშეს და "ლოკომოტივმა" რუსთავში "ხარები" 32:6 დასცა, "ლელომ" კი, შარშანდელი ფინალისტი "ბათუმი XV" არ დაინდო - 44:5 გაანადგურა. შედეგად, ორი ტურის შემდეგ, ეს ორი გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეშია.
გასულ სეზონში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ლელო", მაშინდელ ჩემპიონ "ლოკომოტივს" ოთხჯერ შეხვდა და ოთხივეჯერ მარცხი აგემა, რისთვისაც, 2008 წელს ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხისათვის სრულფასოვნად ირევანშა. პრინციპში, "ლელომ" რევანში 2008 წელსვე აიღო, როდესაც "ლოკომოტივი" თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში დაამარცხა და იქიდან მოყოლებული, ლევან მაისაშვილის შეგირდებს, აგერ, უკვე 26 წაუგებელი მატჩი დაუგროვდათ, თანაც ისე, რომ ფრეც არ უთამაშიათ.
2009 წელს, რეგულარული პირველობის პირველი წრის მიწურულს დანიშნული შეხვედრა გადაიდო, გადადებულ მატჩში კი, "ლელომ" მეტოქე 24:10 დაამარცხა. რეგულარული გათამაშების დასკვნითი ტური, შედარებით დაძაბული გამოდგა და მაისაშვილის შეგირდებმა "ლოკომოტივს" ლელოთი და გარდასახვით აჯობეს - 27:20, ფლეი ოფში, "ლელოს" უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი იყო და თემურ ბენდიაშვილის შეგირდები 33:14 დაიბრიყვა, მაგრამ "ლოკომოტივი" მცირე ფინალში "ბათუმი XV"-თან დამარცხდა და წლის უმნიშვნელოვანეს ჯახში, ეს დაპირისპირება არ შედგა. სამაგიეროდ, ქართული რაგბის გულშემატკივარმა, ოცნება საქართველოს თასის ფინალში აიხდინა. ბევრს ეცადა "ლოკომოტივი" დაკარგული ჩემპიონობა "ლელოსთვის" თასის ჩამორთმევით ეზღვევინებინა და პირველი ნახევარი 16:10 მოიგო, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მონაგარს კიდევ ორი ჯარიმა შემატა და 12 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ბოლოსკენ "ლელომ" გაილაღა - ჯერ ლელო-გარდასახვით სხვაობა შეამცირა, 58-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა, 67-ე წუთზე კი, კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და 23:22 იმარჯვა, რითაც, დუბლი შეასრულა. ასეთი ისტორიის მქონე გუნდების დაპირისპირება, ბუნებრივია, დიდ ინტერესს იწვევს და შეძლებს თუ არა "ლოკომოტივი" "ლელოს" მოგებათა სერიის შეჩერებას, დარიანი ამინდის შემთხვევაში ვაკეში გამოჩნდება. თუ თამაში შედგა, ის 17:00 საათზე დაიწყება.
ვარკეთილის მეურნეობაში გასამართ პირველ შეხვედრაში, 15:00 საათზე, თბილისის "აკადემიამ" ქუთაისის "აია"-ს უნდა უმასპინძლოს. ეს გუნდები გასულ სეზონში მეხუთე-მეექვსე ადგილებზე დარჩნენ. შესაბამისად, ვერც საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვდნენ და არც გავარდნის საფრთხე დამუქრებიათ. სამაგიეროდ, ურთიერთშეხვედრებში ქუთაისელებმა ივაჟკაცეს - პირველ წრეში, თბილისში 17:9, ხოლო მეორე წრეში, ქუთაისში 24:12 იმარჯვეს. მიმდინარე სეზონში, გუნდებმა საპირისპირო შედეგები აჩვენეს - "აია"-მ ორივე შეხვედრა მოიგო, "აკადემია" კი ორივეში დამარცხდა. ქუთაისელებმა პირველ ტურში, თბილისში, "ვისოლი-ყოჩებთან" 22:15 იმარჯვეს, მეორე ტურში კი, საკუთარ მოედანზე "არმაზს" სძლიეს - 40:31. "აკადემია" პირველ ტურში "ლოკომოტივს" მედგრად ეომა, მაგრამ 10:12 დამარცხდა, მეორე ტურში კი, "ვისოლი-ყოჩებთან" 8:25 წააგო და ახლა, პირველი გამარჯვების მოლოდინშია.
ვარკეთილის მეურნეობაში მეორე თამაში 17:00 საათზე უნდა დაიწყოს და მასში, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული თბილისის "არმაზი" "ბათუმი XV"-ს დაუხვდება. "არმაზმა" წელს ჩატარებული ორივე მატჩი დათმო - ჯერ ჩემპიონ "ლელოსთან" 12:34, ხოლო შემდეგ, ქუთაისში "აია"-სთან 31:40. ბათუმელებმა, რომლებიც გასულ წელს ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ, პირველ წრეში ზღვისპირეთში რუსთავის "ხარები" 26:17 დაჯაბნეს, მეორე წრეში კი, თბილისში, ჩემპიონ "ლელოს" ვერ გაუმკლავდნენ და 5:44 განადგურდნენ.
რუსთავში, მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერი "ხარები" თბილისის "ვისოლი-ყოჩებს" მასპინძლობს. გასულ წელს, თბილისელებს ამ ქალაქში თამაში ძლიერ გაუჭირდათ, მაგრამ გამარჯვებას მაინც მიაღწიეს - 19:16, თბილისში კი, მეტოქეს მხოლოდ 3 ქულის აღების საშუალება მისცეს, თავად კვლავ 19-ს მოუყარეს თავი (19:3 მოიგეს). მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში, რუსთაველები ბათუმში 17:26 დამარცხდნენ, მეორე ტურში კი, "ლოკომოტივთან" საკუთარ ქალაქში 6:32 განადგურდნენ. ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე "ვისოლი-ყოჩები", 2010 წლის სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისის "აია"-ს დაუხვდა და 15:22 შერცხვა, მეორე ტურში კი "აკადემიას" 25:8 აჯობა და წარმატებული სვლის გაგრძელებას რუსთავში ეცდება. თუ ამინდმა და მოედანმა გუნდებს ამის საშუალება მისცა, თამაში 16:00 საათზე დაიწყება.     

24 აპრილი. შაბათი
თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა 15:00 საათი
აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი)

თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა 17:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი)

თბილისი. "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 17:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი)

რუსთავი. 16:00 საათი
ხარები (რუსთავი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი)

1. ლელო  2 2 0 0 78-17 4
2. ლოკომოტივი 2 2 0 0  44-16 4
3. აია 2 2 0 0 62-46 4
4. ვისოლი-ყოჩები 2 1 0 1  40-30 2
5. ბათუმი XV 2 1 0 1 31-61 2
6. აკადემია 2 0 0 2 18-37 0
7. არმაზი 2 0 0 2 43-74 0
8. ხარები 2 0 0 2   23-58 0

მომდევნო ტური
1 მაისი
: არმაზი - აკადემია, ბათუმი XV - ლოკომოტივი, ლელო - ვისოლი-ყოჩები, აია - ხარები.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079456