ირლანდიის ნაკრებმა იტალია უბრალოდ არ შეიმჩნია, დუბლინში ცხრა ლელო გაუტანა და 58:15 გაანადგურა, რითაც კიდევ ერთხელ დაბადა კითხვა - არის კი იტალია ექვსი ერის დონის და სპორტული თვალსაზრისით რა დააკლდება ევროპის უმთავრეს სანაკრებო ტურნირს, თუკი მისი ბოლოადგილოსანი ერთა თასის გამარჯვებულთან გადათამაშებას გამართავს?
უმრავლესობის აზრით, ამით ექვსი ერის მონაწილე გუნდების მოტივაცია გაიზრდება და გაიზრდება, ქვედა დონის, ერთა თასის გუნდების მონდომებაც, რადგან მათ წარმატების შემთხვევაში მომავალ წელს ხუთი უმღლესი დონის თამაშის ჩატარების შანსი გაუჩნდებათ. ახლა წარმოიდგინეთ, რა იქნება თავად საპლეიოფო ჯახი ვთქვათ იტალიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, სადაც ერთ გოჯსაც კი არავინ დათმობს და ამით უწინარესად მოიგებს რაგბი, მერე თავად ეს გუნდები და თუ უნდათ ამ პლეი ოფიდან მიღებული, სავარაუდოდ არცთუ მცირე შემოსავალი, ისევ ექვსი ერის გაუმაძღარმა „ბოსებმა“ წაიღონ.
თავად თამაშს რაც შეეხება, რომელსაც წლევანდელი ექვსი ერის „ხის კოვზის“ მფლობელი უნდა გამოევლნა, საინტერესო საყურებელი ვერ გამოდგა. ეს იმიტომ, რომ ერთი გუნდი მეორეს მაგრად ჯაბნიდა, თორემ „ავივაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა ლამაზი ლელოებით ისიამოვნა. სხვაობა ბევრად დიდი იქნებოდა, რომ არა ჯონათან სექსტონის რამდენიმე აცილებული გარდასახვა და „საპატიებელი მოდუნება“ ირლანდიელთა მხრიდან, რომლებმაც მეტოქეს ორჯერ მისცეს ლელოს გატანის და ანგარიშის შელამაზის შესაძლებლობა.
ექვსი ერის ბოლო ორი წლის გამარჯვებულმა ირლანდიამ, მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა. როგორც ჩანს, განვლილი სამი თამაშისთვის ისინი ერთგვარ ვალდებულებას გრძნობდნენ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და მაგრად მოინდომეს. ამას ხელი მეტოქის სისუსტემაც შეუწყო. იტალიელებმა რამდენიმე ისეთი შეცდომა დაუშვეს, რომელსაც სხვა, ირლანდიაზე უფრო სუსტი გუნდიც არ აპატიებდა და ექვსი ერში თამაშის მე-17 წლისთავზე, მე-11-ედ გახდა „ხის კოვზის“ ღირსეული მფლობელი.
პირველი შეცდომა ლეონარდო სარტოს შეცდომას მოყვა, რომელმაც ნამეტანი მოინდომა და მისი „ტექნიკურობა“ გუნდს 5 ქულად დაუჯდა - თავისუფალი ბურთი ჯარედ პეინმა აიტაცა, ხოლო ჯონათან სექსტონმა ის ენდრიუ ტრიმბლს გააყოლა. შესვენებამდე კიდევ სამი ლელო გავიდა, თავი ჯეკ მაკგრეიტმა, კრისტიან სტენდერმა და ჯეიმს ჰისლიპმა გამოიჩინეს. განსაკუთრებით ლამაზი ამ უკანასკნელის ლელო აღმოჩნდა, რომელიც ირლანდიელებმა საკუთარი 22-იდან წამოიწყეს და მანძილი ლამაზი ბურთაობით მაღალ სისწრაფეზე დაფარეს - 25:3.
თამაში განახლდა და 15 წუთში ჯარედ პეინმა, ჰისლიპმა და შონ კრონინმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს, რის შემდეგაც ანგარიში გამანადგურებელი გახდა [46:3]. მასპინძლები გართობაში მოეშვნენ, მაგრამ დევიდ ოდიეტეს ლელოს გატანა იან მედიგანმა არ აპატია, ხოლო ლეონარდო სარტოს ფერგუს მაკფადენმა უპასუხა და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა - 58:15.
ექვსი ერის დასკვნით ტურში იტალია უელსში მიდის და უკეთესი დღე არც იქ ელოდება, ხოლო ირლანდია კიდევ ერთ აუტსაიდერ შოტლანდიას დაუხვდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არაა მარა ...