ამბები

11:30 | 28.04.2010 | ნანახია 2343 - ჯერ

“მონტობანი” გაკოტრდა

გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანმა”, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის საგზური თავდადებული ბრძოლით კი შეინარჩუნა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ფულადი დავალიანების დაფარვა ვერ მოახერხა და თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ეს გუნდი ქვედა დივიზიონში დაეშვება.
დასკვნით ტურში “მონტობანს” უძლიერესთა შორის დასარჩენად უშუალო კონკურენტი “ბაიონი” უნდა დაემარცხებინა, გუნდმა ამოცანა წარმატებით შეასრულა - მეტოქეს 22:8 აჯობა, მე-12 ადგილზე აინაცვლა და Pro D2-ში დასაქვეითებლად “ბაიონი” გაწირა. თუმცა, ახლა “ბაიონი” უძლიერესთა შორის მაინც დარჩება, რადგანაც მონტობანელებმა ვალი - 3 მილიონი ევრო ვერ გადაიხადეს.
ადრე გავრცელებული ცნობით, დავალიანება 1,7 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ საბოლოოდ თანხა ბევრად მეტი აღმოჩნდა. “მონტობანის” უბედურება იმით დაიწყო, რომ კლუბმა სტადიონის რეკონსტრუქციისთვის 1,7 მილიონი ევროს ოდენობის სესხი აიღო. მერე ამ თანხას პროცენტები დაერიცხა, “მონტობანმა” კი სპონსორი, რომელიც აღნიშნულ თანხას დაფარავდა, ვერ იშოვა და ახლა ქვედა დონეზე მოუწევს დაშვება. კლუბის დირექტორთა საბჭომ გაკოტრების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კლუბის გადარჩენის ბოლო გეგმა წარუმატებლად დასრულდა.
“მონტობანის” გასაჭირი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. თუ გარკვეულ დროში დავალიანების დაფარვა მაინც ვერ მოხერხდა, ამ გუნდს Pro D2-ში დაქვეითებას არ აკმარებენ და ფედერალ 3-ში მოისვრიან. ასე რომ, ახლა კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ უფრო დიდი უბედურების თავიდან ასაცილებლად მოუწევს ბრძოლა.  

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079234