მესამე ტურისა არ იყოს, საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატის IV ტურის მატჩების გამართვაც ბუნების ძალაზე ჰკიდია. თუ პროგნოზისტთა ვარაუდი გამართლდა და საქართველოს უხვი ნალექი კვლავ თავს დაატყდა, წინას მსგავსად, ამ ტურმაც მოგჭამათ ჭირი, მაგრამ თუ კარგი დარი დაიჭირა, საქართველოს სამ ქალაქში ოთხი შიდა სარაგბო ჯახი გაიმართება, რომელთაგან ცენტრალურები ბათუმსა და ვარკეთილის ველებზე შედგება.
ბათუმში, გასული ჩემპიონატის მცირე ფინალის განმეორება იქნება. "ბათუმი XV", რომელიც წლეულს შარშანდელივით მძლავრი ალბათ ვეღარ იქნება, სიტუაციის შეცვლას საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივთან" შეეცდება. გასული სეზონის მიწურულს, ზღვისპირელებმა მაშინდელი ჩემპიონი "სინათლეზე" 17:15 დააჩოქეს და ყველას მოლოდინი გაუცრუეს, რადგანაც რაგბის ქართველი გულშემატკივარი ფინალში "ლელო"-"ლოკომოტივის" ტრადიციულ დაპირისპირებას ელოდა, მაგრამ ლევან მგელაძის გონიერებამ, ბათუმელი მორაგბეების თავდადებამ და ბათუმიდან თბილისს ნასტუმრები 1000-მდე გულშემატკივარის შეძახილებმა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. არადა, მანამდე თბილისელებს მეტოქე ორჯერ ჰყავდათ დამარცხებული - ბათუმში 29:20, ხოლო თბილისში 16:8.
ახლა ბათუმელებს ძველი ძალა აღარ მოსდგამთ. მართალია, პირველ ტურში მათ რუსთავის "ხარებს" 26:27 სძლიეს, მაგრამ მეორე ტურში ჩემპიონ "ლელოსთან" 5:44 განადგურდნენ და ცხადი გახდა, რომ ამ კლუბს გასული წლის წარმატების განმეორება გაუჭირდება. "ლოკომოტივმა" სეზონი კარგად დაიწყო. მართალია, პირველ ტურში გაუჭირდა და "აკადემიას" მხოლოდ 12:10 აჯობა, მაგრამ მეორე ტურში რუსთავს ეწვია და მასპინძელთა გუნდი 32:6 დასცა, აი მესამე წრეში კი, მათი და "ლელოს" საინტერესო დაპირისპირება წვიმამ ჩაშალა და თემურ ბენდიაშვილსა და მის შეგირდებს, საკუთარი ამბიციის დამტკიცება ახლა ბათუმიდან მოუწევთ.
IV ტური ისეა გაწერილი, რომ უდანაკარგო სამეულს უდანაკარგო სვლის გაგრძელება შეუძლია. "ლოკომოტივზე" ზემოთ ვთქვით, მეორე ცენტრალურ მატჩში კი, ვარკეთილში "ლელო" "ვისოლი-ყოჩებს" მასპინძლობს და არა მხოლოდ წლევანდელი, არამედ 28-მატჩიანი წაუგებელი სერიის განვრცობას ეცდება. გასულ წელს "ლელომ" მეტოქეს 32:16 და 37:20 აჯობა, მაგრამ წელს "ვისოლი-ყოჩებს" ბათუმელთა შარშანდელი სენსაციის შემოქმედი ლევან მგელაძე წვრთნის და საჩემპიონო ამბიციაც მოეძალა. მიუხედავად ამისა, "ყოჩებმა" სეზონი ცუდად დაიწყო და თბილისში ქუთაისის "აია"-სთან 15:22 შერცხვა, მაგრამ მეორე ტურში მედგრად მებრძოლ "აკადემიას" 25:8 აჯობა და ახლაც მოგების იმედადაა.
ლიდერთა სამეულიდან ყველაზე "იოლ" ორ ქულას ქუთაისის "აია" ელის, რომელიც ვანში, აუტსაიდერ რუსთავის "ხარებს" მასპინძლობს. ქუთაისელებმა თბილისში "ყოჩების" წამოქცევა არ იკმარეს და მეორე ტურში ზედ "არმაზი" დააყოლეს - 40:31, ახლა კი "ხარებისთვის" რქების წამტვრევას ეცდებიან. რაც შეეხებათ რუსთაველებს, ისინი ჯერ ბათუმში დამარცხდნენ (17:26), მერე კი "ლოკომოტივთან" საკუთარმა კედლებმაც ვერ უშველათ - 6:32.
გასულ ჩემპიონატში "აია"-მ რუსთაველებს პირველ წრეში სტუმრად 8:10 განცდილი მარცხი ყელში ამოადინა და ვანში 32:13 იმარჯვა. ახლა გამარჯვებას ქუთაისელთათვის ლიდერთა შორის დარჩენის ფასი აქვს, რუსთაველები კი კვლავაც პირველი ქულის მოლოდინში არიან.
პირველ ქულას ელიან და ერთ-ერთი მაინც აიხდენს ოცნებას "არმაზისა" და "აკადემიას" დაპირისპირებაში. ორივე გუნდი სიმპათიურად კი გამოიყურება, მაგრამ გამარჯვების, ანაც თუნდაც ფრის გემო, მათ წელს ჯერაც არ გაუგიათ და ახლა მისი დაჭაშნიკების კარგი შანსი აქვთ. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "არმაზი" პირველ ტურში ჩემპიონ "ლელოსთან" 12:34 დამარცხდა, მერე კი ქუთაისში "აია"-ს დიდი ჩამორჩენა "ამოუქაჩა", თუმცა მარცხს მაინც ვერ გადაურჩა - 31:40. "აკადემია" სადებიუტო ტურში "ლოკომოტივს" შეაკვდა და მეტოქეს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა (10:12), მეორე ტურში კი "ვისოლი-ყოჩებს" პირველ ტაიმში შეეწინააღმდეგა, თუმცა, უსახურ მატჩში საბოლოოდ მაინც დამარცხდა - 8:25.
ახლა თვალები ზეცას უნდა მივაპყროთ და თუ წვიმამ მოედნები არ დატბორა, იძულებითი შესვენებით თამაშს მოწყურებული მორაგბეები საინტერესო სანახაობას გვპირდებიან.
საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატი
უმაღლესი ლიგა. IV ტური. 1 მაისი. შაბათი
თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა. 15:00 საათი
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
ბათუმი. "ანგისა". 15:00 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ვანი. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - ხარები (თბილისი)
თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა. 17:00 საათი
ლელო (თბილისი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი)
1 | ლელო | 2 | 2 | 0 | 0 | 78-17 | 4 |
2 | ლოკომოტივი | 2 | 2 | 0 | 0 | 44-16 | 4 |
3 | აია | 2 | 2 | 0 | 0 | 62-46 | 4 |
4 | ვისოლი-ყოჩები | 2 | 1 | 0 | 1 | 40-30 | 2 |
5 | ბათუმი XV | 2 | 1 | 0 | 1 | 31-61 | 2 |
6 | აკადემია | 2 | 0 | 0 | 2 | 18-37 | 0 |
7 | არმაზი | 2 | 0 | 0 | 2 | 43-74 | 0 |
8 | ხარები | 2 | 0 | 0 | 2 | 23-58 | 0 |
მომდევნო ტური
8 მაისი: ლოკომოტივი - არმაზი, ბათუმი XV - ვისოლი-ყოჩები, ლელო - აია, ხარები - აკადემია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია