ამბები

9:45 | 1.05.2010 | ნანახია 3352 - ჯერ

ბუქარესტში ჩემპიონით ვიწყებთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ივნისის თვეში გასამართ "IRB-ს ერთა თასის" გათამაშებას, ამ ტურნირის მოქმედ ჩემპიონ შოტლანდიის A ნაკრებთან ჯახით იწყებს.
ტიმ ლეინის შეგირდებს ბრწყინვალე შანსი ეძლევათ, 2008 წლის ნოემბერში სქოთებთან 3:69 განადგურებისთვის, სრულფასოვანი რევანში აიღონ და თუ ეს მოახერხეს, ტურნირის გამარჯვების ერთ-ერთ ფავორიტებადაც იქცევიან. მეორე მატჩი, "ბორჯღალოსნებს" ბუქარესტში არაერთხელ ძლეულ იტალიის A ნაკრებთან ელით, სულ ბოლოს კი, ორჯერ  დამარცხებულ ნამიბიის ეროვნულ გუნდს ხვდებიან და ცნობილ მეტოქეთა კიდევ ერთხელ წაქცევა, პრობლემა არ უნდა იყოს. სამი თამაშის მოგება კი, "IRB-ს ერთა თასის" მოგების დიდი წინაპირობა იქნება. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელი იქნება ის, თუ როგორ ჩაატარებენ საკუთარ მატჩებს რუმინეთის ეროვნული ნაკრები და არგენტინის "იაგუარები" (იგივე A ნაკრები), რის შემდეგაც, საქართველოს ნაკრებს საბოლოო ცხრილში პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი ექნება.
ტურნირის ფორმატი ასეთია: ექვსი გუნდი ორ სამგუნდა ჯგუფში ნაწილდება, ოღონდ ისე, რომ ერთ ჯგუფში მოხვედრილი ნაკრებები ერთურთს კი არა, მეორე გუნდის სამ ნაკრებს ეთამაშებიან. ყველა მონაწილეს სამ-სამი შეხვედრა უგროვდება, რის შემდეგაც დგება საერთო ცხრილი და უკეთესი მაჩვენებლის მქონე ნაკრები, ტურნირის გამარჯვებულად ცხადდება. მოგებაზე გუნდს ოთხი ქულა ერიცხება, ფრეზე ორი, წაგებაზე ნული; შვიდი და ნაკლები ქულით მარცხისათვის, ან ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის კი, გუნდი ერთ პრემიალურ ქულას იღებს.
საქართველოს ნაკრების ჯგუფში, არგენტინის "იაგუარები" და რუმინეთის ეროვნული ნაკრები მოხვდნენ, მეორე ჯგუფში კი, შოტლანდიის და იტალიის A ნაკრებები და ნამიბიის ეროვნული ნაკრები გაერთიანდნენ. პირველი ტურის მატჩები "ტრიუმფალურ არკაზე" 11 ივნისს გაიმართება და საქართველოსა და შოტლანდიის A ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ამავე ტურში, რუმინეთი ნამიბიას, ხოლო არგენტინის "იაგუარები" იტალიის A ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე ტურში, ანუ 15 ივნისს, პირველი შეხვედრა საქართველოსა და იტალიის A ნაკრებებს შორის შედგება, მერე კი, შოტლანდიის A ნაკრები ნამიბიას, ხოლო რუმინეთი "იაგუარებს" შეხვდება. დასკვნითი მესამე ტური 20 ივნისსაა დანიშნული და მას, საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებები ხსნიან, რასაც იტალიის A და რუმინეთის ეროვნული გუნდის დაპირისპირება მოჰყვება, სულ ბოლოს კი, ორგანიზატორების მიერ ფინალად მიჩნეული არგენტინის "იაგუარებისა" და შოტლანდიის A ნაკრებების სუპერჯახი შედგება, რომელმაც, წესით, ტურნირის გამარჯვებულიც უნდა გამოავლინოს. იმედია, პირველ ტურში "ბორჯღალოსნები" ორგანიზატორების გეგმებს თავდაყირა დააყენებენ, სქოთებს დაამარცხებენ და IRB-ს გათვლაც ფუჭი გამოდგება.
ეს ტურნირი IRB-მ 2006 წელს დააარსა და მიზნად, ეგრეთ წოდებული, მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ეროვნული ნაკრებების პირველი დონის ნაკრებების სათამაშო დონესთან მიახლოვება დაისახა. სწორედ ამიტომ, მეორე დონის ისეთი ქვეყნის გუნდები, როგორიც საქართველო, რუმინეთი და ნამიბია არიან, ძალებს პირველი დონის A ნაკრებებთან ცდიან. პირველ წელს, გათამაშებას ლისაბონმა უმასპინძლა, მასში ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა (არგენტინის და იტალიის A ნაკრებებმა და რუსეთისა და პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა) და გამარჯვება არგენტინელებმა იზეიმეს. მომდევნო გათამაშებიდან, "IRB-ს ერთა თასი" ბუქარესტში დაფუძნდა, ფორმატი შეიცვალა და ექვსგუნდიანი გახდა. სწორედ იქ ითამაშა პირველად საქართველოს ნაკრებმა, სადებიუტო შეხვედრაში ნამიბიის ეროვნულ გუნდს 26:18 სძლია, მერე "მომავლის სამხრეთ აფრიკასთან" მძიმე ბრძოლაში 7:24 დამარცხდა, სულ ბოლოს კი, იტალიის A ნაკრები 22:20 დასცა და საპატიო მესამე ადგილს დასჯერდა. "ბორჯღალოსნები" ჩემპიონ სამხრეთაფრიკელებს და არგენტინის A ნაკრებს ჩამორჩნენ, უკან კი ნამიბიელებთან და იტალიელებთან ერთად, რუმინეთის ნაკრებიც მოიტოვეს.
2008 წელს, ქართველებმა კიდევ უკეთესი შედეგი აჩვენეს. პირველ ტურში "მომავლის სამხრეთ აფრიკასთან" კიდევ უფრო მედგრად იბრძოლეს და მხოლოდ 3:11 დამარცხდნენ, მერე ურუგვაის ეროვნული გუნდი 20:18 წააქციეს, მესამე ტურში კი იტალიის A ნაკრები 25:3 შეარცხვინეს და მეორე ადგილს უწიეს. პირველი ადგილი ამჯერადაც  სამხრეთაფრიკელებმა დაიკავეს, ქართველთა უკან კი რუმინეთი, იტალია, ურუგვაი და რუსეთი აღმოჩნდნენ. გასულ წელს, საქართველოს ნაკრებმა ძალები "ჩერჩილის თასზე" მოსინჯა და ბუქარესტში არ უთამაშია, გამარჯვება კი შოტლანდიის A ნაკრებს დარჩა.
ახლა, "ბორჯღალოსნები" კვლავ ბუქარესტში ბრუნდებიან, რითაც IRB და ტურნირის ორგანიზატორები ძლიერ კმაყოფილნი არიან, რასაც რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარდ ლაპასე არც მალავს.
"მოუთმენლად ველით "IRB-ს ერთა თასის" დაწყებას და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ გათამაშებას უბრუნდებიან ნამიბიის ეროვნული ნაკრები (2007 წლის შემდეგ) და საქართველოს ნაკრები, რომელმაც გასულ წელს "ჩერჩილის თასზე" ითამაშა. ეს ტურნირი, მეორე დონის ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სამივე მათგანი, 2011 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობისთვის ემზადება. ასევე მნიშვნელოვანია არგენტინისათვის, რომელიც 2012 წლიდან გაფართოვებულ "სამ ერში" ჩაერთვება და მოთამაშეთა სათამაშო დონის ამაღლება ესაჭიროება", - თქვა ლაპასემ.
"IRB-ს ერთა თასი" ამ ორგანიზაციის სრული მხარდაჭერით და დაფინანსებით ტარდება, რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების მენეჯერმა მარკ იგანმა კი, რომელიც ამ ტურნირის ჩატარების სულისჩამდგმელია, მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნა.
"ჩვენი სტრატეგიული, საინვესტიციო პროგრამის მთავარი ელემენტი ისაა, რომ ისეთი ქვეყნების მორაგბეებს, როგორებიც რუმინეთი, ნამიბია და საქართველო არიან, მაღალ დონეზე თამაშის მეტი შესაძლებლობა მიეცეთ. რაც შეეხება იტალიის, არგენტინისა და შოტლანდიის A ნაკრებების მოთამაშეებს, მათ ფასდაუდებელი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, რის შემდეგაც, ამ ქვეყნის ეროვნული გუნდები მაღალკვალიფიციური სპორტსმენებით შევსებას იღებენ", - დაამატა იგანმა.
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე შოტლანდიის A ნაკრები, გასულ წელს მოპოვებული ტიტულის დათმობას არ აპირებს და ბუქარესტის ტურნირისთვის სერიოზულად ემზადება. მართალია, ამ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ენდი რობინსონი "გლაზგოს" თავკაცმა შონ ლინენმა შეცვალა, მაგრამ ამით, სქოთთა ამბიცია არ შეცვლილა. გუნდის შემადგენლობა მაისის შუა რიცხვებში დასახელდება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ისინი რუმინეთში საქართველოსთან მატჩამდე ხუთი დღით ადრე, 6 ივნისს ჩავლენ. ლინენი ყველაზე დიდი გულისყურით საქართველოსთან მატჩს ელოდება და მიზეზად სამ ფაქტს ასახელებს - საქართველოს ეროვნული ნაკრები 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე B ჯგუფში შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს, მას კარგად ახსოვს, თუ როგორ გადაურჩა ირლანდიის ეროვნული გუნდი 2007 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე საქართველოსთან მარცხს და რიჩი დიქსონი, რომელიც თავის დროზე შოტლანდიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, ახლა საქართველოშია და ჩვენს ქვეყანას, რაგბის განვითარების კუთხით, ტექნიკურ დახმარებას უწევს.
"ეს ტურნირი, ეროვნული ნაკრების კანდიდატთა გამოცდისთვის ზედგამოჭრილია, მით უმეტეს, რომ ამავე პერიოდში, შოტლანდიის ეროვნულ გუნდს არგენტინაში ტურნე აქვს დაგეგმილი და უძლიერესი მორაგბეები უცილობლად დაგვაკლდებიან. რუმინეთში ტიტულის დასაცავად მივდივართ და სტიმული არ გვაკლია, ზოგიერთ მორაგბეს, ისეთებს, რომლებმაც ბუქარესტში გასულ წელს გამარჯვება იზეიმეს, ის მოჭარბებულადაც კი აქვთ და კიდევ ერთხელ სურთ დამტკიცება, რომ ეროვნული ნაკრების კანდიდატობის ღირსნი არიან. რაღა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებთან სპეციფიკური თამაში გვექნება და ამისათვის რამდენიმე მიზეზი გვაქვს. საინტერესოა მსოფლიო თასის კიდევ ერთ მონაწილე ნამიბიასთან თამაში, არგენტინის "იაგუარებს" კი, ბოლოს, 2008 წლის "ჩერჩილის თასზე" ვეთამაშეთ, 27:24 დავამარცხეთ და შედეგად, იმ გათამაშების ფინალში გავედით", - განაცხადა ლინენმა.
შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთან მსოფლიო თასზე თამაშის წინ, მათ A გუნდთან ძალების მოსინჯვა "ბორჯღალოსნებისთვისაც" ძლიერ საინტერესოა, მაგრამ ჯერ არავინ იცის, ტიმ ლეინი საკუთარი გუნდის შესაძლებლობებს საიდუმლოდ შეინახავს, თუ მეტოქესთან 2008 წლის ნოემბერში 3:69 შერცხვენისთვის რევანშის ასაღებად იბრძოლებს. ერთი რამ აქედანვე ცხადია: ბუქარესტის ტურნირსთვის, საქართველოს ნაკრებმა უძლიერესი შემადგენლობით შეკრება ვერასდროს მოახერხა და ეს სამწუხარო ტრადიცია, არც ამჯერად დაირღვევა, ეს კი ქართველთა შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესი შემადგენლობა არცერთხელ არ ყოფილა, "ბორჯღალოსნებმა" იტალიის A ნაკრები ამ ტურნირზე ორჯერ დაიბრიყვეს - 22:20 და 25:3, მაგრამ გასული წლის ნოემბერში, მათ სტუმრად ამხანაგურად გაეჯიბრნენ და 7:8 დამარცხდნენ, ახლა კი, რევანშის შანსი ეძლევათ. ნამიბიის ეროვნულ გუნდს, "ბორჯღალოსნები" ბუქარესტში 26:18 ძლევის შემდეგ, იმავე წელს უმთავრეს სარაგბო ფორუმზე საფრანგეთში შეხვდნენ და 30:0 გაანადგურეს, რითაც მსოფლიო თასის ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. იმედია, იტალიელთა და ნამიბიელთა რუმინეთში ძლევის ტრადიცია ამჯერადაც არ დაირღვევა, მით უმეტეს, რომ აფრიკელებთან შეხვედრა ასახვას IღB-ს რეიტინგზეც ჰპოვებს, რადგანაც ის ეროვნული ნაკრებების დონეზე იმართება და მარცხი დიდ ვარდნას გამოიწვევს, გამარჯვება კი "ბორჯღალოსნებს" კიდევ უფრო ზევით აწევის საშუალებას მისცემს. ამჟამად, მსოფლიო რეიტინგში, საქართველოს ნაკრები 68,09 სარეიტინგო ქულით მე-16 საფეხურზეა და ტონგას მხოლოდ 0,03 პუნქტით ჩამორჩება, ნამიბიას კი 58,98 ქულით 22-ე პოზიცია უკავია.

რუმინეთი. ბუქარესტი. "IRB-ს ერთა თასი"
დღე პირველი. 11 ივნისი

ნამიბია - რუმინეთი
არგენტინის "იაგუარები" - იტალია A
შოტლანდია A - საქართველო

დღე მეორე. 15 ივნისი
იტალია A - საქართველო

შოტლანდია A - ნამიბია
რუმინეთი - არგენტინის "იაგუარები"

დღე მესამე. 20 ივნისი
საქართველო - ნამიბია

იტალია A - რუმინეთი
არგენტინის "იაგუარები" - შოტლანდია A  

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082113