ამბები

21:42 | 2.05.2010 | ნანახია 2053 - ჯერ

“ყოჩებმა” ჩემპიონი წააქცია

საინტერესო და მოვლენებით დახუნძლული გამოდგა საქართველოს XXII ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრები. ქვეყნის ჩემპიონმა “ლელომ”, 2008 წელს დაწყებული 28-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და მას ამაში “ვისოლი-ყოჩები” “დაეხმარა”, რომლის მთავარი მწვრთნელიც გასულ წელს თბილისელთა მიერ ფინალში ძლეული “ბათუმი XV”-ის მაშინდელი დამრიგებელი ლევან მგელაძეა.
ჩემპიონატის მე-3 ტური, ბოლო დროს საქართველოს დატეხილი წვიმის გამო, გადაიდო და იგივე საშიშროება მე-4 ტურსაც ელოდა, მაგრამ თამაშების წინა დღეს გამოიდარა, მიწაც ოდნავ შეშრა და მსაჯებმა საქართველოს სამ ქალაქში მატჩების დაწყება ბრძანეს.
ყველაზე ადრე, უმაღლეს ლიგაში წლეულს დაბრუნებული თბილისის “არმაზისა” და “აკადემიას” ჯახი შედგა. ორივე ამ გუნდმა მიმდინარე გათამაშება მარცხით დაიწყო და ახლა პირველი ქულების მოპოვება ისე სწყუროდათ, რომ ატალახებულ მოედანზე ერთურთს არაფერი დაუთმეს, მაგრამ იმ დღეს “არმაზი” უფრო ძლიერი აღმოჩნდა და 10:5 იმარჯვა.
ამ შეხვედრის პარალელურად, ბათუმში გასული ჩემპიონატის მცირე ფინალის განმეორება დაიწყო. მაშინ, თბილისში, “ბათუმი XV”-მა “ლოკომოტივთან” თამაშის შემობრუნება მოახერხა და ფინალს უწია, მაგრამ ახლა საკუთარმა გულშემატკივარმაც ვერ უშველა, თბილისელებმა სტუმრად დამაჯერებლად, 36:17 იმარჯვეს და ქულათა მაქსიმუმით სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცნენ. უდანაკარგო სვლას განაგრძობს ქუთაისი “აიაც”, რომელმაც ვანში რუსთავის “ხარებს” “რქები წაამტვრია” - 27:0. ქუთაისელებს წლეულს საჩემპიონო ამბიცია აქვთ და ამას ამართლებენ კიდეც, მაგრამ მთავარი თამაშები ჯერ კიდევ წინაა. იმედია, ქუთაისელები ძველ დიდებას დაიბრუნებენ და ეს საქართველოს ჩემპიონატსაც წაადგება და იმერეთის რეგიონში სპორტის ამ სახეობის განვითარებასაც.
სულ ბოლოს, ტურის ცენტრალურ მატჩში, ლევან მგელაძემ, გასული ჩემპიონატის ფინალში მარცხისათვის პირადი რევანში აიღო, მისმა “ვისოლი-ყოჩებმა” ატალახებულ მოედანს ალღო მეტოქეზე უკეთ აუღო და დაძაბულ ბრძოლაში 13:9 იმარჯვა, რითაც ლევან მაისაშვილის შეგირდების მოგებათა სერია შეწყვიტა და სატურნირო ცხრილშიც მე-3 საფეხურზე აინაცვლა. ამრიგად, “ვისოლი-ყოჩებმა” დამტკიცა, რომ პირველ ტურში განცდილი მარცხის მიუხედავად, წლეულს ის შარშანდელზე უკეთესი გუნდია და ჩემპიონთა დავაშიც სხვაზე ჯაბანი არაფრით იქნება.

საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატი
უმაღლესი ლიგა. IV ტური.
1 მაისი.
თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 10:5

ბათუმი. “ანგისა”
ბათუმი XV (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი) 17:36

ვანი.
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი) 27:0

თბილისი. ვარკეთილის მეურნეობა
ლელო (თბილისი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი) 9:13

1. ლოკომოტივი 3 3 0 0 +47 6
2. აია 3 3 0 0 +43 6
3. ვისოლი-ყოჩები 3 2 0 1 +14 4
4. ლელო 3 2 0 1 +57 4
5. არმაზი 3 1 0 2 -26 2
6. ბათუმიXV 3 1 0 2 -49 2
7. აკადემია 3 0 0 3 -24 0
8. ხარები 3 0 0 3 -62 0



შენიშვნა: ორი გუნდის მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ურთიერთშეხვედრებში მოპოვებულ უპირატესობას

მომდევნო ტური
8 მაისი
: ლოკომოტივი - არმაზი, ბათუმი XV - ვისოლი-ყოჩები, ლელო - აია, ხარები - აკადემია.    

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080189