ამბები

10:00 | 3.05.2010 | ნანახია 2697 - ჯერ

ქუბრიაშვილი ფინალშია, იაშვილმა კი 500-იან ზღვარს გადააბიჯა

მორაგბეთა ევროპის საკლუბო ტურნირების წლევანდელი ფინალები, ქართველის გარეშე არ ჩაივლის. შეიძლება გვეთქვა, რომ ქართველების გარეშე არ ჩაივლისო, მაგრამ, სამწუხაროდ, დიმიტრი იაშვილს საფრანგეთის პასპორტი აქვს, სამფეროვანთა ეროვნული დროშის ქვეშ არაერთხელ უთამაშია და ამიტომ, მისი სრულფასოვან ქართველად მიჩნევა არასწორი იქნება.
სამაგიეროდ, სულით ხორცამდე ქართველია და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი კანდიდატია დავით ქუბრიაშვილი, რომლის “ტულონმაც” რანგით მეორე ევროტურნირ “ჩელენჯ ქაფ”-ის ნახევარფინალში, ირლანდიაში, ადგილობრივი “კონახტი” 19:12 დასცა და მარსელში 23 მაისს გასამართი ფინალის საგზური დაიბევა. აქვე ვთქვათ, რომ ქართველი ლეგიონერი, სტუმრად მოგებულ შეხვედრაში საკუთარი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა, აი ფრანგთა ინგლისელი ლეგიონერი, რაგბის ლეგენდა ჯონ უილკინსონი კი, შეხვედრის გმირად იქცა.
13-წლიანი მცდელობა, რომ უილკინსონს ფინალში ეთამაშა, ამჯერად წარმატებული გამოდგა. აქამდე, ჯონს ინგლისური “ნიუკასლის” შემადგენლობაში სამჯერ ჰქონდა “ჩელენჯ ქაფ”ის ნახევარფინალი ნათამაშები, მაგრამ ფინალში გასვლა მხოლოდ ახლა, მე-4 ცდაზე, “ტულონის” რიგებში მოახერხა და 14 მოპოვებული ქულით საკუთარი გუნდის წარმატების მთავარ შემოქმედად იქცა.
7000 მაყურებლის თვალწინ, მასპინძლები მე-10 წუთზე მოპოვებული ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ფრანგთა მხარეს გადავიდა, რომელთაც ზურგის ქარიც წაეხმარა და საწყის ოც წუთში მეტოქის მორაგბეები აიძულეს, რომ 50 ბოჭვა შეესრულებინათ, მაგრამ ტულონელთა მიძალების შეკავება ორჯერ ჯარიმით მოხერხდა და მე-18 წუთზე, უილკინსონის მიერ გატანილი 2 ჯარიმის წყალობით, ფრანგები 6:3 დაწინაურდნენ. მე-20 წუთზე მასპინძლებმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს, თუმცა, ხუთ წუთში უილკინსონმა თავისი ჩვეული კოზირი გამოიყენა და 25 მეტრიდან გატანილი არეკნით კვლავ ფრანგები დააწინაურა.
მალე ირლანდიელები უილკინსონის გარღვევაზე დაჯარიმდნენ და დაზარალებულმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ერთ წუთში კეიტლიმ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მსაჯის მიერ პირველ ნახევარზე წამატებულ წუთებში კი, “ტულონმა” 18-ფაზიანი შეტევა განახორციელა, რომელიც სამ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. 22-ის ხაზთან დანიშნული ჯარიმა ფრანგებმა კარში არ გადაგზავნეს, შერკინება ირჩიეს და ლელო გაიტანეს, უილკინსონის გარდასახვა კი ზუსტი აღმოჩნდა.
პირველ ტაიმში, “კონახტის” მორაგბეებმა 96 ბოჭვა შეასრულეს, მაშინ, როდესაც “ტულონს” ეს მაჩვენებელი მხოლოდ 37-მდე მოუგროვდა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში გატანილმა შორეულმა ჯარიმამ, ირლანდიელები ბრძოლის მადაზე მოიყვანა, მაგრამ მათი სალელოვე შეტევები ფრანგებმა ზედ ხაზთან ორჯერ აღკვეთეს, მეტოქეს უპირატესობის ქულებში გარდასახვის საშუალება არ მისცეს და გაიმარჯვეს.
მეორე ნახევარფინალიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ლონდონში “ვაპსი” “კარდიფ ბლუზს” დაუხვდა. მასპინძლებმა 5 ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ თავად 2 ლელო მიიღეს, რასაც ერთი რეალიზაცია და ორიც ჯარიმა დაერთო, უელსელებმა 18:15 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ “ჰეინეკენის თასის” ფინალში, რომელსაც 22 მაისს, პარიზი, “სტად ფრანსე” უმასპინძლებს, ერთმანეთის პირისპირ ორი ფრანგული კლუბი წარსდგება. პირველ ნახევარფინალში “ტულუზამ” თასის მფლობელ ირლანდიურ “ლინსტერს” 34 951 მაყურებლის წინაშე უმასპინძლა და მომხვდური 26:16 დაამარცხა. პირველ ტაიმში მასპინძელთა სამ ჯარიმას სტუმრებმა ორით უპასუხეს, მე-2 ნახევარი კი უფრო გახსნილი გამოდგა და მაყურებელმა ლელოებიც იხილა, რომელთაგან 2 ფრანგთა ანგარიშზეა, ერთხელ კი სტუმრებმა იხეირეს, მაგრამ მათი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩემპიონმა თასი ახალ პატრონს უნდა გადაულოცოს.
ეს ახალი პატრონი, შესაძლოა, დიმიტრი იაშვილის “ბიარიცი” იყოს, რომელმაც 30 900 მაყურებლის თვალწინ ირლანდიური “მანსტერი” 18:7 დაამარცხა. ირლანდიელები 28-ე წუთზე ლელოთი და გარდასახვით დაწინაურდნენ, მერე კი იაშვილის მანქანა ამოქმედდა. მან შესვენებამდე ერთი ჯარიმა გაიტანა, მე-2 ტაიმის დასაწყისში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, დასკვნით ოც წუთში კი, ჯარიმებიდან კიდევ ოთხჯერ იხეირა და საკუთარი გუნდის ყველა ქულა თავის ანგარიშზე ჩაიწერა. იაშვილმა 100 პროცენტი აჩვენა, 6-ჯერ დარტყა კარში ჯარიმა და ყველა ჯერზე შეუდარებლად ზუსტი აღმოჩნდა.
მიმდინარე სეზონში იაშვილმა 101 ქულა მოაგროვა და “ჰეინეკენის თასის” ბომბარდირთა სიის სათავეში მოექცა, ხოლო კარიერის განმავლობაში, მის ანგარიშზე ყველაზე პრესტიჟულ ევროპის საკლუბო ტურნირზე მოგროვილმა ქულებმა 505-ს უწია.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08173