ამბები

22:00 | 3.05.2010 | ნანახია 3677 - ჯერ

ალავერდი, წინანდალი, სიგელები და უღრმესი სიყვარული

“ძალიან გამიხარდა ასეთი სიურპრიზი რომ მოგვიწყვეს. მომეწონა ყველაფერი, რაც ვნახე. ძალიან ლამაზია აქაურობა. ყველაფერს თავისებური ლაზათი ჰქონდა – ალავერდსაც, წინანდალსაც და სიგელებსაც. ამ ყველაფერმა დიდი სტიმული მომცა და ახლა გამარჯვებებზე ბევრად უფრო დაწყურებული ვარ”, - გვითხრა საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ერთ-ერთმა წევრმა ლევან გოგოლაშვილმა და მის პათოსს მთელი გუნდი იზიარებდა.
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, სათამაშო სახეობებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, როდესაც იტალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველებისთვის უპრეცედენტო, მე-3 ადგილს უწია და სამშობლოს ბრინჯაოს მედლებით მკერდდამშვენებული დაუბრუნდა. მაშინ, აპრილის პირველ რიცხვებში, პატარა ქართველ გმირებს მშობლიური მხარე ხელგაშლილი დახვდა და გულში ჩაიხუტა, მაგრამ, ბიჭებს გარჯა შემდგომშიც დაუფასეს და მათ სპორტის სამინისტროსგან, სპორტის დეპარტამენტისა და რაგბის კავშირისგან, მოულოდნელი და ორიგინალური სიურპრიზი მიიღეს.
ბიჭები და გუნდის ხელმძღვანელობა, რაგბის კავშირის ოფისთან დილიდან შეიკრიბა. სამსაათიანმა მგზავრობამ მხიარულად ჩაიარა და ექსკურსიის პირველი ადგილიც გამოჩნდა - ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. სანამ ეკლესიას მოვინახულებდით, გამოჩნდა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლევან მგელაძის წარმატების მთავარი კოზირი - დისციპლინა. თავის დროზე, ნაკრების თავკაცმა “მსოფლიო სპორტს” უთხრა, რომ მისი მთავარი საიდუმლო დისციპლინა იყო და ალავერდში მისულებმა, ეს თვალნათლივ ვიხილეთ: მანამდეც ზრდილობით მართლაც რომ გამორჩეულმა ვაჟკაცებმა, ავტობუსის წინა კარისკენ არც კი გაიხედეს, მწვრთნელის მითითება ამ უბრალო, გასართობ დღესაც არ დაივიწყეს და სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ უკანა კარით დატოვეს.
ეკლესიის შესასვლელში გიდმა ბიჭებს ამ მონასტრის ვრცელი ისტორია შეძლებისდაგვარად მოკლედ გააცნო, ეკლესიაში შესულებს კი ადგილობრივი ღვთისმსახურები გაესაუბრნენ და დაასაჩუქრეს - ერთ რამედ ღირდა ანთებული სანთლებით ხელში, მუხლმოდრეკილი მორაგბეებისა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის ხილვა, რომლებიც გულმხურვალედ კითხულობდნენ ლოცვას... მოედანზე არავის დანმდობი ბიჭები, აქ მამაზეციერს მადლობას უძღვნიდნენ და ალბათ, გულში მომავალი წარმატებების მიღწევაში თანადგომას თხოვდნენ.
ალავერდიდან დელეგაციამ წინანდალში გადაინაცვლა და ჭავჭავაძეების სახლმუზეუმი და სლვადორ დალის გამოფენა დაათვალიერა. შთამბეჭდავი იყო ჭავჭავაძეების მარნის ხილვა, სადაც XIX და XX საუკუნეების, 70 სახეობის 1650 ბოთლი ღვინო ინახება. ბაღში გასეირნების შემდეგ, წინანდალშივე გამზადებულ სუფრაზე შევიკრიბეთ, სადაც სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურიც შემოგვემატა.
ღონისძიება, ქართული ტრადიციების მიხედვით, სუფრასთან გაგრძელდა - “გვსურდა, რომ ბიჭებისთვის მადლობა სათანადოდ გადაგვეხადა და ეს ორიგინალური ვარიანტი მოვიფიქრეთ. ბიჭებმა საკუთარი ქვეყნის ისტორიაც უნდა იცოდნენ და ამიტომ, მსგავს ექსკურსიებს ტრადიციად ვაქცევთ. ისინი მადლობის სიგელებს მიიღებენ, რომელზეც სპორტის მინისტრის - ნიკოლოზ რურუას ხელმოწერაა, მაგრამ ამ გზით, ჩვენ სასარგებლოს სასიამოვნოსთან შეთავსება ვცადეთ და წინანდალი ამიტომ ვირჩიეთ” - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.
სამიოდე სადღეგრძელოს შემდეგ, მან და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ნამგალაურმა, აპლოდისმენტების ქვეშ, ბიჭები სიგელებით დააჯილდოვეს - “სპორტის მინისტრს თავად სურდა თქვენთვის სიგელების გადმოცემა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ ის მუდამ თქვენს გვერდითაა”, - თქვა ნამგალაურმა.
ნიჟარაძისგან ისიც შევიტყვეთ, რომ 18-წლამდელთა ნაკრების 5-6 წევრი, უახლოეს პერიოდში, სამხრეთ აფრიკის ქალაქ ტელენბოშის სარაგბო სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ქვეყანაში სამთვიან სტაჟირებაზე გაემგზავრება.
ბოლოსკენ, ნიჟარაძემ მთელი ქართული სპორტი, მისი ყველა სახეობა ადღეგრძელა, მთელს ქვეყანას წარმატებები უსურვა და დასძინა, რომ საქართველოში, მორაგბეთა ექსკურსიები ტრადიცულ ხასიათს მიიღებს.
ახლა ჯერი მორაგბეებზეა, რომელთა წარმატებაც ქართველთათვის უცხო ხილი სულაც არაა...
ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085634