წვიმის გამო, საქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატის 2 მატჩი კი გადაიდო, მაგრამ ვაზისუბანსა და ვანში მორაგბეებმა იბურთავეს და რადგან უშუალო კონკურენტი უსაქმოდ დარჩა, ქუთაისის “აია”-მ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოიკითხა.
ქუთათურებმა ვანში გასული პირველობის ფინალისტ ბათუმის “ბათუმი XV”-ს უმაყურებლოდ უმასპინძლეს, მაგრამ ტრიბუნების მხარდაჭერის გარეშეც ივაჟკაცეს, მომხვდური 37:27 წააქციეს და სატურნირო ცხრილშიც ხუთიდან 5 მოგებით პირველ საფეხურზე აღზევდნენ. როგორც ჩანს, “აია”-მ ძველი დიდების დაბრუნება სერიოზულად გადაწყვიტა და აგერ უკვე მე-5 თამაშია წაგება რაა, არ იცის და არც ის ანაღვლებს “მიხეილ მესხზე” “ვისოლი-ყოჩები” “ლოკომოტივს” წვიმის გამო რომ ვერ ერკინა. ისე, ამ თამაშის ხილვა ერთ რამედ ღირდა, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირმა, ქუთაისელ ქომაგებს მსაჯის გინება ვერ აპატია და ტრიბუნებიც ცარიელი ამად დარჩა.
მე-6 ტურის მეორე გადადებული თამაშიც “მიხეილ მესხზე” მოდის, სადაც ჩემპიონ “ლელოს”, 2 მარცხის შემდეგ, “აკადემიასთან” ჩარხის სათავისოდ დატრიალება უნდა ეცადა, მაგრამ წვიმამ გამარჯვებას დანატრებული მორაგბეები მოედანზე არ შეუშვა. სამაგიეროდ, უმაღლესს დაბრუნებულმა თბილისის “არმაზმა”, რუსთავის “ხარები” არ დაინდო, 25:10 წამოაქცია და გასავარდნ ზონას დაშორდა.
არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 25:10
აია (ქუთაისი) - ბათუმი XV (ბათუმი) 37:27
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) (გადაიდო)
ლელო (თბილისი) - აკადემია (თბილისი) (გადაიდო)
1. აია | 5 | 5 | 0 | 0 | 156-99 | 10 |
2. ლოკომოტივი | 4 | 4 | 0 | 0 | 104-40 | 8 |
3. ვისოლი-ყოჩები | 4 | 3 | 0 | 1 | 88-56 | 6 |
4. ლელო | 4 | 2 | 0 | 2 | 113-60 | 4 |
5. არმაზი | 5 | 2 | 0 | 3 | 85-113 | 4 |
6. აკადემია | 4 | 1 | 0 | 3 | 40-50 | 2 |
7. ბათუმი XV | 5 | 1 | 0 | 4 | 91-169 | 2 |
8. ხარები | 5 | 0 | 0 | 5 | 32-126 | 0 |
მომდევნო ტური
22 მაისი. შაბათი: ვისოლი-ყოჩები - არმაზი, ლოკომოტივი - აია, ბათუმი XV - აკადემია, ხარები - ლელო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია