ამბები

0:35 | 16.05.2010 | ნანახია 2823 - ჯერ

ზირაქამ ფინალს ხელი დაადო

ზედიზედ მეოთხედ უწია დავით ზირაქაშვილის”კლერმონმა” საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის, Top 14-ის ფინალს, რაშიც ლომის წილი ქართველმა ლეგიონერმა დაიდო.
“ბორჯღალოსანთა” პირველხაზელი მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა, მაგრამ საკუთარ ანგარიშზე ლელოს ჩაწერა მაინც მოასწრო, მისმა “კლერმონმა” კი, დავით ქუბრიაშვილის “ტულონი”, დამატებით დროში, 35:29 დაამარცხა და ფინალისკენ მიმავალი გზა გაიკვლია.
ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და დამატებითი დროის მე-9 წუთზე შეცვალეს, ზირაქაშვილი კი, მოედანზე მე-2 ნახევრის დასაწყისიდან ჩაერთო. ანგარიში “ტულონმა” ჯარიმით პირველსავე წუთზე გახსნა, მაგრამ “კლერმონმა” არეკნით მალევე წონასწორობა აღადგინა. უილკინსონმა ეს იუკადრისა და თავადაც არეკნით უპასუხა, ტაიმი კი, “ტულონმა” 9:6 მოიგო.
დაიწყო მე-2 ნახევარი და “კლერმონმა” ზედიზედ 2 ჯარიმა გაიტანა, მერე კი, რეფერიმ უილკინსონს გატანილი ჯარიმა არ ჩაუთვალა. მალე ზირაქაშვილის თანაგუნდელებმა ჯარიმით სხვაობა კიდევ გაზარდეს, ხოლო “ტულონმა” სტანდარტითვე შეამცირა. ამის შემდეგ, “კლერმონმა” მოინდომა, ზირაქაშვილმა რაქიდან ბურთი აიტაცა, ორ მეტოქესთან ჭიდილში ხაზი გადაკვეთა და ლელო გაიტანა. გარდასახვა ზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ გამწარებულმა “ტულონმა” ლელოს, გარდასახვისა და ჯარიმის გატანა მოახერხა. შესაბამისად, ძირითადი დრო ფრედ - 22:22 დასრულდა.
დამატებით დროში, უფრო დასვენებულმა “კლერმონმა” (ფლეი ოფისგან თავისუფალი იყო) მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, მის ნახევარზე გატარებული დრო ჯარიმასა და არეკნში გარდასახა, მერე ლელოც გაიტანა და ზედ რეალიზაცია დაურთო; უკანასკნელ წამებზე გაშვებული ლელოთი კი, გამარჯვება ხელიდან მაინც არ გაუშვა და ზედიზედ მეორედ, ფინალში “პერპინიანს” დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში “ტულუზა” 21:13 წააქცია.
ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103522