ამბები

9:56 | 17.05.2010 | ნანახია 2820 - ჯერ

ქართული ლელო ფრანგული ოქროსთვის

დაძაბული და უაღრესად საინტერესო გამოდგა საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის ნახევარფინალები. მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი პირველხაზელის გუნდმა – დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” და დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა” ითამაშეს, მაგრამ მათი გუნდები ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ და 29 მაისს გასამართ ფინალს მხოლოდ ზირაქაშვილის “კლერმონი” შემორჩა.
საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის ოც მარტს რუსთა რბევაში თავგამოჩენილ პირველხაზელს. გემახსოვრებათ, საჭირო დროს, როცა საქართველოს ნაკრები მდევრის როლში იყო, როგორ აიღო ზირაქაშვილმა თამაში საკუთარ თავზე, მისი პოზიციისთვის უჩვეულო სისწრაფით გაჭრა ხაზი და საპასუხო ლელო გაიტანა, რის შემდეგაც რუსი “დათვები” გონს ვეღარ მოეგნენ და “ბორჯღალოსნებმაც” სარეკორდო,
28 ქულის სხვაობით იმარჯვეს. ამჯერად, ზირაქაშვილმა ლელო კლუბის წარმატებას მიუძღვნა და ახლა “კლერმონი” ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს ფინალს, სადაც მისი მეტოქე ქვეყნის ჩემპიონი, მათი შარშანდელი დამჩაგვრელი “პერპინიანი” იქნება. ისე, ზემოთნახსენები ფინალებიდან, “კლერმონს” ერთიც არ მოუგია და იმედია, ნავსი ახლა გატყდება და ქართველი მკერდს ფრანგული ოქროთი დაიმშვენებს.
ფინალამდე ლამის ორი კვირაა და ჩვენც ჯერ ნახევარფინალებს გადავხედოთ, მისი მიმოხილვა კი, სწორედ “კლერმონისა” და “ტულონის” დაპირისპირებით დავიწყოთ.
ამ 100-წუთიანი საოცარი მატჩის ხილვა, მართლაც რომ ერთ რამედ ღირდა. გუნდებმა უმაღლესი ტემპი პირველიდან ბოლო წუთამდე შეინარჩუნეს და სენტ ეტიენის სტადიონზე შეკრებილ მაყურებელს ყველა ის ელემენტი უჩვენეს, რისთვისაც რაგბი ასე ძალიან უყვართ. ქართველი გულშემატკივარი სხვა ამბითაც დატკბა - ერთ მხარეს ზირაქაშვილი, მეორე მხარეს კი, ქუბრიაშვილი იდგა და არც ქართველ ბიჭებს შეურცხვენიათ თავი.
ცნობისათვის, ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 89 წუთი ალალ-მართლად გაატარა, ზირაქაშვილი კი, მინდორზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და ლელო 69-ე წუთზე გაიტანა. მაგრამ მანამდე იყო ურთულესი ბრძოლა. “ტულონი” ჯონ უილკინსონის ფეხის იმედად იყო და მისი ჯარიმით მალევე დაწინაურდა, “კლერმონმა” არეკნით უპასუხა, მაგრამ ინგლისელმა ვისზე ნაკლები ვარო და არეკნით კვლავ ტულონელები დააწინაურა. ამას მოჰყვა თითო-თითო გაცუდებული ჯარიმა, მერე “კლერმონმა” ჯარიმით გაათანაბრა, მაგრამ “ტულონმა” მიწურულს საკუთარი შანსი გამოიყენა და ზუსტი ჯარიმის შემდეგ, ტაიმი 9:6 მოიგო.
დაიწყო მე-2 ნახევარი და “კლერმონიც” უკეთ ამოქმედდა. 46-ე და 48-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით წინ გაიჭრა, მალე კი ასევე ჯარიმით ანგარიში 15:9 გახდა. უილკინსონმა ერთი დარტყმა მალევე გააბათილა, 69-ე წუთზე კი, ზირაქაშვილმა რაქიდან ბურთი აიტაცა, ორ მოწინააღმდეგეს გულიანად ეკვეთა, ბურთი თითქოს დაუვარდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ დააფიქსირა, რომ ის ქართველმა ჩათვლის მოედანში ალალად დაამიწა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, “კლერმონი” 22:12 დაწინაურდა.
აქ თითქოს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ “ტულონმა” ბოლო ძალა მოიკრიბა და 75-ე წუთზე საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა, 78-ე წუთზე კი, უილკინსონმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა და მატჩიც დამატებით დროში გადავიდა.
პირველმა ათმა წუთმა უინტერესოდ განვლო, მე-2 დამატებითი ტაიმის დასაწყისში კი, ბრუკ ჯეიმსმა ჯერ არეკნი გაიტანა, მერე ჯარიმა, ხოლო კიდევ ხუთ წუთში, თავისივე შეგდებულ ბურთს შეყოლილმა უილიამსმა ისე ირბინა, თითქოს მანამდე არაფერი ეკეთებინა და ლელო მიითვალა, რასაც კვლავ ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. “ტულონმა” კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და ლელოთი და გარდასახვით უპასუხა, მაგრამ ძალა აღარ ეყო და ფინალის გზა “კლერმონს” დაუთმო.
წინა დღეს ფინალის საგზური ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “პერპინიანმა” დაიბევა, ვინაც “ტულუზას” დასამარცხებლად 80 წუთი იკმარა. ჩემპიონმა მოგება მე-2 ნახევარში გაიფორმა. დებიუტში მან ლელო და გარდასახვა გაუშვა, მაგრამ მალევე ჯარიმით უპასუხა, რის შემდეგაც გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს და ტაიმი “ტულუზამ” 13:9 მოიგო, მაგრამ მე-2 ნახევარში უმაქნისი გახდა - “პერპინიანმა” ჯარიმით ოთხჯერ იხეირა, თამაში 21:13 მოიგო და ახლა “სტად ფრანსეზე” შარშანდელ ფინალისტ “კლერმონს” ელის.
მანამდე კი, ევროთასების ფინალებია, სადაც უმთავრეს ტურნირ “ჰეინეკენის თასზე”, 22 მაისს, “ტულუზა” საფრანგეთის პასპორტის მქონე დიმიტრი იაშვილის “ბიარიცთან” მოსინჯავს ძალებს, 23 მაისს კი, დავით ქუბრიაშვილის “ტულონი” “კარდიფის” წინააღმდეგობის დაძლევას ეცდება.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104389