ამბები

13:06 | 17.05.2010 | ნანახია 1685 - ჯერ

იაპონიამ ზელანდია თითქმის დაიბევა

იაპონიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, აზიის ხუთი ერის წლევანდელ გათამაშებაში, რომელიც ამავდროულად, 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, პირველი ადგილი პრაქტიკულად დაიბევა და შესაბამისად, ახალი ზელანდიის საგზურს დაეუფლა.
ამრიგად, 22 მაისს გასამართი ბოლო ტური, იაპონელთათვის აღარაფერს შეცვლის და მსოფლიო თასზე ისინი A ჯგუფში, მასპინძელ ზელანდიასთან, საფრანგეთთან, ტონგასა და კანადის ნაკრებებთან ითამაშებენ. სამაგიეროდ, 22 მაისს გაირკვევა აზიის იმ წარმომადგენლის ვინაობა, რომელიც ბოლო მეოცე საგზურისთვის რეპეშაჟში ჩაერთვება და პირველ ეტაპზე სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელ ურუგვაის დამარცხებას ეცდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ეტაპიანი რეპეშაჟის გამარჯვებული, B ჯგუფში არგენტინის, ინგლისის, შოტლანდიის და საქართველოს ნაკრებებთან ითამაშებს. ურუგავისა და აზიის მეორე გუნდებს შორის გამარჯვებული, რეპეშაჟის ფინალში გავა. ფინალის მეორე საგზურისთვის, ევროპის ზონაში რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებები იბრძვიან, მათ შორის გამარჯვებულს აფრიკის მეორე გუნდი - ტუნისი ელის, ამ წყვილს შორის მოგებული კი, ორმატჩიან რაუნდში ურუგვაისა და აზიის წარმომადგენლის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და უკეთესი მსოფლიო თასის ბოლო საგზურს დაისაკუთრებს.
ახლა კვლავ აზიის შესარჩევ ზონას დავუბრუნდეთ. იქ ქულათა დარიცხვის სისტემა ასეთია: გამარჯვებული 5 ქულას იღებს, ფრე 3 ქულად ფასობს, მარცხი გუნდს უქულოდ ტოვებს, ოღონდ არის თითო პრემიალური ქულის აღების ალბათობა, რომელიც გუნდს 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის, ასევე ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის ენიჭება. იაპონიამ აქამდე ჩატარებული სამივე მატჩი ისე მოიგო, რომ ყველაში ოთხზე მეტი ლელო გაიტანა - კორეას სტუმრად 71:13 სძლია და 11 ლელო მიითვალა, მერე არაბეთი 60:5 დაჩაგრა (10 ლელო), ახლახანს კი ყაზახეთის ნაკრები 101:7 გაანადგურა, პრემიის მომტანი მეოთხე ლელო მე-17 წუთზე გაიტანა, ჯამში კი, მეტოქის ჩათვლის მოედანზე 15-ჯერ შეაღწია. იაპონელებს 18 ქულა აქვთ, უახლოეს მდევარ ჰონკონგს, რომელსაც 22 მაისს მასპინძლობს, 6 ქულით უსწრებენ. ახლა “სამურაებმა” დიდი სხვაობით არ უნდა წაგონ, ამის ალბათობა პრაქტიკულად არც არსებობს და ისინი ახალ ზელანდიაში აუცილებლად იქნებიან.
მეორე ადგილის დაკავების კარგ შანსს ინარჩუნებს ყაზახეთი. მართალია, ის ამჟამად მხოლოდ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ჰონკონგს ხუთი ქულით ჩამორჩება. თუ ყაზახებმა დასკვნით ტურში აუტსაიდერი კორეა დაიბრიყვეს, თანაც ოთხი ლელო გაუტანეს, ჰონკონგი კი იაპონიაში უქულოდ დარჩა, მაშინ მეორე ადგილი სწორედ ყაზახებს ერგებათ, თუ არადა და ურუგვაისთან ჯახისთვის ჰონკონგი გაემზადება, რომელმაც ყაზახეთს ურთიერთშეხვედრაში 19:15 აჯობა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084083