ამბები

10:23 | 19.05.2010 | ნანახია 2656 - ჯერ

სამართალი იაპონიამ იპოვა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, სტარტი აიღო 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფამ”, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ნაცვლად, შესარჩევ ეტაპზე “ბორჯღალოსანთა” მიერ ძლეული რუსეთის ნაკრები კი დაუშვეს, მაგრამ იაპონიამ მასპინძელთა მასპინძლობა არად ჩააგდო და მისი 31:17 ძლევით, IRB-ს სამართალს პური აჭამა.
შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ალაფა, ამ ასაკში რანგით მეორე დონის გათამაშებაა და მასში ორ ჯგუფად გაყოფილი რვა გუნდი იღებს მონაწილეობას, გამარჯვებულს კი, მომავალ წელს უძლიერესთა შორის გარჯის უფლება ეძლევა. ასე უნდა მომხდარიყო გასულ გათამაშებაშიც, მაგრამ მაშინ IRB-მ გადაწყვიტა, რომ უმაღლეს დონეზე გუნდების რაოდენობა 16-დან 12-მდე შეემცირებინა და შესაბამისად, 2009 წლის გამარჯვებული რუმინეთი ისევ ქვედა დონეზე დარჩა, იმავე წელს უძლიერესთა შორის ბოლო ოთხ ადგილზე გასული გუნდი ერთბაშად დაქვეითდა.
ასე აღმოჩნდა იტალიის ნაკრები ევროპის 19-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატზე, სადაც ფინალში საქართველოს ნაკრების ძლევით, ამ ტურნირზე გამოსვლის უფლება მოიპოვა, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მეოთხე ადგილის დამკავებელი რუსეთი კი... გასულ წელს უძლიერესთა შორის იყვნენ კანადა და იაპონიაც, ახლა ისინი ქვედა დონეზე თამაშობენ და ამრიგად, 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის ალაფამ, მეტი ინტრიგა შეიძინა.
მიუხედავად ამისა, იქ უსუსტები გუნდების ნაკლებობასაც არ უჩივიან. მაგალითად პაპუა ახალი გვინეის ნაკრებიც გამოდგება, რომელიც იტალიამ A ჯგუფში გამართულ პირველ შეხვედრაში 74:0 გაანადგურა. იტალიელებმა 12 ლელო გაიტანეს, მათმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა კავინატომ კი ნამატჩევს განაცხადა - “ჩვენთვის ჩემპიონატი ახლა იწყება, რადგან წინასწარვე ვიცოდით, რომ პაპუა ახალი გვინეა წინაამდეგობის გამწევი არ იყო”.
ამავე ჯგუფში რუმინეთისა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრა მძიმე და დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ურუგვაელთა მიერ გატანილ ორ ჯარიმას, რუმინელებმა შესვენებამდე არეკნით და ჯარიმით უპასუხეს, თუმცა მათ მანამდე ორი ჯარიმა გაუცუდდათ. მეორე ნახევარში რუმინელებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ მათვე ერთი ჯარიმა და ორი არეკნი გაუცუდდათ. ურუგვაიმ მეორე ნახევრის დასაწყისში ჯარიმა ვერ გამოიყენა, მაგრამ მერე ჯარიმა გაიტანა და არეკნით შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. 38-ე წუთზე ურუგვაელებს ჯარიმით წონასწორობის აღდგენის საშუალება მიეცა, მაგრამ დარტყმა ვერ გამოიყენეს და 12:15 დამარცხდნენ.
ალექსანდრუ აჩიმი (რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ველოდი, რომ პირველი თამაში რთული იქნებოდა, მაგრამ ასეთ შეცდომებს მაინც არ ველოდი. მიუხედავად ყველაფრისა, გამარჯვება მაინც გამარჯვებაა, შეცდომებს კი მომავალ თამაშში გამოვასწორებთ”.
პეტრუ ტემბა (რუმინეთის კაპიტანი): “გამარჯვებამ ძლიერ გამახარა. მოსალოდნელზე რთული შეხვედრა გამოდგა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენს მიერ დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა. პირველი შეხვედრა იყო და ამის გამო ვნერვიულობდით, ახლა კი, თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად უნდა გავაუმჯობესოთ, რათა ტურნირის უძლიერესი გუნდი იტალია დავამარცხოთ”.
მიუხედავად მარცხისა, ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ხუან ბალდორიმი შედეგს სრულიად ეთანხმება - “მძიმე თამაში იყო, მაგრამ ის ლოგიკური შედეგით დასრულდა”.
B ჯგუფში კანადამ ზიმბაბვეს ნაკრები 22:6 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ პირველ ნახევარში კანადელებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, აფრიკელებმა კი ერთი, მაგრამ მათ საწყის 40 წუთში მათ ოთხი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს. მეორე ნახევარის მიწურულს ზიმბაბვემ არეკნით იხეირა, თუმცა მანამადე კანადელებს ლელო, გარდასახვა და ორი ჯარიმა ჰქონდათ გატანილი.
და ბოლოს, რუსთა მცდელობას იაპონიამ ძლიერი თამაში დაუპირისპირა და მეტოქე 31:17 დაამარცხა, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ მატჩის მიწურულამდე მისი ბედი გაურკვეველი იყო. დაიწყო თამაში და რუსეთის ნაკრები ლელოთი დაწინაურდა, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. იაპონელებმა მე-5 წუთზე ჯარიმით უპასუხეს, ხოლო მე-12 წუთზე ლელო გაიტანეს და 8:7 დაწინაურდნენ, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენეს. მე-15 და მე-17 წუთებზე, მასპინძლებს, რომელთაც სწრაფი იაპონელების მიძალების შეკავება უჭირდათ, უხეში თამაშისთვის ორი მორაგბე გაუსინბინეს, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და ლელო და გარდასახვით უპირატესობა გაზარდეს. შეივსო მასპინძელთა შემადგენლობა და მათ იმწამსვე ლელო გაიტანეს, მაგრამ რეალიზაცია გაუფუჭდათ, შესვენებამდე ორიოდე წუთით ადრე კი, მიზანში ჯარიმაც ვერ მოახვედრეს და ტაიმი სტუმრებმა 15:12 მოიგეს.
მეორე ნახევარი მძიმედ დაიწყო, იაპონელებმა 53-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდეს, მაგრამ 69-ე წუთზე ლელო მიიღეს და რუსთა რეალიზაცია ზუსტი რომ გამომდგარიყო, ისინი ერთი ქულით დაწინაურდებოდნენ, ასე კი კვლავ მდევრის როლში დარჩნენ - 17:18. იაპონელებმა სიტუაციის გართულება აღარ ისურვეს, 33-ე და 38-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, მონაგარს ლელო და გარდასახვა შემატეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.
იუკიო მოტოკი (იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სწრაფი და დინამიკური თამაში იყო, გამარჯვებამ კი ძლიერ გამახარა. ჩვენი თამაშის ხარისხი, გაუმჯობესებას საჭიროებს და ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. რუსებისგან პრობლემებს ფიზიკური კუთხით ველოდით, მაგრამ ჩვენმა დაცვამ კარგად ითამაშა”.
კოტა იამაშიტა (იაპონიის ნაკრების კაპიტანი): “უამრავი შეცდომა დავუშვით და უკანახაზელებს შეტევაში ჩართვის საშუალება თითქმის არ მიეცათ, მაგრამ მჯერა, სასურველ თამაშთან ახლოს ვართ და ამას მომავალში დავამტკიცებთ”.
ანდრეი ჩერევიკინი (რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მატჩის ბოლომდე, ჩვენ იაპონელებზე მეტი ლელო გვქონდა გატანილი, მაგრამ რადგან ჯარიმებითა და გარდასახვებით ვერ ვიხეირეთ, იაპონია ამ მომენტისთვის 7 ქულას გვიგებდა. დარტყმები რომ გამოგვეყენებინა, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. თამაშმა აჩვენა, რომ რუსეთში რაგბი ვითარდება. შერკინებამ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ იაპონელები სწრაფები არიან და ჩვენს მცველებს მათი შეკავება უჭირდათ. კანადასთან სულ სხვა თამაში იქნება, მათაც ძლიერი შერკინება ჰყავთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა”.
სტანისლავ სელსკი (რუსეთის ნაკრების კაპიტანი): “თამაშამდე ბევრი თვლიდა, რომ 50-ქულიანი სხვაობით წავაგებდით, მაგრამ ასე არ მოხდა და რომ არა შეცდომები, გამარჯვების შანსიც გვქონდა. მაგრამ უკანა ხაზში პრობლემები გვაქვს. ვეცდებით, რომ კანადასთან გამარჯვებას მივაღწიოთ”.

A ჯგუფი
იტალია - პაპუა ახალი გვინეა 74:0
ურუგვაი - რუმინეთი 12:15

მეორე ტური. 22 მაისი
ურუგვაი - პაპუა ახალი გვინეა
იტალია - რუმინეთი

B ჯგუფი
კანადა - ზიმბაბვე 22:6
რუსეთი - იაპონია 17:31

მეორე ტური. 22 მაისი
იაპონია - ზიმბაბვე
რუსეთი - კანადა

ზურა ქსოვრელი



 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090375