ამბები

14:28 | 20.05.2010 | ნანახია 2628 - ჯერ

იაშვილი ფრანგებს სამხრეთულ ტურნეზე მიჰყავთ

ქართული ფესვების მქონე, მაგრამ საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი და ფრანგული პასპორტის მქონე ნახევარმცველი დიმიტრი იაშვილი, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარკ ლივერმონიმ, სამხრეთული ტურნესთვის გამოძახებულ 30-კაციან სიაში შეიყვანა.
სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო - 29 წლის მორაგბე, რომელსაც ბოლო დროს ეროვნული გუნდის თავკაცები არ სწყალობდნენ და გასული “ექვსი ერის” შეხვედრებში მხოლოდ ერთხელ, ისიც შეცვლაზე სულ რაღაც 22 წუთით ათამაშეს, წლეულს დიდებულ სეზონს ატარებს. ის, რომ მისი “ბიარიცი” 22 მაისს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ “ჰეინეკენის თასის” ფინალში ითამაშებს, დიდწილად სწორედ დიმიტრის დამსახურებაა, რომელმაც ექვს თამაშში გუნდს 101 ქულა შესძინა და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა სიის სათავეში სამართლიანად მოექცა. იაშვილმა “ჰეინეკენის თასზე” მოედანზე გატარებულ 458 წუთში, საკუთარ ანგარიშზე სამი ლელო, 20 ჯარიმა და 13 გარდასახვა ჩაიწერა, ფინალი კი ისეთი მატჩია, სადაც ყველა ქულა დიდად ფასობს და მას მონაგარის გაზრდის შესაძლებლობა, ალბათ კიდევ ექნება. საგულისხმოა, რომ ნახევარფინალში “მანსტერთან” “ბიარიცის” მიერ მონაგრული 18 ქულა, სრულად იაშვილის ანგარიშზე მოდის, სულ კი, “ჰეინეკენის თასზე” მან 512 ქულას მოუყარა თავი და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა.
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში, 2009-2010 წლების სეზონში, იაშვილმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე სულ 1253 წუთი გაატარა და გუნდს 4 ლელოთი, 34 ჯარიმით და 14 გარდასახვით, ჯამში 150 ქულა მოუტანა. საფრანგეთის ეროვნულ გუნდში, 29 წლის ნახევარმცველის დებიუტი 2002 წელს შედგა. მას შემდეგ “მამლების” კვართი იაშვილმა 41 შეხვედრაში მოირგო, მინდორზე 1917 წუთი დაჰყო და ანგარიშზე ორ-ორი ლელო და არეკნი, 58 ჯარიმა და 37 გარდასახვა ჩაიწერა, ჯამში კი 264 ქულა მოაგროვა.
ლივერმონის კრებული 30 მორაგბისგან შედგება. ფრანგები 12 ივნისს, კეიპტაუნში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც არგენტინაში გადაინაცვლებენ და 18 ივნისს ბუენოს აირესის პროვინციის ნაკრებს შეხვდებიან, 26 ივნისს კი, არგენტინის ეროვნული გუნდის წინაშე წარსდგებიან.
მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა და ტურნეზე არ იახლებს სებასტიან შაბალს, რომელსაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და უილიამ სერვეტს, ვინაც სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და მოედანს ახლახან დაუბრუნდა. ეროვნულ გუნდს დიდხნიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდნენ დევიდ სკრელა და ლუის პიკემოულსი, “პერპინიანის” 24 წლის უკანახაზელი ჟურმე პორიკალი და  “ბიარიცის” 21 წლის მესამეხაზელი ვენსლას ლორეტი კი ახალბედები არიან.
საფრანგეთის მთავარი მწვრთნელი მარკ ლივრემონი ამბობს, რომ ზოგიერთ მორაგბეს, რომელთაც რთული სეზონი ჰქონდათ, მხოლოდ სამხრეთ აფრიკასთან ათამაშებს. ის ამ ტურნეს უმთავრეს შეხვედრად სწორედ აფრიკელებთან ჯახს მიიჩნევს და არგენტინასთან სათადარიგო მორაგბეებით აპირებს ფონს გასვლას, თუმცა, მის მიერ მეორე მატჩისთვის დასასვენებელ მორაგბეთა ჩამონათვალში, იაშვილის გვარი არ ფიგურირებს და ალბათ, ის ორივე დაპირისპირებაში იბურთავებს.
ამავდროულად, საფრანგეთის A ნაკრების თავკაცებმა, ის 26 მორაგბე დაასახელეს, რომლებიც 5-19 ივნისს კოლორადოში გასამართ “ჩერჩილის თასის” გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. ფრანგებმა ძლიერ შემადგენლობას მოუყარეს თავი და ამერიკიდან გამარჯვებით დაბრუნების ეიმედებათ.  



საფრანგეთის ეროვნული ნაკრები
ფორვარდები (შერკინება): ფაბიენ ბარსელა (ბიარიცი), ტომას დომინგო (კლერმონი), დიმიტრი სარჟევსკი (სტად ფრანსე), გილემ გურადო (პერპინიანი), ნიკოლას მასი (პერპინიანი), ლუკ დუკალსონი (კასტრი), ჟან-ბაპტისტ პო (ტულუზა), რომაინ მილო-კლუსკი (ტულუზა), ლიონელ ნალეტი (მეტრო რასინგი), პასკალ პაპი (სტად ფრანსე), ჟულიენ პიერი (კლერმონი), იმანოლ ჰარინორდოკი (ბიარიცი), ლუის პიკემოულსი (ტულუზა), ტიერი დუსაუტოი (ტულუზა, კაპიტანი), ჟულიენ ბონაირი (კლერმონი), ვენსლას ლორეტი (ბიარიცი);
ბეკები (უკანა ხაზი): დიმიტრი იაშვილი (ბიარიცი), მორგან პარა (კლერმონი), ფრანსის ტრინ-დუკი (მონპელიე), დევიდ სკრელა (ტულუზა), მაქსიმ მერმოზი (პერპინიანი), იანიკ ჟაზიონი (ტულუზა), დევიდ მარტი (პერპინიანი), მატიე ბასტარეუ (სტად ფრანსე), ვინსენტ კლერკი (ტულუზა), მარკ ანდრე (კასტრი), კლემენ პოიტრენაუ (ტულუზა), ჟურმე პორიკალი (პერპინიანი), აურილიენ რუგერიე (კლერმონი), ჟულიენ მალზიე (კლერმონი).


ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083521