ბუქარესტში 11-20 ივნისს გასამართი “IRB-ს ერთა თასზე”, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე შოტლანდიის A ნაკრები, ახალგაზრდა და გამოცდილი მორაგბეების ნაზავი შემადგენლობით ეწვევა რუმინეთს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შონ ლინენმა ის 26 მორაგბე დაასახელა, ვინც გასულ წელს ამ გუნდის მიერ მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას ეცდება. მთავარი მწვრთნელი აღიარებს, რომ A ნაკრების უმთავრესი მიზანი, ეროვნული გუნდისათვის ღირსეული შეცვლის მომზადებაა, ამ მხრივ კი, მორაგბეთათვის გამარჯვებულის ფსოქოლოგიის ჩამოყალიბებას აუცილებლად მიიჩნევს და ბუქარესტში სამივე თამაშის მოგებას გეგმავს.
“ეროვნული გუნდი ტურნეზე არგენტინაში მიემგზავრება, აქ დარჩენილებს კი, თავის წარმოჩენის შესანიშნავი შანსი ეძლევათ. მომავალ მეტოქეებს თუ გადავხედავთ, წინ სამი დიდებული მატჩი გველის. როგორც ტიტულის მფლობელები, გარკვეულ ზეწოლას განვიცდით, თასის შენარჩუნებას ვაპირებთ და არაფერს დავთმობთ. შემადგენლობა ახალგაზრდა და გამოცდილი მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს, თუმცა, უმეტესობა მაინც ახალგაზრდები არიან და მათ განვითარების კარგი შესაძლებლობა ეძლევათ” - თქვა ლინენმა.
შოტლანდიელთა შემადგენლობაში რვა ისეთი მორაგბეა, რომელთაც ეროვნული გუნდის რიგებში “ექვს ერზე” უთამაშიათ, ნაწილი კი, A ნაკრებთან ერთად ბუქარესტში გასულ წელსაც იმყოფებოდა. რაც შეეხება ახალბედებს, აღსანიშნავია კრის ფუზერო, რომელიც გასულ წელს შოტლანდიის 20-წლამდელთა გუნდთან ერთად იაპონიაში გამართულ ასაკობრივ მსოფლიო თასზე იღწვოდა, სულ მალე კი საკლუბო დონეზეც დაწინაურდება და “გლაზგოს” წევრი გახდება. ახალბედაა ალექს ბლერიც - შოტლანდიის ეროვნული გუნდის კაპიტან მაიკის ძმა, რომელსაც არგენტინაში 20-წლამდელთა გუნდთან ერთად ასაკობრივ მსოფლიო თასზე უნდა ებურთავა, მაგრამ მისი დაწინაურება მოხდა. სქოთთა ბირთვს კლუბ “ედინბურგის” მორაგბები წარმოადგენენ, რომელთაც A ნაკრებში 14 წარმომადგენელი ჰყავთ. აქვეა 7-კაცა რაგბის სპეციალისტი კოლინ შოუ.
შოტლანდიის A ნაკრები ბუქარესტში პირველ მატჩს 11 ივნისს, საქართველოს ეროვნულ გუნდთან გამართავს. მართალია, “ბორჯღალოსნები” რუმინეთში შესუსტებული შემადგენლობით მიდიან, მაგრამ, იმედია, 2008 წელს სქოთებთან 3:69 შერცხვენისთვის ღირსეულ რევანშს აიღებენ და ბრიტანელებს თასის შენარჩუნების იმედი პირველივე შეხვედრაში გადაეწურებათ. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებები B ჯგუფში მოხვდნენ და სპეციალისტები ამ დაპირისპირებას მომავალი დიდი ჯახის რეპეტიციადაც განიხილავენ.
შოტლანდიელთა შემდეგ, ქართველ მორაგბეებს რუმინეთში იტალიის A და ნამიბიის ეროვნულ გუნდებთან ჯახი ელით, შოტლანდიელთა მეტოქეები კი შემდეგ შეხვედრებში ნამიბიის ეროვნული გუნდი და არგენტინის “იაგუარები” (იგივე A ნაკრები) იქნებიან.
შოტლანდიის A ნაკრები
ფორვარდები (შერკინებია ხაზი): ჯეოფ კროსი (ედინბურგი), ჯეიმს ედიე, კალუმ ფორესტერ (ორივე გლაზგო), კრის ფუზერო (ჰერიოსი), როდი გრანტი, რაიან გრანტი, ელი ჰოგი, ენდრიუ კელი, სკოტ მაკლეოდი (ყველა ედინბურგი), ფერგუს ტომსონი (გლაზგო), კიულ ტრეინორი, სტივენ ტურნბული (ორივე ედინბურგი), რიჩ ვერნონი, ჯონ ველში (ორივე გლაზგო);
ბეკები (უკანა ხაზი): ალექს ბლერი, დევიდ ბლეირი, ბენ კაირნსი (სამივე ედინბურგი), ჯეკ კუტბერტი (ბათი), რობ დევეი (გლაზგო), ჯონ ჰიუსტონი, გრეიგ ლაიდლავი (ორივე ედინბურგი), მარკ მაკმილანი (გლაზგო), ბრაიან რენიე (ექსეტერ ჩიფსი), მარკ როდერსტონი (ედინბურგი), კოლინ შოუ (სკოტლანდ სევენს), ნიკი უაილკი (ოსპრეი).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია