ჩატარდება თუ არა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის მორი ტურის შეხვედრები, კვლავ სტიქიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მორაგბეებს, ჩემპიონატის ორგანიზატორებს და ქართული რაგბის გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ, რომ თვალი ზეცას მიაპყრონ და ღმერთს დარიანი ამინდი შესთხოვონ, მათი თხოვნის აღსრულების შემთხვევაში კი, წინ თვალსასეირო სანახაობა გადაიშლება.
წესით, დღევანდელი VII ტური, 2010 წლის გათამაშების გზაგასაყარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ექვსი შეხვედრა უკვე გადაიდო და ამრიგად, მისი დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილი, პირველი წრის შემდეგ, დალაგებულ სახეს ვერ მიიღებს. გადადებული მატჩების თარიღი უკვ განსაზღვრულია და თუ ამინდმა კვლავ არ აურია, ივნისის დასაწყისში, პირველი წრე უცილობლად დასრულდება.
თუ განგებამ ისურვა, VII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს წლევანდელი გათამაშების ორი დაუმარცხებელი გუნდი შეხვდება - თბილისის “ლოკომოტივი” და ქუთაისის “აია”. თამაში “მიხეილ მესხის” ცენტრალურ მოედანზე, 17:30 საათზე უნდა დაიწყოს და სავარაუდოდ, მისი დასრულების შემდეგ, რეგულარული პირველობის ერთპიროვნული ლიდერი გაირკვევა. მომავალ მატჩს თბილისელები დასვენებული ხვდებიან, რადგანაც წინა ტურში “ვისოლი-ყოჩებთან” გასამართი მათი ჯახი, წვიმის გამო გადაიდო. სამაგიეროდ, წინა ტურში თავისი მეხუთე შეხვედრა მოიგო “აია”-მ. ვანში უმაყურებლოდ გამართულ მატჩში, “ბათუმი XV”-მ ქუთაისელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, “აია” სულ სამი ქულის სხვაობით იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც იმძლავრა და 37:27 გაიმარჯვა.
გასული გათამაშების პირველ წრეში, “ლოკომოტივმა” თბილისში ქუთაისელები 21:9 დაამარცხა, ქუთაისში კი მძიმე ბრძოლა გაიმართა და ამჯერად, თბილისელებმა მინიმალური სხვაობით, 14:13 იმარჯვეს. ნიშანდობლივია ერთი მომენტი. მიმდინარე გათამაშებაში, “ლოკომოტივს” ყველაზე ცოტა ლელო აქვს გაშვებული (ოთხ თამაშში 3), ქუთაისელებმა კი ყველაზე მეტი ლელოს გატანა მოახერხეს - 5 შეხვედრაში 14. შეტევა იმარჯვებს თუ დაცვა, სულ მალე გამოჩნდება და ტრიბუნაზე შეკრებილი მაყურებელიც საინტერესო ბრძოლის მომსწრე გახდება.
თბილისში მეორე შეხვედრაც გაიმართება. “ვისოლი-ყოჩები” უმაღლეს ლიგაში წლეულს დაბრუნებულ “არმაზს” ვაზისუბანში, მასპინძლის როლში დაუხვდება და წარმატებული სვლის განვრცობას ეცდება. ლევან მგელაძის შეგირდებმა, წლვანდელი გათამაშების პირველ ტურში მარცხი კი განიცადეს, მაგრამ მერე, სიჩქარე აკრიფეს და ჩემპიონი “ლელოც” წამოაქციეს, რის შედეგადაც მესამე ადგილამდე აღზევდნენ და წინსვლის გაგრძელების წინააღმდეგი არც ახლა იქნებიან. საწყისი ორი ტური დათმო “არმაზმა”, მაგრამ შემდეგი სამი შეხვედრიდან ორი მოიგო - ყველას აჩვენა, რომ ხელწამოსკრავი სულაც არაა და ამბიციის განმტკიცებას კიდევ ერთხელ ეცდება.
რუსთავში, აქამდე მოუგებელი “ხარები” ქვეყნის ჩემპიონ “ლელოს” ეთამაშება”. ლევან მაისაშვილის შეგირდებს ცუდი დროება უდგას. გასული წელი მათ დაუმარცხებლად განვლეს და წელსაც ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმეს, მაგრამ “ვისოლი-ყოჩებთან” 9:13 მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს, გონს ვერ მოეგნენ და გორში “აია”-სთანაც ოთხი ქულის სხვაობით დამარცხდნენ - 26:30. ახლა მათ, წარუმატებელი სერიის შეწყვეტის შანსი აუტსაიდერ “ხარებთან” აქვთ, თუმცა, რუსთაველებმა წელს ვერცერთი თამაშის მოგება ვერ შეძლეს და ქულის აღება ისე სწყურიათ, რომ იოლად არაფრის დამთმობები არ არიან. გასულ წელს “ლელომ” რუსთაველებს ორივე შეხვედრაში აჯობა, ჯერ 28:11, შემდეგ კი 27:17 იმარჯვა.
შარშანდელი ფინალისტი “ბათუმი XV”, სატურნირო ცხრილის მეზობელ თბილისის “აკადემიას” დაუხვდება და მის გადასწრებას ეცდება. ორივე ამ გუნდს თითო-თითო გამარჯვება აქვს და ორივე მათგანმა, ქულების აღება აუტსაიდერ “ხარებთან” მოახერხა, ოღონდ თბილისელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ქულათა ბალანსი მეტოქეზე უკეთესი აქვთ და ჯერჯერობით, უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან. შარშან, ბათუმელებმა თბილისში 15:13 იმარჯვეს, საკუთარ მოედანზე კი, მეტოქე 24:13 დასცეს და გულშემატკივრის გახერების იმედი ახლაც არ აკლიათ.
VII ტური. 21 მაისი. პარასკევი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17:30 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. ვაზისუბანი. 17:30 საათი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
რუსთავი. ტექნიკუმი. 17:30 საათი
ხარები (რუსთავი) - ლელო (თბილისი)
ბათუმი. ანგისა. 17:30 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) - აკადემია (თბილისი)
1 | აია | 5 | 5 | 0 | 0 | 156-99 | 10 |
2 | ლოკომოტივი | 4 | 4 | 0 | 0 | 104-40 | 8 |
3 | ვისოლი-ყოჩები | 4 | 3 | 0 | 1 | 88-56 | 6 |
4 | ლელო | 4 | 2 | 0 | 2 | 113-60 | 4 |
5 | არმაზი | 5 | 2 | 0 | 3 | 85-113 | 4 |
6 | აკადემია | 4 | 1 | 0 | 3 | 40-50 | 2 |
7 | ბათუმი XV | 5 | 1 | 0 | 4 | 91-169 | 2 |
8 | ხარები | 5 | 0 | 0 | 5 | 36-126 | 0 |
გადადებული III ტური
25 მაისი: ლოკომოტივი – ლელო, აკადემია – აია, ხარები – ვისოლი-ყოჩები; 29 მაისი: არმაზი - ბათუმი XV
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია