ამბები

12:35 | 22.05.2010 | ნანახია 2071 - ჯერ

“ლოკომოტივი” ეშელონის თავში მოექცა

საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატის VII ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთურთს ორი აქამდე დაუმარცხებელი გუნდი ხვდებოდა, თბილისის “ლოკომოტივის” გამარჯვებით დასრულდა და მან გასულ ტურში დაკარგული პირველი ადგილი დაიბრუნა.
პრინციპში, მაშინ თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა, ერთი კვირის პირველი ადგილი იმად დაკარგეს, რომ საკუთარი შეხვედრა წვიმის გამო გადაედოთ, ქუთაისის “აია”-მ კი თავიში შეხვედრა მოიგო და მეტი თამაშის წილ, სატურნირო ცხრილშიც მეტი ოდენობის ქულები დაუგროვდა. ამრიგად, “მიხეილ მესხის” ცენტრალურ მოედანზე დღეისათვის უძლიერესი ქართული გუნდის ვინაობა უნდა გარკვეულიყო და ის თბილისის “ლოკომოტივი” აღმოჩნდა.
სანამ თამაშზე ვიტყვით უცილობლად უნდა აღვნიშნოთ ერთი მეტად სასიამოვნო ფაქტი. “აია”-ს ხელმძღვანელობამ საკუთარი გულშემატკივარი თბილისში ავტობუსით ჩამოიყვანა, ხოდა მათაც მთელი მატჩის განმავლობაში ძალღონე არ დაიშურეს და საყვარელ გუნდს მთელი ენერგიით გვერდში ედგნენ. მათდა სამწუხაროდ, ამხელა მანძილის დაფარვა და ენერგიის გაფლანგვა ამაო გამოდგა, “აია” დამარცხდა და პირველი საფეხურიც დათმო, თუმცა, ქომაგობის ფაქტი მაინც სასიამოვნოა. აი “ქართული რაგბის ქომაგთა კლუბის” პირობა კი, რომლის მიხედვითაც ისინი ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს არ გამოტოვებდნენ და მონაწილე გუნდებს გაამხნევებდნენ, ფუჭი სიტყვები აღმოჩნდა. მათი წარმომადგენელი დღემდე სტადიონზე არსად შემხვედრია და ეგრე ჩანს, რომ ეს აქცია მხოლოდ რუსეთ-საქართველოს მატჩისთვის იყო გამიზნული და ტრაბზონში შეღავათიანი პირობებით მგზავრობას ისახავდა მიზნად.
“ლოკომოტივისა” და “აია”-ს შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ სანახაობრივი კუთხით იმედი ვერ გაამართლა. ნაკლებად ჩანდა ტაქტიკურად სწორი თამაში, სამაგიეროდ, კვლავ დიდი იყო ტექნიკური წუნი და ხშირ შემთხვევებში, ერთი შეხედვით კარგი შეტევები ლოგიკური დასასრულით არ მთავრდებოდა.
ანგარიში მალე გაიხსნა. თბილისელებმა მორკინლების დარტყმით სცადეს ქუთაისელთა დაცვის დასუსტება, ბოლოს “აია” დაჯარიმდა და კვინიხიძემ კარის გასწვრივ 15 მეტრიდან უშეცდომოდ დაარტყა. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ სტუმრები სისწრაფის ხარჯზე აპირებდნენ ფონს გასვლას. მათმა სწრაფმა შეტევამ მასპინძელთა რიგებში არეულობა შეიტანა, ისინი გადაწყობას ვეღარ ასწრებდნენ, რაც მომავალშიც არაერთხელ შეინიშნებოდა, ბოლოს “ლოკომოტივი” დაჯარიმდა და სინაურიძემ 22 მეტრიანი ხაზიდან, ოდნავ მარჯვნიდან დაჰკრა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.
სამაგიეროდ, მე-10 წუთზე კვლავ ზუსტი იყო კვინიხიძე, რომელმაც ახლო მანძილიდან ჯარიმა 6:0 გახადა, ხუთ წუთში კი, სინაურიძემ 35 მეტრიდან ჯარიმითვე სხვაობა სარაგბო საზომებით ისევ მინიმუმამდე დაიყვანა. ამის შემდეგ თამაში გაიხსნა და სალელოვე შანსი “აია”-ს მიეცა, რომელმაც სისწრაფეში ბურთი მარჯვნივ კარგად ჩაათამაშა და თითქოს ლელოც გარდაუვალი იყო, მაგრამ ბოლო პასი წინ გამოუვიდათ. “ლოკომოტივმა” ნაცად ხერხს მიმართა და დაახლოებით ხუთი წუთი ქუთაისელთა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში გაატარა. მიძალებამ შედეგი ვერ გამოიღო, ბოლოს რაქიდან გამოტანილი ბურთი კვინიხიძემ მოიხელთა, დაახლოებით 28 მეტრიდან დაჰკრა და არეკნი გაიტანა.
ახლა ქუთაისელთა ჯერი დადგა. 25-ე წუთზე “აია”-მ სისწრაფი შეტევა წამოიწყო, შერვაშიძემ ხაზი გაჭრა და ბურთი ფეხით გაიგდო, მაგრამ სისწრაფე არ ეყო და ჩათვლის მოედანში დამიწება მასპინძელთა მობურთალმა დაასწრო. ხუთ მეტრიან შერკინებას ჯარიმა მოჰყვა, “აია”-მ კარში დარტყმას ბურთის აუტში გატანა და ლელოზე თამაში არჩია, თითქოს კარგი მოლიც დააყენა, მაგრამ ლელო არ შედგა - მათ ბურთი წინ დაუვარდათ. 33-ე წუთზე ჯარიმით სხვაობის შემცირების შანსი სინაურიძეს მიეცა, მაგრამ მისმა დარტყმულმა კარამდე ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, ზუსტი აღმოჩნდა სამ წუთში მისსივე შესრულებული დარტყმა. მაისურაძე კარის გასწვრივ დაახლოებით 43 მეტრში დაჯარიმდა, კვინიხიძე იმდენი ელაპარაკა მსაჯს, რომ მან დარტყმის ადგილი 10 მეტრით წინ წასწია და ქუთაისელიც ზუსტი აღმოჩნდა. ტაიმი მაინც ექვსქულიანი სხვაობით დასრულდა, კვინიხიძე ამჯერადაც ზუსტი იყო და მსაჯმა შესვენება ბრძანა.
მეორე ტაიმი ხშირი ორმხრივი შეცდომებით გამოირჩა. 47-ე წუთზე მორაგბეებს ნერვებმა უმტყუნა, წაქცეულმა ზვიად მაისურაძემ მეტოქეს ფეხი დაუდო და მანაც ხურდა დაუბრუნა. სანამ გუნდების ერთი ნაწილი ჩხუბობდა, “ლოკომოტივმა” კარგი შეტევა განავითარა, წინ ღვინჯილია გაიჭრა, მაგრამ მიმყოლმა დააგვიანა, მერე მთელი გუნდი თამაშში გადაერთო და ბოლოს “აია” დაჯარიმდა, კვინიხიძემ კი კარის გასვრივ 23 მეტრიდან გაიტანა. სამ წუთში, როდესაც მსაჯმა ქუთაისელთა სასარგებლოდ შერკინება დანიშნა, კვინიხიძემ ტრადიციას არ უღალატა, რეფერის გადაწყვეტილება გააპროტესტა და მსაჯმაც 10 მეტრით წინ ქუთაისელებს ჯარიმა დაუნიშნა, მაგრამ სინაურიძემ საჩუქარი ვერ შეირგო და დაახლობით 25 მეტრიდან გასატანი დარტყმა გააცუდა.
ხუთ წუთში კვინიხიძემ არეკნი სცადა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა, 63-ე წუთზე კი, “ლოკომოტივის” ფლანგური გარღვევა ხამაშურიძემ მეტოქის კისერში ბოჭვით შეაჩერა და მსაჯმაც მას ყვითელი ბარათი უჩვენა. კაცნაკლულმა ქუთაისელებმა 10 წუთი გაძლეს, მერე კი შემადგენლობა შეივსო და შერვაშიძემაც ჯარიმით სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა - 9:15. დარჩენილ დროში ქუთაისელებს ლელო და გარდასახვა შველოდათ, მაგრამ მათმა მონდომებამ შედეგი არ მოიტანა. “ლოკომოტივი” კარგად იცავდა თავს, მაგარ ბრძოლაში ბურთი მეტოქის ნახევარზე შეაყოვნა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა ლევან მგელაძის “ვისოლი-ყოჩებმა”, რომელმაც “არმაზი” 29:12 დასცა. ორი მარცხის შემდეგ, გამარჯვების გემო გახსენა “ლელომ”, მან რუსთავში აუტსაიდერი “ხარები” 33:6 წამოაქცია, “ბათუმი XV”-მა კი საკუთარი კედლების უპირატესობით ვერ ისარგებლა, სატურნირი ცხრილის მეზობელ “აკადემიასთან” 14:20 დამარცხდა და შარშანდელ ფინალისტს, წელს ბრძოლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს.

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 300 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისის) 15:9 (12:6)

ლოკომოტივი: 15. კობერიძე, 14. შიოშვილი, 13. ქავთარაძე, 12. ბერძენიშვილი, 11. ჟამუტაშვილი, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. ნაცარაშვილი, 2. გენებაშვილი, 3. ელოშვილი, 4. ჩიტიძე, 5. ოზგებაშვილი, 6. ნიშნიანიძე (ბერიშვილი 69), 7. ახვლედიანი, 8. ზ. მაისურაძე.
4 ჯარიმა: კვინიხიძე
1 არეკნი: კვინიხიძე
აია: 15. ხამაშურიძე, 14. გოგლიჩიძე, 13. აშვეთია (გულავა 70), 12. სინაურიძე (გონაძე 57), 11. ჩხიკვაძე, 10. შერვაშიძე, 9. როხვაძე (გოგია 65); 1. ნარიაშვილი, 2. სულუხია (გურეშიძე 55), 3. ლომიძე, 4. ძაგნიძე, 5. იობიძე (ცირეკიძე 65), 6. რევიშვილი, 7. შალამბერიძე, 8. თხელიძე.
3 ჯარიმა: სინაურიძე (2), შერვაშიძე
სინბინი: ხამაშურიძე

თბილისი. ვაზისუბანი. “არმაზი”
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 29:12

რუსთავი. ტექნიკუმი
ხარები (რუსთავი) - ლელო (თბილისი) 6:33

ბათუმი. ანგისა
ბათუმი XV (ბათუმი) - აკადემია (თბილისი) 14:20

1.    ლოკომოტივი 5 5 0 0 119-49 10
2.    აია  6 5 0 1 165-114 10
3.    ვისოლი-ყოჩები 5 4 0 1 117-68 8
4.    ლელო 5 3 0 2 146-66 6
5.    აკადემია 5 2 0 3 60-64 4
6.    არმაზი 6 2 0 4 97-142 4
7.    ბათუმი XV 6 1 0 5 105-189 2
8.    ხარები 6 0 0 6 42-159 0

გადადებული III ტური
25 მაისი: ლოკომოტივი - ლელო, აკადემია - აია, ხარები - ვისოლი-ყოჩები; 29 მაისი: არმაზი - ბათუმი XV.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085143