ამბები

16:37 | 23.05.2010 | ნანახია 1579 - ჯერ

ფინალისთვის ხუთი იბრძოლებს

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის ალაფაზე, ჯგუფური ეტაპის დასულებამდე ერთი ტურით ადრე, ფინალში თამაშისა და თასის მოგების შანსს, ერთბაშად, 5 გუნდი ინარჩუნებს.
A ჯგუფში, 26 მაისს, იტალია და ურუგვაი ერთურთს ფინალში გასასვლელ ადგილს შეეცილება, ოღონდ, იტალიელები უკეთეს მდგომარეობაში არიან და მათ მიზნის მისაღწევად ფრეც აძლევთ ხელს. B ჯგუფში გამარჯვების 3 პრეტენდენტია. კანადა და იაპონია დასკვნით ტურში ერთურთს ეთამაშებიან  და იაპონელები, გამარჯვების შემთხვევაში, ფინალში გადიან. თუ კანადელებმა ისე მოიგეს, რომ მეტოქეს 4 და მეტი ლელო გაუტანეს და პრემიალური ქულა აიღეს, მთავარი პრიზისთვის ისინი იბრძოლებენ, კანადელთა პრემიალური ქულის გარეშე მოგებით, ან ფრის შემთხვევაში, ფინალში გასვლის შესაძლებლობა რუსეთს ექნება, რომელსაც ზიმბაბვე ჰყავს დასამარცხებელი, ოღონდ, კანადელთა უპრემიოდ მოგება, რუსებს პრემიალური ქულით გამარჯვებას აიძულებს.
რაც შეეხება მე-2 ტურს, ურუგვაიმ ფინალში გასვლის შანსი პაპუა ახალი გვინეას დიდი სხვაობით დამარცხებით შეინარჩუნა. ურუგვაი 3 ჯარიმით დაწინაურდა, მერე 3 ლელო გაიტანა და 30:0 დაწინაურდა. პაპუა ახალმა გვინეამ პირველ ტაიმს წამატებულ დროში ერთი ლელოთი უპასუხა, მე-2 ნახევრის მე-12 წუთზე კი, მეორე ლელოც გაიტანა. ამან ურუგვაელები ანერვიულა და პრემიის მომტანი მე-4 ლელო შვიდ წუთში გაიტანეს, მატჩის მიწურულს კი, მორიგი ლელოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
ამ ჯგუფის ცენტრალურ ჯახში, იტალიამ რუმინეთი 30:7 დასცა და ქულათა მაქსიმუმით გალიდერდა. მანიკიმ 2 ლელო მიითვალა, ჩილონმა კი, გარდასახვებითა და ჯარიმებით, ათ ქულას მოუყარა თავი და 29 ქულით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. პირველი ტაიმი იტალიელებმა ლელოთი და 2 ჯარიმით 10:0 მოიგეს, მე-2 ნახევარში რუმინელებმა ლელო და გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მერე 3 ლელო მიიღეს.
“ძალიან კარგად ითამაშა ჩვენმა შერკინების ხაზმა, რასაც, სამწუხაროდ, უკანახაზელებზე ვერ ვიტყვი. მიუხედავად შეცდომებისა, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ”, - თქვა ნამატჩევს იტალიელთა დამრიგებელმა ანდრეა კავინატომ.
“სამწუხაროდ, იტალიელთა დამარცხება ვერ მოვახერხეთ, არადა, ამის პოტენციალი ნამდვილად გვქონდა. დისციპლინამ დაგვაღალატა”, - განაცხადა რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრუ აჩიმმა.
B ჯგუფის ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. იაპონია ზიმბაბვესთან იოლ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ქულის გადარჩენა ძლივს მოახერხა. აზიელებს მშველელად იტო მოევლინა, რომელმაც შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ლელო გაიტანა, ონომ კი, გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ონოს საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოტანაც შეეძლო, მაგრამ 78-ე წუთზე ჯარიმა გაუცუდდა და შეხვედრა 20:20 დასრულდა, რამაც ამ ჯგუფს ბოლო ტურის წინ დამატებითი ინტრიგა შესძინა.
“ზიმბაბვე იმაზე ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. უამრავი შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმში ბიჭებს ხელით თამაში ვთხოვე და საბედნიეროდ, შეხვედრის გადარჩენა მოვახერხეთ” - განაცხადა იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იუკიო მოტოკიმ.
მასპინძელმა რუსეთმა კანადას 17:15 სძლია და ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. გუნდებმა ქულები მე-2 ტაიმში აგროვეს. პირველ ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გააფუჭეს, 44-ე წუთზე კი, კანადა ჯარიმით დაწინაურდა, რასაც რუსებმა ორ წუთში ლელოთი უპასუხეს, მაგრამ გარდასახვა გაუფუჭდათ. მალე გუნდებმა ლელო-გარდასახვა გაცვალეს, მერე ჯარიმა კანადამ გაიტანა, 23-ე წუთზე კი, ლელოთი კვლავ რუსებმა იხეირეს და უპირატესობა გაზარდეს - 17:10. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, თავისი მეორე ლელო კანადამაც გაიტანა, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
“საოცარი თამაში იყო. რუსების ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ მოვახერხეთ და სხვაობა შევამცირეთ. სამწუხაროდ, ჩვენი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა იაპონიასთან ჯახისთვის მოვემზადებით, სადაც უცილობლად გამარჯვება გვჭირდა”, - განაცხადა კანადელთა კაპიტანმა ენდრიუ კროუმ.
სტანისლავ სელსკი (რუსეთის ნაკრების კაპიტანი): “იაპონიასთან მარცხის შემდეგ, გამარჯვება ჰაერივით გვჭირდებოდა და მიზანს მონდომების ხარჯზე მივაღწიეთ. პირველი მატჩის მსგავსად, ახლაც ხშირად ვჯარიმდებოდით და ყვითელი ბარათებიც მივიღეთ. ეს იმიტომ, რომ მსაჯობა რუსეთსა და მსოფლიოში ძლიერ განსხვავებულია. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში მე-16 მოთამაშესავით გვედგა მხარში”.
ანდრეი ჩერევიკინი (რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მძიმე ბრძოლას სრულ მზადყოფნაში შევხდით. 2 ლელო იმ დროს გავიტანეთ, როდესაც მოედანზე კაცნაკლულები ვიყავით და ეს გუნდის ხასიათზე მეტყველებს. ვეცდებით, ზიმბაბვე საჭირო ანგარიშით დავამარცხოთ. რაგბის კავშირის პრეზიდენტი მიზნად პირველ ადგილს გვისახავს და მის შესრულებას ვეცდებით”.
აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი ქართველთა გარეშე არ ტარდება. რუსეთის ნაკრებში სათადარიგოთა შორისაა პავლე კვერნაძე, მაგრამ ის განვლილ ორ შეხვედრაში მოედანზე ერთხელაც არ გამოჩენილა. ტურნირზეა ქართველი მსაჯი გია ამირხანაშვილიც. ის პირველ ტურში ურუგვაისა და რუმინეთის ჯახის, მე-2 ტურში კი, იტალიისა და რუმინეთის შეხვედრის გვერდითი მსაჯი იყო.   

A ჯგუფი
ურუგვაი - პაპუა ახალი გვინეა 42:14
იტალია - რუმინეთი 30:7
 

1 იტალია 2 2 0 0 104-7 10
2 ურუგვაი 2 1 0 1 54-29 6
3 რუმინეთი 2 1 0 1 22-42 4
4 პაპუა ახალი გვინეა 2 0 0 2 14-116 0


26 მაისი: რუმინეთი - პაპუა ახალი გვინეა, იტალია - ურუგვაი.
B ჯგუფი
იაპონია - ზიმბაბვე 20:20
რუსეთი - კანადა 17:15
 

1 იაპონია 2 1 1 0 51-37 6
2 კანადა  2 1 0 1 37-23 5
3 რუსეთი  2 1 0 1 34-46 4
4 ზიმბაბვე 2 0 1 1 26-42 2


26 მაისი: რუსეთი - ზიმბაბვე, კანადა - იაპონია.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07942