ამბები

16:39 | 23.05.2010 | ნანახია 2242 - ჯერ

რუმინეთი ტუნისს დაუახლოვდა, ყაზახეთი კი ურუგვაიში მიდის

რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2011 წლის მსოფლიოს თასის რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში, უკრაინის ნაკრებს კიევში 33:3 სძლია და განმეორებითი მატჩის წინ ისეთი უპირატესობა შეიქმნა, რომლის აღმოფხვრაც უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ.
პრინციპში, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ევროპის ზონიდან აფრიკულ გუნდზე სწორედ რუმინეთი გავიდოდა, რომელიც (ობიექტურად) უკრაინაზე ძლიერია. პირველი ტაიმი “მუხის ფოთლებმა” 14:3 მოიგეს, ხოლო მე-2 ნახევარში საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. განმეორებითი მატჩი, რომელიც ფორმალური ხასიათისაა, ხუთ ივნისს რუმინეთში შედგება, რასაც რეპეშაჟის მე-2 ეტაპზე რუმინელთა და ტუნისის დაპირისპირება მოჰყვება.
აქვე გეტყვით, რომ იაპონიამ ჰონკონგის იმედები დაამხო, აზიის 5 ერის დასკვნით ტურში, მეტოქე 94:5 გაანადგურა და თასის აღებასთან ერთად, ახალი ზელანდიის საგზურიც გაინაღდა. ახლა ის A ჯგუფში ახალ ზელანდიას, საფრანგეთს, ტონგასა და კანადას შეუერთდა. მიუხედავად მარცხისა, ჰონკონგს მსოფლიოს თასისკენ მავალ გზაზე რეპეშაჟში გადართვის შანსი რჩებოდა, მაგრამ ამისათვის ყაზახეთს კორეაში პრემიალური ქულის აღება ვერ უნდა მოეხერხებინა.
ყაზახებმა სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 32:25 იმარჯვეს. რაც მთავარია, მეტოქის ოთხ ლელოს 4 ლელოთი უპასუხეს, გამარჯვების ოთხთან ერთად, ერთი პრემიალური ქულაც აიღეს, ჯამში 13 მოაგროვეს, ჰონკონგს ერთი ქულით გაუსწრეს, აზიის თასზე მე-2 ადგილი დაიკავეს და ახალი ზელანდიის საგზურისთვის რეპეშაჟში ურუგვაისთან თამაში გაინაღდეს.
შეგახსენებთ, რომ რეპეშაჟის გამარჯვებული, მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებთან ერთად B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მათ გარდა არგენტინის, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებები არიან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081409