ამბები

16:53 | 23.05.2010 | ნანახია 2039 - ჯერ

თხუთმეტიდან მეოთხედ - ევროპაში “ტულუზა” გამეფდა

“ბიარიცის” მორაგბეთა პროტესტის მიუხედავად, რომელებიც მატჩის ბოლოს მსაჯობით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, “ტულუზას” მორაგბეებმა და მათმა გულშემატკივრებმა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - “ჰეინეკენის თასის” სარეკორდო, მეოთხედ მოგება პომპეზურად აღნიშნეს.
“ჰეინეკენის თასის” XV სეზონში, ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც “ტულუზამ” ქართული ფესვებისა და ფრანგული პასპორტის მქონე დიმიტრი იაშვილის “ბიარიცი” 21:19 დაამარცხა. პრინციპში, ტულუზელებმა გამარჯვება დაიმსახურეს, რადგანაც შეხვედრის უმეტეს დროს სწორედ ისინი დომინირებდნენ და ეს საოცარი მატჩიც ლოგიკურად დასრულდა. არადა, დასაწყისი “ბიარიცს” ცუდს არაფერს უქადდა. იაშვილის 2 ზუსტი ჯარიმით ისინი 6:0 დაწინაურდნენ და შესვენებამდე უმატესი დრო სწორედ ლიდერის პოზიციაში გაატარეს.
“ტულუზამ” ფრიცის ჯარიმით მაშინ უპასუხა, როდესაც 20 წუთი უკვე გალეული იყო, მაგრამ იაშვილმა მორიგი ჯარიმით სხვაობა კვლავ ექვს ქულამდე გაზარდა. ნახევარი საათი გასული იყო, როდესაც “ტულუზა” აფეთქდა - დევიდ სკრელამ 5 წუთის ინტერვალში 2 ჯარიმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, ტაიმის მიწურულს კი, ფლორიან ფრიცმა გასაოცარი რამ ჩაიდინა, როდესაც საკუთარი ნახევრიდან არეკნი ზუსტად დაჰკრა და “ტულუზას” ტაიმი 12:9 მოაგებინა.
მე-2 ნახევარი “ბიარიცის” აქტიურობით დაიწყო, რასაც ალბასეტეს ყვითელი ბარათი და იაშვილის გამათანაბრებელი ჯარიმა მოჰყვა. ტრიბუნაზე შეკრებილმა 78 962-მა მაყურებელმა გუმანით იგრძნო, რომ წინ დიდი სანახაობა ელოდა. ხმაურმა “ტულუზა”, კერძოდ კი დევიდ სკრელა შეაფუცხუნა და მანაც 8 წუთის ინტერვალში 2 არეკნი გაიტანა, 65-ე წუთზე კი, მონაგარს ჯარიმაც შემატა და საკუთარი გუნდი 21:12 დააწინაურა. “ბიარიცს” ისღა დარჩენოდა ლელოს გატანაზე ეზრუნა და 72-ე წუთზე ჰუნტმა მიზანსაც უწია, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა, მაგრამ დარჩენილ შვიდ წუთში ორქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა და თასი “ტულუზას” გაატანა.
ამრიგად, 2005 წლის შემდეგ, “ტულუზამ” ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტული დაიბრუნა. მატჩის გმირად, ერთი შეხედვით, სკრელა უნდა დასახელდეს, რომელმაც გუნდს 15 ქულა შესძინა და რიცხობრივ ნაკლებობაში, 2 უმნიშვნელოვანესი არეკნი გაიტანა, რითაც “ტულუზა” 18:12 დააწინაურა, მაგრამ გმირის სტატუსს ამ გუნდის შერკინების ხაზი უფრო იმსახურებს, რომელმაც უდიდესი სამუშაო გაწია და მეტოქეს უმეტესი დრო საკუთარ ნახევარზე გაატარებინა. სპეციალისტები მატჩის მომენტად ფრიცის არეკნს მიიჩნევენ, რომელმაც “ტულუზას” ტაიმი მოაგებინა.

ზურა ქსოვრელი  
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083716