ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფ”-ის ფინალში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელ დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, მარსელში, “ველოდრომზე” გამართული შეხვედრა, 48 990 მაყურებლის თვალწინ 21:28 დათმო და ტიტული “კარდიფს” გადაულოცა.
ამრიგად, “კარდიფი” პირველი უელსური გუნდი გახდა, რომელმაც ევროთასი მოიგო. აქამდე, მას ერთი ფინალი ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ 1996 წლის “ჰეინეკენის თასის” გადამწყვეტ მატჩში მარცხი განიცადა, გასულ წელს კი, ნახევარფინალში დამარცხდა.
თავიდანვე გეტყვით, რომ ქართველი პირველხაზელი ტულონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა ის შესვენებისას შეცვალა. ამ დროს მისი გუნდი 13:6 იგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ამის მთავარი მიზეზი, ქუბრიაშვილის შეცვლაზე უფრო, ინგლისელი ჯონ უილკინსონის ტრავმა გახდა, რომელიც შესაცვლელი შეიქმნა და “ტულონის” პქობლემებიც აქედან დაიწყო. უილკინსონმა ერთი შეხედვით მძიმე დაზიანება მიიღო და საფიქრალი ინგლისის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც გაუჩინა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, 30-ე წუთამდე გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს - წინ უელსელები გადიოდნენ, მაგრამ უილკინსონი ათანაბრებდა. შესვენებამდე ოთხი წუთი რჩებოდა, როდესაც “კარდიფის” მორაგბეებმა მოედნის ცენტრთან ახლოს ბურთი დაკარგეს, “ტულონმა” სწრაფი შეტევა წამოიწყო და სონი უილიამსმა ორ მცველთან ჭიდილში ლელო გაიტანა, უილკინსონმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. სანამ მსაჯი შესვენებისას დასტვენდა, უელსელებმა ჯარიმის გატანა 60 მეტრიდან სცადეს, მაგრამ ბურთმა მიზნამდე ვერ მიაღწია.
დაიწყო მეორე ნახევარი და “ტულონის” პრობლემებმაც თავი იჩინა. უილკინსონის დაკარგვიდან რამდენიმე წუთი იყო გასული, როცა (50-ე წუთზე) რობერტსმა ძელებსშუა ლელო გაიტანა, ბლეირმა კი რეალიზაციით წონასწორობა აღადგინა. მანვე ჯარიმით 10 წუთის შემდეგ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა, რადგანაც 55-ე წუთზე ფრანგები მეის ჯარიმით დაწინაურდნენ. ამას უელსელთა მხრიდან გაშლილი რაგბი მოყვა და ოთხი წუთის ინტერვალში მათ ორი ლელო გაიტანეს, რომელთაგან მეორეს გარდასახვა ზუსტი აღმოჩნდა და “კარდიფი” 28:16 დაწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, “ტულონმა” ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ მეტის გასაკეთებლად მათ ძალა აღარ ეყოთ და “ჩელენ ქაფ”-ის თასი “კარდიფმა” დაისაკუთრა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია