საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, 7 შეხვედრა ჩაატარა, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, მაგრამ სამი ქულის გამო, მხოლოდ მეხუთე ადგილის დასჯერდა.
დანიის ქალაქ ოდენსეში გამართული ტურნირი ქართველებმა გახსნეს. სადებიუტო მატჩში, ზურაბ დუგლაძის შეგირდები “სკანდინავიელი ბარბაროსების” წინაშე წარდგნენ და ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ქართველმა გოგონებმა ძლიერი დაცვა ითამაშეს, მეტოქეს საპასუხო ლელო არ დაანებეს და 7:0 იმარჯვეს. მეორე შეხვედრაში ქართველები სერბებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 35:0 გაანადგურეს. მესამე თამაში მარცხიანი გამოდგა. შემდგომში ტურნირის გამარჯვებულმა უკრაინამ, ქართველ ქალებს 26:7 მოუგო, იმავე დღის ბოლო შეხვედრაში კი, პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებების ჯახი ფრედ 14:14 დასრულდა.
მეორე დღეს, ჯგუფის დასკვნით მატჩში ქართველებმა სლოვენია 31:0 გაანადგურეს, მაგრამ პოლონელებმა “სკანდინავიელ ბარბაროსებს” 22:0 აჯობეს, გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსში 57 მოაგროვეს, ქართველ გოგონებს 3 ქულით აჯობეს და თასის ფინალში გავიდნენ, საქართველოს ნაკრებმა კი მხოლოდ მე-5 ადგილისთვის გააგრძელა ბრძოლა. ფლეი-ოფში დუგლაძის შეგირდებმა მასპინძელი დანია 19:15 დასცეს, მე-5 ადგილის ფინალში კი ლიტვას 31:5 აჯობეს და შარშანდელი მიღწევა გაიმეორეს.
ამრიგად, საქართველოს 7-ქალა ნაკრები კვლავ რანგით მესამე B დივიზიონში დარჩა, მაგრამ სათამაშო ხარისხმა აშკარად მოიმატა. ახლა საქართველოს ნაკრები საფრანგეთში გადაინაცვლებს, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და იმედია, ეს გამოცდილება საგაისოდ აღსაზევებლად წაადგება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია