რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 68.09 ქულა და მე-16 ადგილი შეინარჩუნა, კლასიფიკაციის სათავეში კი კვლავაც სამხრეთული ტრიო რჩება ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის შემადგენლობით.
“ბორჯღალოსნები” მე-15 საფეხურზე მყოფ ტონგას ნაკრებს მხოლოდ 0.02 ქულით ჩამორჩებიან, კუნძულელთა უკან მოტოვების შანსი კი მომავალ თვეში მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისიდან ქართველი მორაგბეები IRB-ს მიერ ორგანიზებულ “ერთა თასში“ ჩაებმებიან და რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაგეგმილ ტურნირზე ძალებს შოტლანდიისა და იტალიის A გუნდების გარდა, ნამიბიის ნაკრებთანაც მოსინჯავენ.
გასაგებ მიზეზთა გამო, სარეიტინგო სწორედ აფრიკელებთან ჯახი იქნება, რომლის მოგების შემთხვევაშიც ტიმ ლეინის შეგირდები 0.09 ქულას (თუკი 15 ქულაზე მეტით იმარჯვეს, 0.13 ქულა) შეიმატებენ და ამჟამად, ტონგელთა კუთვნილ მე-15 ადგილს დაიკავებენ.
იმედია, “ბორჯღალოსნები” საწადელს მიაღწევენ, რის შემდეგაც მთავარი სამიზნე უკვე კანადის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელიც ჩვენს გუნდს ასევე მცირედით – 0.71 ქულით უსწრებს.
საქართველოს ნაკრებს კვალში მარადიული მეტოქე რუმინეთი ჩაუდგა, რომელმაც მსოფლიო თასისკენ მიმავალ რეპეშაჟში უკრაინელებს 33:3 სძლია და მართალია, ამისთვის მინიმალური ქულები შეიმატა, აშშ-ს გუნდის დაქვეითება მაინც მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ რუმინელებს უკრაინელებთან საშინაო მატჩიც ელით, რის შემდეგაც მომდევნო ეტაპზე ტუნისთან შერკინების უფლებას ოფიციალურად გაიფორმებენ. ევროპულ-აფრიკული ჯახის გამარჯვებული ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე ურუგვაისა და ყაზახეთს შორის უმჯობესს მიმოსვლითი სისტემით ეთამაშება.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ აზიური კვალიფიკაციის ბოლო ტურში ყაზახებმა სამხრეთ კორეის ნაკრები 32:25 დაამარცხეს და თავი 55.38 ქულას მოუყარეს, რისი წყალობითაც გუნდის არსებობის ისტორიაში საუკეთესო 25-ე პოზიციას უწიეს.
IRB-ს რეიტინგი 24 მაისისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91.68 ქულა
2 (2). სამხრეთ აფრიკა 88.60
3 (3). ავსტრალია 85.56
4 (4). საფრანგეთი 85.43
5 (5). ირლანდია 82.61
6 (6). არგენტინა 80.56
7 (7). ინგლისი 80.10
8 (8). უელსი 78.91
9 (9). შოტლანდია 76.79
10 (10). ფიჯი 75.90
11 (11). იტალია 72.97
12 (12). სამოა 72.08
13 (13). იაპონია 70.59
14 (14). კანადა 68.80
15 (15). ტონგა 68.11
16 (16). საქართველო 68.09
17 (18). რუმინეთი 67.10
18 (17). აშშ 67.05
19 (19). რუსეთი 65.45
20 (20). ურუგვაი 62.99
21 (21). პორტუგალია 61.27
22 (22). ნამიბია 58.98
23 (24). ესპანეთი 57.70
24 (23). ჩილე 56.97
25 (29). ყაზახეთი 55.38
26 (25). ბელგია 55.36
27 (30). ბრაზილია 54.56
28 (26). უკრაინა 54.35
29 (28). ტუნისი 54.20
30 (31). გერმანია 53.22
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია