ამბები

20:15 | 24.05.2010 | ნანახია 2184 - ჯერ

ჟურნალისტებმა გამარჯვება ბაჩო სვანიძეს მიუძღვნეს

22-23 მაისს დიდ დიღომში მდებარე "ვისოლის" სპორტ-კომპლექსმა ჟურნალისტებს შორის მინი-რაგბის ტურნირს უმასპინძლა, რომელსაც ორგანიზატორობა ნატოს საინფორმაციო ცენტრმა გაუწია.
ორდღიანი შეჯიბრის გამარჯვებული სპორტული ჟურნალისტებით დაკომპლექტებული "სპორტ მედია" გახდა. ფინალში "სპორტ მედიელებმა" პირველი არხი 6:2 დაამარცხეს. ორდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს მონაწილე 6 გუნდი 2 ქვეჯგუფში გადანაწილდა და ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ჩატარდა. პირველ ჯგუფში მედია პალიტრის, ტელეკომპანია "იმედის" და პირველი არხის გუნდები მოხვდნენ, მეორეში - "რუსთავი 2", ფორმულა კრეატივი და სპორტული ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული "სპორტ-მედია".
ჯგუფური ეტაპი წაუგებლად ფორმულა კრეატივმა და მედია პალიტრამ ჩაითამაშეს, მეორე ადგილებზე კი, "სპორტ-მედია" და პირველი არხი გავიდნენ და სწორედ ამ ოთხეულმა გააგრძელა მეორე დღეს ჩემპიონობისთვის ბრძოლა. "სპორტ-მედიამ" "მედია პალიტრა" 5:0 დაამარცხა, პირველმა არხმა კი ფინალის საგზური უთამაშებლად მოიპოვა, რადგან ფორმულა კრეატივმა ტრავმების სიმრავლის გამო სრული შემადგენლობის შეკრება ვერ მოახერხა.
ფინალამდე მეხუთე და მესამე ადგილისთვის შეხვედრები ჩატარდა. ჯგუფების აუტსაიდერების - "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის მატჩში რუსთაველებმა 8:2 იმარჯვეს და მოგვიანებით, ორგანიზატორებისგან სპეციალური თასი მიიღეს, წარწერით - "მთავარია მონაწილეობა". ბოლოადგილოსანს ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრისგან დამამშვიდებელი პრიზის სახით დიდი კოვზი გადაეცა.
მესამე ადგილისთვის მატჩში ფორმულა კრეატივმა რამდენიმე მოთამაშე სხვა გუნდებიდან შეიმატა, მაგრამ "მედია პალიტრასთან" 4:6 წააგო და მეოთხე ადგილს დასჯერდა.
ჩემპიონი სპორტ-მედია გახდა, თან საკმაოდ იოლად. ფინალი 6:2 დასრულდა. სპორტულმა ჟურნალისტებმა ახლახან გარდაცვლილი მეგობრის, გუნდის ყოფილი კაპიტნის, ბაჩო სვანიძის სულის პატივსაცემად შავი სამკლაურებით ითამაშეს და ჩემპიონობა მასვე მიუძღვნეს. გამარჯვებულები მთავარი პრიზის - ნატოს სიმბოლიკიანი თასის გარდა, კომპანია "ვისოლის" "აპის" საწვავის 50-ლიტრიანი ტალონებით დასაჩუქრდნენ. ასევე, კომპანია "ნატახტარის" ლუდით სავსე თასიც მიიღეს. ნატოს სიმბოლიკიანი თასი და "აპის" საწვავის ტალონები მეორე ადგილზე გასულ პირველარხელებსაც გადაეცათ.
საუკეთესო ბომბარდირები "მედიაპალიტრის" გუნდის წევრი ფრიდონ უდესიანი და "სპორტმედიას" წარმომადგენელი გიორგი არაბული გახდნენ, 7-7 დადებული ლელოთი და საქართველოს ნაკრების მაისურებით დასაჩუქრდნენ. საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი კი პირველარხელ რატი მუჯირს ერგო. მას საქართველოს ნაკრების წევრის, ლაშა მალაღურაძის ის მაისურა გადასცეს, რომელიც ტრაბზონში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს ეცვა.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ სიმბოლური მესამე ტაიმი გაიმართა, სადაც კომპანია „იოლი" და „ნატახტარი" მონაწილეებსა და სტუმრებს საკუთარი პროდუქციით გაუმასპინძლდნენ. ორგანიზატორები მონაწილეებს დაჰპირდნენ, რომ მინი-რაგბის ტურნირი ტრადიციული გახდება.

სპორტის დეპარტამენტის პრეს-სამსახური
ფოტო – თამუნა ყულუმბეგაშვილი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099881