ამბები

10:38 | 25.05.2010 | ნანახია 2184 - ჯერ

ლიდერი და ჩემპიონი ვაკეში შეიყრებიან

საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრე ოფიციალურად კი დასრულდა, მაგრამ ორგანიზატორებს ექვსი გადადებული შეხვედრა დარჩათ გასამართი და სამი მათგანის მოლევას დღეს აპირებენ. III ტური წვიმამ ჩაშალა და ქართული რაგბის გულშემატკივარმა გათამაშების უმთავრესი ინტრიგა - თბილისის “ლოკომოტივისა” და “ლელოს” დაპირისპირება ვერ იხილა, მაგრამ დანაკარგის ანაზღაურების შანსი ახლა ეძლევა.
ბოლო წლებია, ამ გუნდების თბილისური დერბი ჩემპიონატის მთავარი ინტრიგაა და მას აქტუალობა არც მიმდინარე წელს დაუკარგავს. მითუმეტეს, რომ ჩემპიონი “ლელო”, წლეულს ორჯერ დაეცა, “ლოკომოტივი” კი, ტიტულის დასაბრუნებლად ძლევამოსილ სვლას განაგრძობს და სატურნირო ცხრილის სათავეში დაუმარცხებლად იმყოფება. გასული სეზონი “ლელომ” დაუმარცხებლად განვლო და დუბლიც დამსახურებულად შეასრულა, მაგრამ წელს ორჯერ წაიჩოქა და ახლა, საკუთარი ამბიციის დამტკიცება ლიდერთან მართებს.
გასულ წელს, “ლელო” “ლოკომოტივს” ოთხჯერ ერკინა და ოთხჯერვე გამარჯვებული დარჩა. რეგულარულ პირველობაში მოპოვებულ ორ გამარჯვებას, ლელოელებმა ამ გუნდთან ფლეი ოფში გამარჯვება დაურთეს, მერე კი, საქართველოს თასის ფინალში, ლამის, წაგებული შეხვედრა შემოაბრუნეს და დუბლი შეასრულეს. წლეულს “ლელო”, ჯერ “ვისოლი-ყოჩებმა” დასცა, მერე კი “აია”-მ, ხოლო “ლოკომოტივმა”, აქამდე გამართული ყველა დაპირისპირება მოიგო. შეხვედრა “მიხეილ მესხის” ძირითად მოადენზე, 17:30 საათზე დაიწყება.
ძირითად ჯახამდე ორი საათით ადრე, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე “აკადემია” “აია”-ს დაუხვდება. ქუთაისელებმა “სტუდენტები” გასულ სეზონში ორჯერ დაამარცხეს და ახლაც თუ იგივე შეძლეს, მოვლენების სათავისოდ განვითარების შემთხვევაში, გასულ ტურში დაკარგული ლიდერობის დაბრუნება შეუძლიათ, თუ არა და, მეორე პოზიციას მაინც გაიმყარებენ, ხოლო “აკადემიას”, საფლეიოფო ოთხეულთან არჩამორჩენის შანსი ეძლევა.
ამავე დღეს, რუსთავში “ხარები” “ვისოლი-ყოჩებს” დაუხვდებიან და პირველი ქულების აღებას ეცდებიან. მათ ეს შარშან ვერცერთხელ ვერ შეძლეს და წელსაც აუტსაიდერები არიან, მაგრამ უმაღლეს ლიგაში დარჩენის სურვილი, რუსთაველებს თავდაუზოგავ ბრძოლას აიძულებს. “ვისოლი-ყოჩებს” გამარჯვება პოზიციას, მინიმუმ, გაუმყარებს, პარალელური მატჩების შედეგების გათვალისწინებით კი, მათ ლიდერად გახდომის შესაძლებლობაც ექნებათ.

 

საქართველოს მორაგბეთაXXII ჩემპიონატი
25 მაისი. სამშაბათი. III გადადებული ტური


თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი. 15:30 საათი
აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი)


თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17:30 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი)


რუსთავი. ტექნიკუმი. 17:30 საათი
ხარები (რუსთავი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი)


გადადებული მატჩები
29 მაისი:
არმაზი - ბათუმი XV; 30 მაისი: ლელო - აკადემია; 3 ივნისი: ვისოლი-ყოჩები - ლოკომოტივი.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082544