საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატის გადადებულმა შეხვედრებმა, ქუთაისის “აია”-ს პირველი წრის დასკვნით ტურში დაკარგული ლიდერობა დაუბრუნა. მათ თბილისში “აკადემია” 18:14 დასცეს და მეორე მატჩის შედეგს მოთმინებით დაელოდნენ. იქ ქვეყნის ჩემპიონმა” ლელომ” “ლოკომოტივი” 9:3 დაამარცხა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ქუთაისელები მინიმუმ 3 ივნისამდე ლიდერებად რჩებიან.
ამავე ტურის კიდევ ერთ გადადებულ მატჩს რუსთავმა უმასპინძლა. “ხარებს” წელს მოგება არ ჰქონდათ, ამიტომ, ჩემპიონობისთვის მებრძოლ “ვისოლი-ყოჩებს” ძლიერი ბრძოლა გაუმართა და მოულოდნელად 18:16 იმარჯვა. მართალია, ამ მოგებამ მათ სატურნირო ცხრილის ფსკერიდან თავის დაღწევის საშუალება არ მისცა, რადგანაც “ბათუმი XV”-ს ურთიერთშეხვედრაში მარცხის გამო ჩამორჩება, მაგრამ თბილისელებს საქმე კი გაუფუჭა და ისინი მესამე საფეხურზე დატოვა.
გაძლო და გალიდერდა
გადადებული თამაშებიდან ყველაზე ადრე თბილისის “აკადემიისა” და ქუთაისი “აია”-ს შეხვედრა დაიწყო. ეს მატჩი “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე უნდა გამართულიყო, მაგრამ საბოლოოდ ძირითად მოედანზე შედგა და ძალიან ცუდი საყურებელი გამოდგა. ტრავმებისა და ჯარიმების გამო, მსაჯს ხშირად უხდებოდა დროის გაჩერება, რაც ისედაც არცთუ მაღალ ტემპს კიდევ უფრო აგდებდა და ტრიბუნაზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმაც ძლიერ მოიწყინა.
არადა, დაძაბულობის მხრივ მათ საქმე მოსაწყენად ნამდვილად არ ჰქონდათ. დებიუტში ქუთათურებს დალაგება აკლდათ, რითაც “აკადემიამ” ისარგებლა, თბილისელებმა სტუმრებს შეცდომა არ აპატია, წასიძემ ბურთი ფეხით შეაგორა, მეტოქეს დაასწრო და ლელო მიითვალა, მაგრამ მეკოკიშვილს არეკნი გაუფუჭდა. ამას სტუმართა გააქტიურება მოყვა, მაგრამ სინაურიძეს ჯერ 25 მეტრიდან გასატანი ჯარიმა გაუცუდდა, მერე კი მისივე შესრულებული შორეული ჯარიმა ასცდა მიზანს. მე-18 წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს. მოლით მიწოლის შემდეგ, შეტევა რაქით გაგრძელდა, იქიდან გამოტანილ ბურთს კი ელიზბარაშვილმა დაჰკრა და არეკნი გაიტანა.
ქუთაისელებმა საპასუხო სამი ქულა სამ წუთში აიღო. ამჯერად კარში დარტყმა შარვაშიძემ ითავა და ჯარიმა გაიტანა, 30-ე წუთზე კი, “აკადემიამ” საკუთარი ნახევრიდან კარგი შეტევა წამოიწყო, ქოპილაშვილმა სწრაფად გაითამაშა ჯარიმა, დაახლოებით 50 მეტრი ირბინა, გარღვევას ლელო არ მოჰყვა, მაგრამ ქუთაისელებმა ის მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს და მეკოკიშვილმა გასატანი ჯარიმა გამოიყენა. “აია”-ს მორიგი უიღბლობა 32-ე წუთზე ელოდა - ამჯერად შარვაშიძის ჯარიმა ძელმა აისხლიტა. სტუმრებმა მარცხის საფრთხე იგრძნეს და ნახევარმცველი გოგია როხვაძით შეცვალეს, რამაც პირველი შედეგი შესვენებამდე ორი წუთით ადრე გამოიღო. მოლით მიწოლის შემდეგ, როხვაძემ სიჩქარეაკრეფილ სინაურაძეს გადაცემა არ დაუგვიანა და მანაც საპასუხო ლელო გაიტანა, შარვაშიძემ კი რეალიზაციით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.
მეორე ნახევარი “აკადემიამ” საშინლად ჩაატარა. გუნდი შერკინებისას ხშირად ჯარიმდებოდა, საკუთარ აუტებსაც ვერ იგებდა. თუმცა, მეორე ტაიმში ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა ჯერ მათ მიეცათ, მაგრამ არეკნი არაზუსტი აღმოჩნდა, ერთ წუთში კი შარვაშიძემ ჯარიმით ქუთაისელები დააწინაურა და თითქოს ინტრიგაც აქ დასრულდა. სტუმრებმა სალელოვე შეტევა წამოიწყეს, შარვაშიძემ ბოლო პასი წინ გააკეთა და მომენტი გააცუდა. “აკადემიამ” კიდევ არეკნის გატანის მცდელობით უპასუხა, 53-ე წუთზე კი ჩხუბი ატყდა, ასისტენტებთან თათბირის შედეგ მსაჯმა როხვაძე დაადანაშაულა და მეკოკიშვილმა 40 მეტრიდან კვლავ თბილისელები დააწინაურა - 14:13.
საბოლოო შედეგი მე-60 წუთზე დაფიქსირდა. ქუთაისელებმა ხუთი წუთი მეტოქის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს გაატარეს, “აკადემია” მეტოქის მოლებითა და რაქიდან დარტყმებით მიძალების ჯარიმების ხარჯზე აჩერებდა, ერთ-ერთ ეპიზოდში ქუთაისელებმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს და ჩხიკვაძემ მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა, შარვაშიძეს კი გარდასახვა გაუფუჭდა. მანვე მალე კიდევ ერთი ჯარიმა ვერ გამოიყენა, ბოლოს კი თბილისელებმა ძალები მოიკრიბეს, ახლა ისინი დასახლდნენ ქუთაისელთა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში, “აია” ჯარიმდებოდა, “აკადემია” ბურთს ათამაშებდა და ჯიქურ აწვებოდა. მსაჯმა “აია”-ს 10 წუთით გურეშიძე გაუზევა, მაგრამ თბილისელებმა სტუმართა ჩათვლის მოედანში შეღწევა ეგრეც ვერ მოახერხეს და “აია”-ს პირველი ადგილი დაუკანონეს. ისე, განზრახ ჯარიმების გამო, რეფერის მატჩის ბოლოს ტექნიკური ლელოს ჩათვლაც შეეძლო და თუ ქუთაისელებს საჩემპიონო ამბიცია მართლაც გააჩნიათ, საქმე ასე სათუო აღარ უნდა გაიხადონ.
“ლოკომოტივი” ისევ “ლელომ” ჩახსნა
გასულ წელს, “ლოკომოტივს” ჩემპიონის ტიტული “ლელომ” ჩამოართვა და შარშანწინდელი თასის ნახეავფინალის განმეორებითი შეხვედრიდან მოყოლებული, ლევან მაისაშვილის შეგირდებს თემურ ბენდიაშვილის გუნდი ამ ჯახამდე ზედიზედ ხუთჯერ ჰყავდა დამარცხებული. წლეულს “ლოკომოტივს” ყველა თამაში ჰქონდა მოგებული, “ლელო” კი ორჯერ დამარცხდა და ყველას აინტერესებდა, შეძლებდნენ თუ არა რკინიგზელები მათთვის უხერხულ მეტოქესთან ნავსის გატეხას. შედეგად, ტრიბუნაზე მაყურებელმა პირველ მატჩთან შედარებით მნიშვნელოვნად იმატა და “ლელოს” “ლოკომოტივთან” ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იხეირა.
თამაში სწრაფი და საინტერესო გამოდგა და გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ლელოელებმა უკეთ იბურთავეს და დამსახურებულადაც იმარჯვეს. დებიუტში კვინიხიძეს ჯარიმა გაუფუჭდა, მაგრამ მე-10 წუთზე მისი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა და “ლოკომოტივი” 3:0 დაწინაურდა. საწყისმა 15-მა წუთმა სრულად “ლელოს” ნახევარზე განვლო და მოლით მიწოლის შემდეგ მსაჯმა მირცხულავას ყვითელი ბარათი უჩვენა. ლოკომოტიველებმა ფონს გასვლა შერკინების ხარჯზე ისურვეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და კაცნაკლულმა “ლელომ” მეტოქეს იქით აიძულა დაჯარიმება. ყიასაშვილს დარტყმა გაუფუჭდა, მაგრამ ერთ წუთში კობერიძე დაჯარიმდა, თანაც, წაქცეულ კაჭარავას ზურგში ფეხი მიაყოლა და სინბინი დაიმსახურა, ყიასაშვილმა კი ამჯერად ზუსტად დაარტყა და მოედანზე მორაგბეთა რაოდენობის აღდგენასთან ერთად, ანგარიში ტაბლოზეც გათანაბრდა - 3:3.
მალე ყიასაშვილმა 45 მეტრიდან ზუსტი არეკნი დაჰკრა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი მან 32 მეტრიდან ჯარიმით იხეირა - 9:3. შესვენებამდე “ლოკომოტივმა” ხელდახელ შეუტია, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთი წინ დაუვარდათ და კარგი შეტევა უქულოდ დამთავრდა. თამაში განახლდა და ბურთმა ორივე ჩათვლის მოედანი მოინახულა - ჯერ “ლოკომოტივმა” შეუტია და შიოშვილს, რომელმაც ბურთი ფეხით შეიგორა, საკუთარ მოედანში დამიწება თოდუამ დაასწრო, მერე კი უკვე თოდუა დაიძრა საკუთარი ნახევრიდან, დასკვნით ფაზაში მანაც ფეხით ითამაშა და მასაც მეტოქემ დაასწრო.
55-ე წუთზე “ლელო” ვალდებული იყო ლელო გაეტანა. ყიასაშვილმა სისწრაფეში მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და ლელო გარდაუვალი ჩანდა. მას თავადაც შეეძლო ფლანგისკენ წასვლა და მარცხნიდან გვერდს თოდუაც უმაგრებდა, მაგრამ ცენტრისკენ გადაინაცვლა, მეტოქის მარწუხებში მოექცა და თოდუაზე გაკეთებული დაგვიანებული პასი აუტში გავიდა. ოთხ წუთში ყიასაშვილს სხვაობის გაზრდა ჯარიმით შეეძლო, მაგრამ გასატანილი დარტყმა გაუფუჭდა და “ლოკომოტივმაც” ბოლოჯერ გაიბრძოლა. სუჯაშვილმა თამაშგარიდან განზრახ ითამაშა, მეტოქის შეტევა ჩაშალა და მსაჯმაც ათი წუთით მოედნიდან მიაბრძანა. კვინიხიძემ ჯარიმა აუტში გადაიტანა, მაგრამ ლელოს გატანა ვერ მოხერხდა, მერე კი “ლოკომოტივი” ბურთის ჩახურვისთვის დაჯარიმდა და ყიასაშვილს დაძაბულობის შემცირების შანსი ერთხელაც მიეცა, თუმცა, დარტყმა ახლაც არაზუსტი გამოუვიდა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა, “ლოკომოტივმა”, რომელსაც გამარჯვებისთვის ლელო და ზუსტი გარდასახვა ჭირდებოდა, მეტოქე საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში გამოკეტა, მოკლე დარტყმებით დაახლოებით 20 ფაზიანი შეტევა აწარმოა, მაგრამ “ლელომ” გაძლო და ყველას დაანახა, რომ საჩემპიონო ამბიცია სულაც არ განელებია.
საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატი
25 მაისი. სამშაბათი. III გადადებული ტური
თბილისი. “მიხეილ მესხი” 200 მაყურებელი
აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 14:18 (11:10)
აკადემია: 1. ღამბაშიძე, 2. მეკოკიშვილი, 3. შაშიაშვილი (ჭუაძე 44), 4. ნებულიშვილი, 5. ლომიძე, 6. ნიბლაძე, 7. მაღლაკელიძე (ჩაჩუა 79), 8. გაჩეჩილაძე; 9. ქოპილაშვილი, 10. ავლოხაშვილი (ლომსაძე 44), 11. გოგილაშვილი, 12. მოლოდინაშვილი, 13. წასიძე, 14. დავითაშვილი, 15. ელიზბარაშვილი.
1 ლელო: წასიძე
1 არეკნი: ელიზბარაშვილი
2 ჯარიმა: მეკოკიშვილი,
აია: 1. ნარიაშვილი, 2. სულუხია, 3. ლომიძე, 4. იობიძე, 5. გურეშიძე, 6. დიაკონიძე (ცირეკიძე 46), 7. შალამბერიძე, 8. ძაგნიძე; 9. გოგია (როხვაძე 34), 10. შარვაშიძე, 11. ხამაშურიძე, 12. აშვეთია, 13. ჩხიკვაძე, 14. შალამბერიძე (გოშაძე 41), 15. სინაურიძე.
2 ლელო: სინაურიძე, ჩხიკვაძე
1 გარდასახვა: შარვაშიძე
2 ჯარიმა: შარვაშიძე
სინბინი: გურეშიძე
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 600 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 3:9 (3:9)
ლოკომოტივი: 1. ელოშვილი, 2. გენებაშვილი, 3. ნაცარაშვილი, 4. ჩიტიძე (ოზგებაშვილი 52), 5. გუჯარაიძე, 6. ნიშნიანიძე, 7. ახვლედიანი (ბერიძე 53), 8. ზ. მაისურაძე; 9. ღვინჯილია, 10. კვინიხიძე, 11. ჟამუტაშვილი, 12. ბერძენიშვილი (ხუციშვილი 41), 13. კობერიძე, 14. შიოშვილი, 15. კავთიძე (ქავთარაძე 56).
1 ჯარიმა: კვინიხიძე
სინბინი: კობერიძე
ლელო: 1. მირცხულავა, 2. ჭყონია, 3. სუჯაშვილი, 4. აზალაძე, 5. ჯალაღონია (ხორბალაძე 48), 6. მძინარიშვილი, 7. სარდანაშვილი, 8. კოლელიშვილი (ჭყოიძე 48); 9. კაჭარავა, 10. ხმალაძე, 11. თოდუა, 12. მანჯავიძე, 13. კორკელია, 14. ჯოგლიძე, 15. ყიასაშვილი.
2 ჯარიმა: ყიასაშვილი
1 არეკნი: ყიასაშვილი
სინბინი: მირცხულავა, სუჯაშვილი
რუსთავი. ტექნიკუმი.
ხარები (რუსთავი) - ვისოლი-ყოჩები (თბილისი) 18:16
1. აია | 7 | 6 | 0 | 1 | 183-128 | 12 |
2. ლოკომოტივი | 6 | 5 | 0 | 1 | 122-58 | 10 |
3. ვისოლი-ყოჩები | 6 | 4 | 0 | 2 | 133-86 | 8 |
4. ლელო | 6 | 4 | 0 | 2 | 155-69 | 8 |
5. არმაზი | 6 | 2 | 0 | 4 | 97-142 | 4 |
6. აკადემია | 6 | 2 | 0 | 4 | 74-82 | 4 |
7. ბათუმი XV | 6 | 1 | 0 | 5 | 105-189 | 2 |
8. ხარები | 7 | 1 | 0 | 6 | 60-175 | 2 |
შენიშვნა: თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირველესად ყურადღება ექცევა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგებს
გადადებული მატჩები
29 მაისი: არმაზი - ბათუმი XV; 30 მაისი: ლელო - აკადემია; 3 ივნისი: ვისოლი-ყოჩები - ლოკომოტივი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია