ამბები

12:42 | 27.05.2010 | ნანახია 2304 - ჯერ

იტალია და იაპონია უძლიერესებს დაუბრუნდნენ

იტალიისა და იაპონიის 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებები, 30 მაისს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო თასის “ალაფის” ფინალში ითამაშებენ, თუმცა, უკვე გარკვეულია, რომ მომავალ წელს უძლიერეს 16 გუნდს შორის მხოლოდ გამარჯვებული კი არა, ორივე ნაკრები დაბრუნდება. საქმე ისაა, რომ 2011 წლის ასაკობრივ მსოფლიო თასზე, იტალია მასპინძლის სტატუსით იქნება დაშვებული და ამიტომ, მასთან ფინალში მობურთალი იაპონია საგზურს მარცხის შემთხვევაშიც მიიღებს.
რომ არა მსაჯის მიერ იტალიელთა სასარგებლოდ დამატებულ წუთებზე ჩათვლილი ტექნიკური ლელო, შესაძლოა, ფინალში მათი ადგილი ურუგვაის დაეჭირა და ფინალსაც მეტი დატვირთვა ექნებოდა. A ჯგუფის ბოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა იტალიელთა და ურუგვაელთა შორის შედგა. ურუგვაი საწყის 17 წუთში ორი ჯარიმით დაწინაურდა, შესვენებამდე კი მათ დამრტყმელს კიდევ ორი ჯარიმა გაუფუჭდა. იტალიამ ერთი საპასუხო ჯარიმა შესვენებამდე 5 წუთით ადრე გაიტანა.  დაიწყო მეორე ნახევარი და სამხრეთამერიკელებს კიდევ 2 ჯარიმა გაუცუდდათ, 63-ე წუთზე კი უპირატესობა 6 ქულამდე მაინც გაიზარდა - 9:3. იტალიამ ჯარიმითვე 5 წუთში უპასუხა. იქვე, ურუგვაის დამრტყმელს მიზანმა მეხუთედ უმტყუნა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სამხრეთელებმა არეკნით უპირატესობა კვლავ ექვს ქულამდე გაზარდეს. ერთ წუთში ხოსე ასუეგამ მატჩში მეექვსე ჯარიმა გააფუჭა, რითაც საკუთარი გუნდს მიზნის მიღწევის იმედი საბოლოოდ გადაუწურა.
იმისათვის, რომ ურუგვაის ფინალში ეთამაშა, იტალია პრემიალური ქულის გარეშე უნდა დარჩენილიყო, ანუ სამხრეთამერიკელებს 7 ქულაზე მეტი სხვაობით ემარჯვათ, ასუეგამ კი, აცილებული ჯარიმებით გუნდს 18 ქულა დაუკარგა. 78-ე წუთზე, ჩილინომ  თავისი მესამე ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 9:12 გახადა, მსაჯის მიერ მეშვიდე დამატებულ წუთზე კი, იტალიამ ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, შერკინება ირჩია, ურუგვაიმ ის განზრახ ორჯერ ჩაშალა და ტექნიკური ლელოთი დაისაჯა, რასაც ზუსტი რეალიზაცია და საბოლოო შედეგის დაფიქსირება მოყვა - 16:12 ევროპელთა სასარგებლოდ.
“გამარჯვება ძალიან გვინდოდა, მაგრამ კონცენტრაცია ვერ მოვახერხეთ და უამრავი შეცდომა დავუშვით. ამასთან, რეფერიმ ჩვენთვის უჩვეულოდ იმსაჯა, მაგრამ მის კრიტიკას არ ვაპირებ. ურუგვაისგან ძლიერ დაცვას თავიდანვე ველოდი, მაგრამ ჩვენის მხრიდან ამდენი შეცდომა წარმოუდგენელი იყო. ბოლოსკენ ტემპს ვუმატეთ და გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ” - განაცხადა იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა კავინატომ.
“მართალია სამიდან სამი ჯარიმა გავიტანე და არც რეალიზაციიდან შევცდი, მაგრამ თავს მატჩის გმირად არ მივიჩნევ. მთელმა გუნდმა გმირულად იბრძოლა. გონს მოსასვლელად გარკვეული დრო დაგვჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც გავიმარჯვეთ და ფინალში ვითამაშებთ, მთავარი სწორედ ესაა” - თქვა იტალიელთა ნახევარმცველმა ალბერტო ჩილინომ.
“ბევრი ჯარიმა გავაფუჭე, მაგრამ გუნდი 15 კაცისგან შედგება - ერთი მორაგბე თამაშს ვერც წააგებს და ვერც მოიგებს. ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით” - თავი იმართლა ურუგვაელთა დამრტყმელმა ხესე ასუეგამ.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რუმინეთმა ტურნირის აშკარად უსუსტესი გუნდი პაპუა ახალი გვინეა 48:12 გაანადგურა და მესამე ადგილისთვის მასპინძელ რუსეთს ეთამაშება. პაპუელებმა მოინდომეს, გაშლილი რაგბი ითამაშეს და როდესაც თავიანთი მეორე ლელო გაიტანეს და გარდასახვაც გამოიყენეს 12:10 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ რუმინელებმა მაქსიმალური სიჩქარეები ჩართეს, მეტოქეს ჯამში 7 ლელო გაუტანეს, ამათგან ორი გუნდის კაპიტან პეტრუ ტამბას ანგარიშზეა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ამ მატჩზე რეფერის ერთ-ერთი ასისტენტი ქართველი მსაჯი გია ამირხანაშვილი იყო.  
“მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, ბიჭებმა მოწინააღმდეგე არ დააფასეს და ორი ლელო მივიღეთ. საბედნიეროდ, ამან გუნდი გამოაფხიზლა. ჯანის და მეტი გამოცდილების ხარჯზე, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ შედარებით ახალგაზრდა მორაგბეებს საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ, შეცდომის დაშვების ეშინიათ და ეს გუნდურ თამაშზეც აისახება” - განაცხადა ნამატჩევს რუმინელთა თავკაცმა ალექსანდრუ აჩიმმა.
B ჯგუფში, იაპონელთა სწრაფმა დასაწყისმა კანადელები შოკში ჩააგდო. მე-20 წუთისთვის აზიელებს სამი ლელო ჰქონდათ გატანილი და 15:0 იგებდნენ. ჩრდილოამერიკელები გონს მოეგნენ და ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით, მატჩის მოგების იმედი დაიბრუნეს, მაგრამ ამას იაპონელთა მხრიდან 20 უპასუხო ქულის მოპოვება მოჰყვა და ყველაფერი ცხადი გახდა. ტაკააკი ნაკაზურუმ შეხვედრაში სამი ლელო გაიტანა და საუკეთესო მელელოვეთა სიას, 4 გატანილი ლელოთი ლიდერობს. პარკერის საპასუხო ლელო მხოლოდ პრესტიჟის ხასიათს ატარებდა და საბოლოოდ, იაპონიამ 38:17 იმარჯვა.
“ჩვენი მიზანი, სწრაფი, გაშლილი რაგბის თამაში და უკანა ხაზის მოთამაშეების აქტიურად გამოყენება იყო. წინა შეხვედრებში ასე კარგად არ გვითამაშია, რადგან ძლიერ მეტოქეებთან თამაშის პრაქტიკა გვაკლია. აქ ასპარეზობამ პროგრესირების  შანსი მოგვცა და კანადასთან ნაჩვენები კარგი თამაშით, ფინალის საგზური დამსახურებულად მოვიპოვეთ” - განაცხადა იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა იუკიო მოტოკიმ.
“ჩემი თვითმიზანი სულაც არაა, რომ ერთ შეხვედრაში სამი ლელო გავიტანო, თანაგუნდელებმა უდიდესი შრომა გასწიეს და ყველა ჩემს მიერ გატანილი ლელო, უპირველესად მათი დამსახურებაა. იტალიას ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ კანადაც ძლიერი გუნდი იყო. მჯერა, ფინალში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება” - თქვა ნაკაზურუმ, რომელიც მატჩის გმირად აღიარეს.
“ულაპარაკოდ - დღეს იაპონია მოედანზე საუკეთესო იყო. პირველ ტაიმში მათ სწრაფი რაგბი ითამაშეს. მეორე ნახევარში ტემპი შედარებით დაეცა და მატჩში გარდატეხის შეტანა ვცადეთ, მაგრამ იაპონელებმა საუკეთესო დაცვა ითამაშეს” - მეტოქეს გარჯა არ დაუკარგა კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიმ მერდიმ.
რომ არა მუპასირის ჯარიმების დარტყმების უცოდინრობა, ზიმბაბვეს ამ ტურნირზე პირველი შეხვედრის მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მას სამი ჯარიმა გაუცუდდა, აქედან ბოლო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში და რუსეთმა 21:19 იმარჯვა, რითაც ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და რუმინეთთან მესამე ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. მეორე ნახევრის შუა პერიოდამდე რუსები 21:6 იგებდნენ და თავი ქუდში ეგონათ, მაგრამ აფრიკელებმა მოინდომეს, სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ... აქვე ვთქვათ, რომ რუსეთის ნაკრების რიგებში ბოლო ოთხი წუთი ითამაშა პავლე კვერნაძემ, რომელიც ამ ტურნირზე პირველად გამოჩნდა.

A ჯგუფი
რუმინეთი - პაპუა ახალი გვინეა 48:12
იტალია - ურუგვაი 16:12

1 იტალია 3 3 0 0 120-19 14
2  რუმინეთი 3 2 0 1 70-54 9
3 ურუგვაი 3 1 0 2 66-45 9
4 პაპუა ახალი გვინეა  3 0 0 3 26-164 0

B ჯგუფი
რუსეთი - ზიმბაბვე 21:19
კანადა - იაპონია 17:38
 

1 იაპონია 3 2 1 0 89-54 11
2 რუსეთი 3 2 0 1 55-65 8
3  კანადა 3 1 0 2 54-61 5
4 ზიმბაბვე 3 0 1 2 45-63 3


30 მაისი
VII ადგილისთვის

პაპუა ახალი გვინეა - ზიმბაბვე
V ადგილისთვის
ურუგვაი - კანადა
III ადგილისთვის
რუმინეთი - რუსეთი
ფინალი
იტალია - იაპონია

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084058