ამბები

9:41 | 28.05.2010 | ნანახია 2649 - ჯერ

7-კაცა ორი ლეგიონერით და ოდესით იწყება

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის 2010 წლის სერიას რიგით მეოთხე, ოდესის ეტაპით იწყებს. ქართველთა დამრიგებელმა კახა ალანიამ, მიზეზთა გამო, არჩევანი ქართველ კლუბებში მობურთალ მორაგბეებზე შეაჩერა და უკრაინაში მხოლოდ ორი ლეგიონერი იახლა.
სანამ ქართულ ამბებზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ ევროპის შვიდკაცა ყოველწლიურად ექვს ეტაპად იმართება. თითოეული ევროპული ნაკრები ორ ეტაპში იღებს მონაწილეობას და დაკავებული ადგილის მიხედვით, ჩასათვლელ ქულებს იღებს. საბოლოო ჯამში, დგება საერთო ცხრილი და 12 საუკეთესო გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე თამაშობს, რომელსაც წელს 10-11 ივლისს, რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი უმასპინძლებს.
შესარჩევ ეტაპებზე 10-10 გუნდი თამაშობს და იქ ყველა ადგილი თამაშდება. პირველ ეტაპს პოლონეთის ქალაქმა სოპოტმა უმასპინძლა და გამარჯვებული ესპანეთი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში იტალია 26:0 დაამარცხა, მესამე ადგილი კი უკრაინის მძლეველმა პოლონეთმა დაისაკუთრა. მეორე ეტაპი, გასულ უქმეებზე დანიის ქალაქ ოდენსეში შედგა და იქაც ესპანეთმა იპირველა, რომელმაც ამჯერად ფინალში საფრანგეთს 19:14 აჯობა, ხოლო მესამე საფეხური, ანდორას 31:0 განადგურების შემდეგ, ლიტვას დარჩა, ვინაც პირველ ეტაპზე მეხუთე ადგილი დაისაკუთრა. გასულ უქმეებზევე, რუმინეთის დედაქალ ბუქარესტში გათამაშდა მესამე ეტაპი და ფინალში მასპინძლებმა ჰოლანდიას 29:0 მოუგეს, ხოლო მესამე ადგილი, მოლდოვას მძლეველმა (24:7) რუსეთმა ირგუნა.
იყო დრო, ევროპის ერთ-ერთი ეტაპი თბილისში იმართებოდა, მაგრამ 2008 წლის რუსთა აგრესიის შემდეგ, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ, მონაწილეთა უსაფრთხოების მოტივით, საქართველოს რაგბის კავშირს ეს უფლება ჩამოართვა და უკან აღარ დაუბრუნა. იმისათვის, რომ გუნდმა დასკვნით ეტაპზე თამაში დაიბევოს, ორივე ეტაპის ნახევარფინალში გასვლა საკმარისია, მაგრამ აბა, გამარჯვებაზე უარს ვინ იტყვის და ყველაზე საინტერესო ბრძოლებიც, სწორედ საუკეთესო ოთხეულს შორის იმართება.
ახლა, ოდესის ეტაპს დავუბრუნდეთ, სადაც საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ბელგიის, ლატვიის, მალტისა და მოლდოვას ნაკრებებთან ითამაშებს. საქართველოსთან ერთად, ამ ჯგუფის ფავორიტად მოლდოვა ითვლება, რომელსაც 7-კაცა რაგბში ურიგო გუნდი სულაც არ ჰყავს. ტურნირს კახა ალანიას შეგირდები 29 მაისს, მალტასთან შეხვედრით ხსნიან, მერე ლატვიას ეთამაშებიან, მათთვის დღის დასკვნით მატჩს კი უშუალო კონკურენტ მოლდოვასთან გამართავენ. ჯგუფის ბოლო შეხვედრა, ქართველ მორაგბეებს მომდევნო დღეს, ბელგიასთან ელით, რის შემდეგაც, იქ დაკავებული ადგილის მიხედვით, მათი მომავალი მეტოქეები გაირკვევიან.
ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები თასისთვის აგრძელებენ ბრძოლას, მესამე-მეოთხეადგილოსნები, ჯამში, მეხუთე პოზიციისთვის იბრძვიან, ნაბოლარები კი, ერთურთს მეცხრე ადგილისთვის ერკინებიან. ოდესაში A ჯგუფში ბულგარეთის, რუმინეთის, რუსეთის, შვეიცარიისა და უკრაინის ნაკრებები მოხვდნენ და სავარაუდოდ, თასისთვის მებრძოლთა ვინაობა რუსეთის, რუმინეთისა და უკრაინის სამეულს შორის გაირკვევა.
კახა ალანია უკრაინაში ათ მორაგბესთან ერთად გაეგზავრა. ნაკრებში ყველზე მეტი წარმომადგენელი თბილისის “ვისოლი-ყოჩებს” ჰყავს, საქართველოდან გამგზავრებულთა შორის კი, მხოლოდ ერთი ლეგიონერია - საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “პერიგოს” უკანახაზელი თედო ზიბზიბაძე, რომელიც 7-კაცა ნაკრებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ უბრუნდება. გუნდს უკრაინაში შეუერთდება კიდევ ერთი ლეგიონერი, ეროვნულ ნაკრებში 10-15 ნომერზე მოთამაშე მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც ფრანგული “ფიჟაკის” ღირსების იცავს და ერთ-ერთ საუკეთესო მოშვიდკაცედ ითვლება.
მაშ ასე, საქართველოს ნაკრები ევროპას ოდესიდან შეუტევს, თავის მეორე და ევროპის დასკვნით მეექვსე ეტაპს კი, 12-13 ივნისს, კვიპროსზე ითამაშებს.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ოდესის ეტაპისთვის:
თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), გიორგი კალმახელიძე (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი),  ლექსო გუგავა (“ლელო” თბილისი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ვანო გაბროშვილი (“არმაზი”, თბილისი), გიორგი ბეგაძე (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), მამუკა ნინიძე (“ბათუმი XV”, ბათუმი), ირაკლი გეგენავა (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), სანდრო ნიჟარაძე (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), ივა დავითაშვილი (“აკადემია”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09351