ამბები

10:43 | 29.05.2010 | ნანახია 1895 - ჯერ

ჩემპიონატი ეკვატორს ორი ნაბიჯით უახლოვდება

ამ უქმეებზე, საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატის კიდევ ორი გადადებული შეხვედრა გაიმართება და პირველი წრის სატურნირო ცხრილისთვის საბოლოო სახის მისაცემად, მხოლოდ ერთი მატჩიღა დარჩება ჩასატარებელი.
შაბათს, უმაღლეს ლიგაში წლეულს დაბრუნებული "არმაზი", ვაზისუბანში, საკუთარ მოედანზე, გასული პირველობის ვერცხლისმედალოსან "ბათუმი XV"-ს დაუხვდება. ეს გუნდები წელს, უმაღლეს დონეზე ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და ამ კუთხით, მომავალ ჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. "არმაზი" უძლიერესებში ჯაბანად სულაც არ დაბრუნებულა, ოთხი წაგებული მატჩიდან, უბრძოლველად არცერთი არ დაუთმია, მასავით უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მებრძოლ "აკადემიას" და რუსთავის "ხარებს" კი წირვა გამოუყვანა. ბათუმელები წელს ძველებურად ვეღარ არიან და პირველ ტურში რუსთაველთა დამარცხების შემდეგ, მათ ზედიზედ ხუთი თამაში წააგეს. ამ წყვილს შორის გამარჯვებული გუნდი, უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსებს გაიზრდის, თუმცა, მეორე წრეში ორივე მათგანს მაინც დიდი გარჯა მოუწევს.
კვირას, ქვეყნის ჩემპიონი "ლელო" კიდევ ერთ აუტსაიდერ "აკადემიას" "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე დაუხვდება. ჩემპიონმა მიმდინარე გათამაშებაში უკვე ორი შეხვედრა დათმო და ლიდერად ჯერ ვერ დაბრუნდება, თუმცა, მოგების შემთხვევაში, დროებით მეორე საფეხურზე ავა, პირველი წრის ბოლოს კი, მესამე საფეხურზე დამკვიდრდება და მეორე წრისთვის კარგი პლაცდარმი ექნება. "აკადემიამ" წელს ორი თამაში მოიგო და ორივე სტუმრად - ჯერ რუსთავში "ხარები" დაამარცხა, მერე კი, ბათუმში "ბათუმი XV" და თუ ახლაც ივაჟკაცა, მეორე წრეში საჩემპიონო ფლეი ოფში მოხვედრის იმედი შერჩება.
გასულ სეზონში, "ლელომ" "აკადემია" პირველ მატჩში მძიმე ბრძოლაში დაამარცხა - 35:24, მეორე წრის შეხვედრა კი, ჩემპიონმა შედარებით იოლად მოიგო (32:9). მოკლედ, პირველი წრის ბოლო ცენტრალური ჯახის წინ, რომელიც 3 ივნისს გაიმართება, ცხრილის ქვედა ნაწილი საბოლოოდ დალაგდება და გარკვეული ცვლილებები ზედა ოთხეულსაც დაემუქრება.

საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატი. გადადებული მატჩები

29 მაისი. შაბათი. ვაზისუბანი. "არმაზი". 17:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი)

30 მაისი
. კვირა. თბილისი. "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანი. 18:00 საათი
ლელო (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

1. აია 7 6 0 1 183-128 12
2. ლოკომოტივი 6 5 0 1 122-58 10
3. ვისოლი-ყოჩები 6 4 0 2 133-86 8
4. ლელო  6 4 0 2 155-69 8
5. არმაზი 6 2 0 4 97-142 4
6. აკადემია 6 2 0 4 74-82 4
7. ბათუმი XV 6 1 0 5 105-189 2
8. ხარები 7 1 0 6 60-175 2



შენიშვნა: თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირველესად, ყურადღება ექცევა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს

3 ივნისი. ხუთშაბათი: ვისოლი-ყოჩები - ლოკომოტივი

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081063