ამბები

10:45 | 29.05.2010 | ნანახია 1749 - ჯერ

ზირაქაშვილის მეოთხე მიძალება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი, აგერ, უკვე მეოთხე წელია საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ TOP 14-ის "კელრმონის" ღირსებას იცავს და ეს გუნდიც, ქვეყნის შიდა პირველობაზე მეოთხე ფინალს ითამაშებს. იმედია, ამჯერად მაინც იღბალი მის წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგანაც წინა სამი ფინალიდან, "კლერმონმა" ყველა დათმო და ოქროს გემო ჯერ არ გაუგია.
ზირაქაშვილის ამ გუნდში გარჯა, უფრო სწორედ, მისი იქ თამაშის პერიოდში სამჯერ ფინალში დამარცხება, სრულ სტატისტიკასთან აბა, რა მოსატანია. "კლერმონს" ჩემპიონობამდე ათჯერ აკლდა ბოლო ნაბიჯი და ათივეჯერ ბოლო მომენტში წაიბორძიკა, რაც რბილად რომ ვთქვათ, კლუბისთვის ერთგვარი ტრაგედიაა. ახლა, კლერმონელებს ზედიზედ მეოთხე შანსი ეძლევათ და თანაც როგორი, მათი მომავალი მეტოქე, გასულ ფინალში "კლერმონის" მძლეველი "პერპინიანია" და მთელი ევროპის ყურადღებაც ამ დაპირისპირებსკენაა მიმართული.
ამ გუნდების ურთიერთშეხვედრა 1969 წლიდან იწყება და სტატისტიკური მაჩვენებლი თითქმის თანაბარია. 43 შეხვედრიდან, 22-ჯერ "პერპინიანმა" იმძლავრა, ხოლო 21-ჯერ "კლერმონმა". მიუხედავად ერთმატჩიანი ჩამორჩენისა, ქულების უპირატესობა კლერმონელთა მხარესაა - მათ 43 შეხვედრაში 769 ქულა მიითვალეს, მეტოქემ კი 699. "პერპინიანმა" ყველაზე დიდი სხვაობით 2004/2005 წლების სეზონში იმარჯვა, როდესაც საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში 16 გუნდი მონაწილეობდა, თოპ 16 ერქვა და მან 43:10 იმარჯვა, "კლერმონმა" კი, ოქროს მოცილე, ყველაზე მაგრად, ასევე თოპ 16-ში, 2001/2002 წლების სეზონში დაიბრიყვა - 45:14. გასული გათამაშების ფინალი "პერპინიანმა" 22:13 მოიგო, წლევანდელი პირველობის რეგულარულ გათამაშებაში, ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე 19:3 იმარჯვა, განმეორებით შეხვედრაში კი, მასპინძელმა "კლერმონმა" რევანში აიღო - 22:17.
ფინალი "სტად ფრანსეზე" გაიმართება და მისი 80 ათასიანი ტრიბუნები სრულად იქნება შევსებული. დავით ზირაქაშვილი 22 კაციან განაცხადშია, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში იქნება, თუ მოედანზე სათადარიგოებიდან გავა, ძნელი სათქმელია. სპეციალისტები ერთ რამეზე თანხმდებიან, ეს ბრძოლა შერკინების ხაზისა უფრო იქნება, ვიდრე უკანა ხაზის, რადგანაც ამ კომპონენტში, ორივე გუნდი ძლიერია, ქართველი ლეგიონერი კი, სწორედ შერკინების ხაზის მოთამაშეა. ნახევარფინალში, "პერპინიანმა" "ტულუზასთან" პირველი ტაიმი 9:13 დათმო, მაგრამ საბოლოოდ, 21:13 იმარჯვა. "კლერმონს" უფრო მძიმე ნახევარფინალი ჰქონდა. მას, დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" დასამარცხებლად, მთელი 100 წუთი დასჭირდა. იმ მატჩში, ტაიმი "ტულონმა" 9:6 მოიგო, მეორე ნახევრის პირვესავე წუთებიდან, მოედანზე ზირაქაშვილი გამოჩნდა და 69-ე წუთზე ლელო გაიტანა. ამ მომენტისთვის, მისი გუნდი 22:12 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ დარჩენილ 10 წუთში ანგარიშის გათანაბრება და მატჩის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა. "კლერმონი" აქ უკეთ გაისარჯა, შეხვედრა 35:29 მოიგო და "პერპინიანთან" ჯავრის საყრელად გაემზადა.
26 წლის დავით ზირაქაშვილი "კლერმონში" 2004 წელს გადავიდა და პირველსავე დღიდან გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მიმდინარე სეზონში, საფრანგეთის TOP 14-ში მან 22-ჯერ ითამაშა, აქედან 15-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე ჯამში 1284 წუთი დაჰყო და სამი ლელო გაიტანა. გარდა ამისა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ "ჰეინეკენის თასზე", მან ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მუდამ ძირითად შემადგენლობაში იყო.  
საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, მორაგბეები და მწვრთნელები, ქართველი ლეგიონერის გულშემატკივრობას ერთობლივად, "ვერე სტეიკ ჰაუზში" აპირებენ. იმედია, ზირაქაშვილი და მისი გუნდი ამჯერად ოქროს შეწვდება და უძლიერესი ქართველი პირველხაზელიც, ოქროს მედლით მკერდდამშვენებული დაბრუნდება. შეხვედრა 29 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე იწყება.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.229249