მხოლოდ პირველი წრის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნებული თბილისის “არმაზი”, ქვედა დონეზე დანარჩენ გუნდებზე ობიქტურად ძლიერია და ძნელად სავარაუდოა, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, მას უძლიერესთა რიგების დატოვება კიდევ ერთხელ მოუწიოს.
III ტურის გადადებულ შეხვედრაში, “არმაზმა” ვაზისუბანში, საკუთარ მოედანზე, გასული პირველობის ვერცხლისმედალოსან “ბათუმი XV”-ს უმასპინძლა, მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, თავად მხოლოდ ერთი მიიღო და 14:7 მოიგო, რითაც მეხუთე ადგილი გაიმყარა და ვინ იცის, ეგებ საჩემპიონო ფლეი ოფოსკენაც გაიწიოს. თავად განსაზღვრეთ, “არმაზმა” მიმდინარე ჩემპიონატის მესამე შეხვედრა მოიგო, სამივეჯერ, სატურნირო ცხრილში მის ქვევით მყოფი გუნდები დაიბრიყვა და თუ სეზონის მეორე ნახევრისთვის უკეთ მოემზადება, მერე ეგებ ლიდერთა ოთხეულსაც გადაწვდეს.
ბათუმელები, რომლებმაც გასული სეზონის შემდეგ მწვრთნელი გამოიცვალეს, მიმდინარე სეზონში ძალზედ ცუდად გამოდიან და პირველ ტურში რუსთავის “ხარების” წაქცევის შემდეგ, აგერ ზედიზედ მეექვსედ დამარცხდნენ. თბილისში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მე-7 წუთზე დამსახურებული ლელო გაიტანეს, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი ანგარიში 7:0 გახადეს. გავიდა კიდევ 7 წუთი და “არმაზმა” მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვლავ ზუსტი რეალიზაცია მოყვა და მე-14 წუთზე ტაბლოზე 14:0 დაფიქსირდა.
ამის შემდეგ, ზღვისპირელებმა საწყისი მღელვარება გადალახეს, დალაგდნენ და ტაიმის მიწურულს მეტოქეს საპასუხო ლელო იქით უძღვნეს, რეალიზაციის გამოყენებით კი, ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს თბილისელებს მორაგბე გაუსინბინეს და მათ 10 წუთი კაცნაკლული იბურთავეს, მაგრამ მეტი შეცდომა აღარ დაუშვეს. მეორე ტაიმი დაძაბული, მაგრამ უქულო აღმოჩნდა და “არმაზმაც” აქტივში ორი ქულა ჩაიწერა, ბათუმელებს კი უძლიერესთა შორის დარჩენისთვის თავდაუზოგავი შრომა მოუწევთ.
საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატი. გადადებული მატჩი
29 მაისი. შაბათი. ვაზისუბანი. “არმაზი”
არმაზი (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი) 14:7 (14:7)
1. აია | 7 | 6 | 0 | 1 | 183-128 | 12 |
2. ლოკომოტივი | 6 | 5 | 0 | 1 | 122-58 | 10 |
3. ვისოლი-ყოჩები | 6 | 4 | 0 | 2 | 133-86 | 8 |
4. ლელო | 6 | 4 | 0 | 2 | 155-69 | 8 |
5. არმაზი | 7 | 3 | 0 | 4 | 111-149 | 6 |
6. აკადემია | 6 | 2 | 0 | 4 | 74-82 | 4 |
7. ბათუმი XV | 7 | 1 | 0 | 6 | 112-203 | 2 |
8. ხარები | 7 | 1 | 0 | 6 | 60-175 | 2 |
შენიშვნა: თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირველესად ყურადღება ექცევა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგებს
გადადებული მატჩები
30 მაისი: ლელო - აკადემია; 3 ივნისი: ვისოლი-ყოჩები - ლოკომოტივი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია