ამბები

0:58 | 30.05.2010 | ნანახია 2584 - ჯერ

ზირაქაშვილმა 3 ვერცხლი ოქროზე გადაცვალა

როგორც იქნა! საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა, საფრანგეთის ელიტარულ ჩემპიონატ Top 14-ის ფინალში მეოთხედ ითამაშა და წინა სამ ჯერზე მარცხს, 2010 წელს გამარჯვება შეუნაცვლა.
მისი “კლერმონი” ამჯერადაც შარშანდელ ფინალში მაწყენარ “პერპინიანის” წინაშე წარსდგა და უდიდესი გარჯა 19:6 გამარჯვებით დაუფასდა. პირველ ტაიმში “კლერმონი” უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რაც ლელოდ, გარდასახვად და ორ ჯარიმად აქცია, შესვენებამდე სულ 2 ჯარიმა გაუშვა და ტაიმი 13:6 მოიგო.
მე-2 ნახევარში “პერპინიანი” დამრტყმელმა დააღალატა, რამდენიმე გასატანი ჯარიმა ააცილა, “კლერმონმა” კი, მონაგარს ჯარიმა და შორეული არეკნი შემატა და მეტოქეს ჩემპიონის ტიტული ღირსეულად ჩამოართვა.
საჩემპიონო შეხვედრაში ზირაქაშვილმა 29 წუთი ითამაშა. ის მოედანზე შეცვლაზე 44-ე წუთზე შევიდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და 73-ე წუთზე, იძულებული გახდა კვლავ სათადარიგოთა სკამს დაბრუნებოდა. მაგრამ ეს სულაც არ ამცირებს ქართველი ლეგიონერის ღვაწლს, რომელმაც სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, ფრანგული ოქროთი მკერდი ღირსეულად დაიმშვენა და მთავარი პრიზიც გულიანად შეათამაშა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.106382